„დასავლეთი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დაამარცხოს“ - კვირის პალიტრა

„დასავლეთი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დაამარცხოს“

პუტინის გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსული პროპაგანდა ისე ფუთავს, თითქოს ბირთვული ომით რუსეთს­ დასავლეთი აშანტაჟებს, რის საპა­სუხოდაც პუტინი ყველა საშუალებას გამოიყენებს. "ჩიხში მოქცეული და პრესტიჟდაცემული პუტინი ბირთვულ ომზე წამსვლელია, მაგრამ უკრაინაში მცირე ბომბის ჩამოგდებას მოჰყვება თუ არა ომის გაჩაღება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი. თუ რუსეთი უკრაინას დაბომბავს, დასავლეთმა შეიძლება თვითონ არაფერი მოიმოქმედოს, მაგრამ უკრაინას მისცეს ისეთი სისტემები, რომლებითაც დიდ ზიანს მიაყენებენ რუსეთს", - გვეუბნება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

- რუსეთმა უკრაინაში მწირი ძალებით დაიწყო ბრძოლა. ღია წყაროებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია­ სადღაც 150 ათასს შეადგენდა. 2000 კმ-ზე მეტ პერიმეტრზე რუსეთმა რამდენიმე მიმართულებას შეუტია, რასაც მინიმუმ მილიონიანი­ არმია სჭირდება. ეს კლასიკური­ სამხედრო ოპერაციაა და ამ ძალებით თვეების განმა­ვ­ლ­ობაში რომ ვერ იომებდა, რუსეთის გენშტაბს უნდა სცოდნოდა. ომის დასაწყისში­ მაკრონმა განაცხადა, რუსეთს მოუწევს მოემზადოს ხანგრძლივი საომარი­ მოქმედ­ებისთვისო (ეს გათვლა ნატოსაც ექნებოდა, უბრალოდ, მან გაახმოვანა). დასავლეთის გათვლები უფრო ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის. რუსებმა თავიდანვე არასწორი გზა აირჩიეს, როცა 4-მილიონიანი კიევის ალყაში მოქცევა მოინდომეს. კიევი რომ ალყაში მოაქციო, 200-300-ათასიანი დაჯგუფება მაინც გჭირდება. კოლოსალური დანაკარგი აქვთ რუსებს, იმდენი, ავღანეთში 10 წლის განმავლობაში­ რომ არ მიუღიათ. რუსეთს იმიტომაც მოუწია მობილიზაციის გამოცხადებამ, რომ თვეების განმავლო­ბაში ერთი და იგივე ჯარი ომობს და არა აქვს დასვენების, ჩანაცვლების საშუალება. თვეების წინ პუტინი აცხადებდა, მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები იბრძოლებენ და მობილიზაცია არ გამოცხადდებაო, ეს მისი მოფიქრებული არ იყო, გენშტაბმა მიაწოდა - ანუ ყველა არასწორად აფასებდა სიტუაციას და უკრაინის შესაძლებლობებს­. უკრაინელები ბევრად ამტანი მებრძოლები არიან, თანაც იბრძვიან თავიანთ მიწაზე, მათ აწვდიან შეიარაღებას, მებრძოლებს წვრთნიან ნატოს ქვეყნები, მთელი მსოფლიო გადაერთო მათ ინტენსიურ დახმარებაზე, იღებენ ტექნიკას, ფინანსებს და აღჭურვილობას, როგორც ტექნოლოგიურ, ასევე სადაზვერვო დახმარებას­... როგორც ადამიანური რესურსით, ისე შეიარაღებული ტექნიკით თუ საწყის ეტაპზე რუსეთის დაბომბვების შედეგად უკრაინამ დიდი დანაკარგი განიცადა, ძველი შეიარაღება და ტექნიკა ამოწურა, დღეს ეს შევსებულია. რუსეთი კი დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ უკრაინისგან განსხვავებით, ვეღარ ფლობს უპირატესობას შეიარაღების, ტექნიკის და ასევე ადამიანური რესურსის მხრივ.

- ნაწილობრივმა მობილიზაციამ რუსეთს შეიძლება სერიოზული წინსვლა მოუტანოს?

- სერგეი შოიგუმ კი თქვა, ეს პირველი ეტაპია და გაგრძელდებაო, თუმცა ვერ ვხედავ დღეს იმის ნიშნებს, რომ ფრონტზე რადიკალური ცვლილება მოხდეს. 300 ათასი­ კაცის გაწვევა მყისიერად ვერ მოხდება, სასწავლო ცენტრებში მათ ერთდროულად ვერ მოამზადებენ, ან სად ჰყავთ ამდენი ინსტრუქტორი? გაწვევა მოხდება ეტაპობრივად, მათ მომზადება, გაწვრთნა და აღჭურვა სჭირდებათ. ერთი თვის თავზე მაქსიმუმ 15-20 ათასი რეზერვისტის გაგზავნას თუ შეძლებენ და ის 300 ათასი თვეების განმავლობაში გაიწელება, ამასობაში ისინი დანაკარგსაც ხომ განიცდიან? წავა როტაციაც, შესაბამისად, ამ მიდგომებით ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ რუსეთმა მოიპოვოს ისეთი რიცხობრივი უპირატესობა, რომ გარდამტეხი მოქმედებები, შეტევები და სხვა დავინახოთ. უკრაინის არმია ამისთვის უკვე მომზადებულია, თუმცა მას სერიოზული ჩამორჩენა აქვს ავიაციასა და საჰაერო თავდაცვაში, რაც კლასიკურ საომარ მოქმედებებში აუცილებელია. ამის მიუხედავად, მას საკმარისი რესურსი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მობილიზაციას. რუსეთს მობილიზაცია ომის დასაწყისიდანვე უნდა დაეწყო, როცა დაინახა, რომ ჩაეფლო კიევთან, გაიჭედა აღმოსავლეთის ფრონტზე, ახლა დონეცკის მიმართულებაზე კუს ნაბიჯებით მიცოცავს, არადა, რამხელა რესურსია ჩაყრილი. მათ ყველა ნიშანი თავიდანვე უნდა შეეფასებინათ, გაეთვალისწინებინათ დასავლეთის განცხადებები, რომ უკრაინას დაეხმარებოდა, ტექნიკას მიაწვდიდნენ. პუტინს არა 7 თვის თავზე, სულ მცირე, სამი თვით ადრე უნდა გამოეცხადებინა ნაწილობრივი მობილიზაცია.

- პუტინი არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით. მისი ბოლო განცხადება ისევ შანტაჟად უნდა მივიჩნიოთ თუ არსებობს ამის რეალური საფრთხე?

- მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საშიში ვითარებაა. დღეს რუსეთი ჩიხშია, დასავლეთი კი მყარად დგას იმ პოზიციაზე,­ რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დაამარცხოს. ეს გამოიწვევს იმპერიის მსხვრევას და რამდენად მოახერხებს რუსეთი ხალხის განწყობის შენარჩუნებას თავისი პროპაგანდით, რომელიც ყველა არხზე უწყვეტ რეჟიმში მიდის, უცნობია. ფაქტია, პუტინი თავად მიდის თვითიზოლაციისკენ, ომს ვერ თუ არ აცხადებს, მაგრამ აცხადებს მობილიზაციას, მანამდე კი გაამკაცრა კანონმდებლობა, რაც მეტყველებს, რომ არა აქვს მოსა­ხლეობის მხარდაჭერის იმედი. ბირთვული­ იარაღის გამოყენება არ არის მარტო პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედროების გადასაწყვეტი, ამას თავად რუსეთის საზოგადოებამ უნდა დაუჭიროს მხარი. არის მეორე რეა­ლობა რუსეთის იმპერიის ჩამოშლის საფრთხე და თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთისთვის წარუმატებლად წავიდა, დავინახავთ რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდის გააქტიურებას. ჯერჯერობით დასავლეთს აბრალებენ, თითქოს ის ააქტიურებს ბირთვული იარაღის გამოყენების თემას. რუსეთმა რომც გამოიყენოს თუნდაც მცირე სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეჭვი მეპარება, დასავლეთმა მოსკოვი დაბომბოს, რადგან ანალოგიურად უპასუხებს რუსეთი. გააჩნია, რა მასშტაბის იქნება პირველი და საპასუხო დარტყმა­. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, რუსეთზე დასავლეთის წნეხი ისე უნდა გაძლიერდეს, რომ ბირთვული იარაღი არ გამოაყენებინოს და უკრაინაში­ სამხედრო კამპანია წააგებინოს, რასაც ცდილობს კიდეც. რუსეთის წარუმატებლობა უნდა იყოს ისეთი დონის, რომ პუტინს საერთოდ გამოეცალოს­ მხარდაჭერა და მისი ავტორიტეტი ჩამოიშალოს, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ის არც ისეთი შორსმჭვრეტელი და უძლეველია. რუსულმა პროპაგანდამ გამოცხადებული მობილიზაცია ასე შეფუთა - ჩვენ დასავლეთი­ გვეომება, მისი მიზანი რუსეთის დაშლა-განადგურებაა, ამასთან, ბირთვული იარაღითაც გვემუქრებაო. ახლა მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომის მოგება და დასავლეთის სწორი გზავნილები, რომ არავის სჭირდება რუსეთის განადგურება, რომ არა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. რუსეთი დღეს სრულ იზოლაციაშია გაეროში, კუბისა და სერბეთის გარდა, მის მხარდამჭერ განცხადებას არავინ აკეთებს, სამარცხვინო შეხვედრები აქვს ლავროვს, არავინ ხვდება და ამას იტანენ, მაგრამ უკრაინაში დამარცხება მოიტანს პუტინის უძლეველობის მითის მსხვრევას. ჩიხში მოქცეული პუტინი არის ბირთვულ ომზე წამსვლელი, მაგრამ უკრაინაში მცირე ბომბის ჩამოგდებას მოჰყვება თუ არა ომის გაჩაღება­ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი. რუსეთი უკრაინას თუ დაბომბავს, დასავლეთმა შეიძლება თვითონ არაფერი მოიმოქმედოს, მაგრამ უკრაინას მისცეს ისეთი სისტემები, რომლებითაც დიდ ზიანს მიაყენებს მოსკოვს. "ჰაიმარსებზეც" ვამბობდით, არ მისცემენო, ხომ მისცეს? დასავლეთი ამ ეტაპზე რუსეთს ყველანაირ ომს უგებს, მათ შორის საინფორმაციოს, დასავლეთში ქმნიან რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებს და სხვა.

ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ­ შესაძლოა რუსეთს განუდგეს მთელი­ მსოფლიო და სრულ იზოლაციაში მოხვდეს. თუ ნატო დაარტყამს რუსეთს, პუტინს ხელ-ფეხი ეხსნება უპასუხოს დასავლეთს, შემაკავებელი არაფერი იქნება. პირველ დარტყმას რუსეთი მოერიდება, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუჭერს მხარს ბირთვული იარა­ღის გამოყენებას. პუტინი­ უკრაინაში აგრესიას ახლა რაღაცნაირად ფუთავს და მეტწილად იღებს მხარდაჭერას, ბირთვული იარა­ღის გამოყენებისას კი ამას დაკარგავს.­ ამაზე ალბათ უკიდურეს შემთხვევაში თუ წავა. არც მარტო პუტინზეა დამოკიდებუ­ლი ბირთვული იარა­ღის გამოყენება, შეიძლება ეს ჯაჭვი, მაგალითად, გენშტაბში გაწყდეს და ვინმემ უარი განაცხადოს და ამას სამხედრო ელიტაში ცუდი პროცესები მოჰყვეს.

რამდენიც უნდა დააბრალონ დასავ­ლეთს, რუსეთი ძალით არავის შეუყვანია უკრაინაში, ასე თვითონ გადაწყვიტეს და მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს.