„დაუძინებელი მეზობელი“ და ქართული ეკონომიკა - კვირის პალიტრა

„დაუძინებელი მეზობელი“ და ქართული ეკონომიკა

უკრაინის ომში წარუმატებლობის შემდეგ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. მართალია, პირველ ეტაპზე ის ოფიციალურად ნაწილობრივია, მაგრამ მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია და ომში წასვლის შიშით ქვეყანას ბევრი ტოვებს. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა და, თუკი აქამდე მათ ფორმალურად მაინც ჰქონდათ ტურისტის სტატუსი, ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას აპირებს. იმავდროულად, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უმკაცრებს. რას ნიშნავს ეს ყოველივე საქართველოსთვის, იზრდება თუ არა საფრთხეები თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელი სფეროა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ და რა შეიძლება გაკეთდეს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ეს საკითხი რამდენი ხანია, აქტუალურია. პოლიტიკა, ეკონომიკა და უსაფრთხოება ერთმანეთშია გადახლართული და რომელიმეს ცალკე გამოყოფა ისე, რომ სხვა ასპექტებზე არ იყოს აქცენტი გადატანილი, საკმაოდ ძნელია. ჩვენი "დაუძინებელი მეზობლის" გამო იყო და რჩება გარემო სტრესულ რეჟიმში - ძნელდება ცხოვრება, ეკონომიკური საქმიანობა და მომავლისკენ უსაფრთხო ხიდებიც ინგრევა.

- ეკონომიკის რომელ დარგზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა და რაც მთავარია, სად იქნება გაუარესება და სად შეიძლება ვითარება გაუმჯობესდეს?

- როგორც წესი, გავლენა და ეფექტი, ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, პირდაპირი და ირიბია. პირდაპირია ხისტი კავშირი, კორელაცია - ანუ რაღაცის მოწოდება შეწყდა და პროდუქციას ვეღარ ვაწარმოებთ, მაგრამ ვინაიდან წარმოებული პროდუქციის გარდა, მასთან კავშირშია ბევრი სხვა პროდუქცია, ზარალი არის ამ მიმართულებითაც. მაგალითად, დავუშვათ, საქართველოში არ შემოვიდა ბენზინი. რამდენი ტონაც დაგვაკლდება იმპორტში, ეს იმპორტიორების პირდაპირი ზარალი იქნება, მაგრამ ამის გამო ხომ გაჩერდება ტრანსპორტი, არ იქნება კომუნიკაცია და რაღაც პროდუქციას ვეღარ ვაწარმოებთ.

ამიტომ რუსეთისგან მიღებული უარყოფითი ფაქტორი რომ გავზომოთ, თავდაპირველად შეფასდება პირდაპირი ზარალი და ამას დაემატება შედეგად მიღებული სხვადასხვა ზარალი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე რუსულ ფაქტორს რომ არ ემუშავა, დღეს ჩვენი ეკონომიკა საშუალოევროპულ დონეზე იქნებოდა, სადღაც ჩეხეთსა და უნგრეთს შორის. რუსეთის მტრული დამოკიდებულების გამო პირდაპირი ზარალი 2010 წლის ფასებით რომ შეგვეფასებინა დოლარის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი ზარალი გვაქვს ნანახი. ეს კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჩვენ უკან ჩამოგვეტოვებინა ბულგარეთიც, რუმინეთიც და ვიმეორებ, ჩეხეთსა და უნგრეთს შორის ვიქნებოდით. დღეის მდგომარეობით კი, ჩეხეთის დონეზე რომ ავიდეთ, იმ ტემპით, რაც 2019-2022 წელს გვქონდა და გვაქვს, 2020 წლის გამოკლებით, სულ ცოტა, 14 წელიწადი დაგვჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს განვითარება, მინიმუმ, 14 წლით და საშუალოდ, 20-22 წლით შეაფერხეს. რუსეთისგან შედარებით თავისუფალ რეჟიმში რომ ვყოფილიყავით, გაცილებით წინ ვიქნებოდით. რომ იტყვიან, რუსეთმა ერთი თაობით ამოაგდო საქართველოს განვითარება. ცხადია, ახლა წუწუნი იმაზე, რაც შეგვეძლო მიგვეღო და არ მივიღეთ, აღარ ღირს და იმაზე უნდა ვიფიქროთ, ახლა რა გავაკეთოთ. მაგრამ მთლიანობაში რომ შევხედოთ, ფაქტია, საქართველომ რუსეთის ნეოკოლონიური პოლიტიკის გამო უზარმაზარი ზარალი ნახა. უკრაინის გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება ძალიან საგულისხმო იქნება.

ekon-1664128753.jpg

- უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველომ რა ზარალი განიცადა?

- პირდაპირ ზარალზე საუბარი ცოტა ნაადრევია. მეტსაც გეტყვით - მომსახურების ხაზით ჩვენ არათუ ზარალი, არამედ მეტი სარგებელი ვნახეთ. კონკრეტულად, ის ტვირთები, რომელთაც რუსეთის გავლით უნდა ემოძრავა, საქართველოს გავლით წამოვიდა და აგვისტოს მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 10,5%-ით გაგვეზარდა, ხოლო რეექსპორტი - 114%-ით, ანუ, 2,1-ჯერ და მეტად. თანაფარდობა ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს შორის თითქმის გათანაბრდა - აგვისტოს მდგომარეობით, 55/45-ზეა, მაშინ, როცა ადგილობრივი ექსპორტის წილი 70-75% გვქონდა მთლიან ექსპორტში. ანუ, ტვირთები მოდის და ეკონომიკურად არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ მეტ დოვლათს ვაწარმოებთ მატერიალურ-ნივთობრივი თუ მომსახურების სახით. ორივე ქმნის დამატებით ღირებულებას და ეროვნული პროდუქტის ფორმულირებაში მონაწილეობს. სტრუქტურულად უფრო მეტია მომსახურების წილი. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ პირდაპირი ზარალი არ მიგვიღია. თუმცა, შეიძლება ითქვას წილობრივადაც და რუსეთის წილი ექსპორტში, შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია. შარშან საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი 22% იყო, ახლა 16%-მდეა. იმპორტში, ფაქტობრივად, უმნიშვნელო შემცირებაა. ჩვენ მსოფლიო ფასებთან შედარებით იაფ ნავთობპროდუქტებს ვიღებთ. ბოლო პერიოდში დაიწყო მარცვლეულის გაიაფებაც, რამაც საშუალება მისცა ჩვენს წისქვილკომბინატებს, გაჩერების შემდეგ ხელახლა დაეწყოთ მუშაობა. შესაბამისად, დასაქმებაც იზრდება და პურის ფასმაც 10 თეთრით დაიკლო. შესაძლოა კიდევ უფრო დაიკლოს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზარალდით, არ შეიძლება. თუმცა ის ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ასეთი აგრესიული მეზობლის გამო ემუქრება, არ მოხსნილა და ამას დიდი ყურადღება სჭირდება. ეს ნიშნავს მეტი სახსრების მობილიზებას თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რათა განვავითაროთ სოციალურ-კულტურული პროექტები - ანუ არაპირდაპირ მაინც, ჩვენს ეკონომიკას რუსული ნეგატიური ფაქტორი მაინც ამუხრუჭებს და ცხადია, ამის რიცხვებში გამოსახვაც შესაძლებელია. 2-3 პუნქტით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, ეს საფრთხე რომ არ არსებობდეს.

- საქართველოში მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა სხვა ქვეყნებიდან ფულის გადმორიცხვები, სადაც რუსეთსაც არსებითი წილი ჰქონდა. ამ მხრივ თუ არის პრობლემები მოსალოდნელი და არის თუ არა ამისთვის ხელისუფლება მზად?

- ომის დაწყებიდან რუსეთიდან გადმორიცხვები ყველაზე მაღალი იყო მაისში და შემდეგ ნელ-ნელა შემცირდა, აგვისტოში კი უფრო მეტად. ახლანდელ ვითარებაში, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ საერთო ჯამში მთლიანი გადმორიცხვების 1/3-ის დონეზეა. ფულს აქვს მულტიპლიკატორული ეფექტი - ის იწყებს მუშაობას და უზრუნველყოფს მეტ დასაქმებას და მეორადი ეფექტის სახით იწვევს ეროვნული პროდუქტის ზრდასაც. გარდა იმისა, რასაც აქამდე გზავნიდნენ, დიდი ალბათობით, დაემატება გადმორიცხვები ჩამოსულებისთვისაც და ამიტომ საფრთხესთან ერთად ის პოზიტიური მომენტიც უნდა დავინახოთ, რომ ეს ეკონომიკის ზრდაშიც დაგვეხმარება. მაგალითად, თუ ქვეყანაში ასი ათასით მეტი კაცია შემოსული, მათ დამატებით სჭირდებათ საკვები პროდუქტები, გადაადგილებისთვის საჭირო რესურსები და ასე შემდეგ... ეს ზრდის ერთობლივ მოთხოვნას და იზრდება მიწოდებაც, მეტი თანხა შევა ბიუჯეტშიც. ასე რომ, არის პოლიტიკური საფრთხე და ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ ამას დაბალანსება სჭირდება ისე, რომ არ გამოვედევნოთ ისეთ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მერე წინ დაგვხვდება საფრთხის სახით.

- არსებობს მოსაზრება, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო გაიზრდება ინფლაცია, რადგან ისედაც მიწოდების პრობლემაა. გარდა ამისა, იმასაც შიშობენ, რომ ჩამოსულები ადგილობრივებს "წაართმევენ" სამუშაო ადგილებს, რაც ისედაც პრობლემურია. ეს საფრთხეები რამდენად რეალისტურია და ეკონომიკური სარგებელი, რაზეც საუბრობდით, რამდენად გადაწონის ამას?

- ნათქვამია, წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩებაო. რა თქმა უნდა, კონკურენცია გაიზრდება. ჩვენ ყოველგვარი რუსული ფაქტორის გარეშეც გვექნება პრობლემები, თუ ვერ შევძელით საქართველოში შიდაკონკურენტულ ბრძოლაში წარმატების მიღწევა. პურის მცხობელმა თუ სხვამ კონკურენციაში უნდა აჯობოს სხვა ქვეყნიდან შემოსულ თუ ადგილობრივი შესაბამისი პროფესიის წარმომადგენელს თავისი კვალიფიკაციით, მომსახურების ღირებულებით. საბაზრო ეკონომიკამ არ იცის სენტიმენტალიზმი და გულში მჯიღის ცემის დონეზე დასული პატრიოტიზმი. ნაკლები დანახარჯით მეტი ეფექტის მიღება - ეს არის მთავარი და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამწვავებულ კონკურენციულ ბრძოლაში წარმატების მიღწევა, ამისთვის კი საჭიროა უფრო კარგი კვალიფიკაცია, უფრო მეტი მონდომება და რეალობისთვის თვალის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი იქნება, პაკისტანელი, ირანელი თუ ამერიკელი, აქაურის ადგილს დაიკავებს.ცხადია, თუ საქართველოში შემოსვლის სამართლებრივ პირობებს იცავენ ემიგრანტები.

- ინფლაციის უფრო გაზრდის საშიშროება არ არის იმის გამო, რომ შემოდის ბევრი ადამიანი და მოთხოვნას ზრდის?

- საერთოდ, ინფლაცია უკავშირდება ერთობლივი მოთხოვნის დინამიკას. ხისტი არა, მაგრამ მათ შორის გარკვეული კორელაცია არის. თუ იზრდება მოთხოვნა, ამას ბაზარი პასუხობს მიწოდებით, მიწოდების გაზრდას კი შესაძლოა მოჰყვეს ინფლაცია. ამიტომ ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს - გვინდა დავთრგუნოთ ინფლაცია, თუ უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა? ვფიქრობ, აქცენტი მაინც ეკონომიკურ ზრდაზე უნდა ავიღოთ. ისეთი ტემპის ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს, რომ ინფლაციით მიღებული უარყოფითი ეფექტი გადაფაროს. მაგალითად, თუ ინფლაცია არის 10%, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 10%-ზე მეტი. სხვათა შორის, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საშუალო ხელფასი 16%-ით გაიზარდა, ინფლაციის ტემპი კი არის 11-12%. ეს კი ნიშნავს, რომ ხელფასის ზრდამ ოფიციალურად გადაუსწრო ინფლაციის ტემპს - ანუ ერთმანეთს თუ შევადარებთ, რეალურ განზომილებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით გაიზარდა რეალური ხელფასი. ამას გარდა, სტატისტიკის სამსახური იძლევა ინფორმაციას, რომ გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც. ეს მონაცემი პრემიერმაც რამდენჯერმე გაიმეორა თავის გამოსვლებში, რომ დაახლოებით 36 ათასით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა დაქირავების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ გაგვეზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც და გაგვეზარდა ჯამში ძველად და ახალდასაქმებულთა საშუალო ანაზღაურებაც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს დაქირავებით დასაქმებულები თვეში 233 მილიონი ლარით მეტს იღებენ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს კი ფარავს ინფლაციით მიღებულ გაუფასურებას. ვინც იღებს ხელფასს, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა პრობლემად რჩება ხელფასის მიღება. ჩვენ ყოველ 100 შინამეურნეობაზე ხელფასის მიმღები გვყავს მხოლოდ 83, ანუ ყოველი ასი შინამეურნეობიდან გვრჩება 17 ისეთი შინამეურნეობიდან, სადაც ერთი დაქირავებით დასაქმებულიც კი არ არის. ამასთან, აქ შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე თვითდასაქმებულიც კი. მათთვის, რა თქმა უნდა, ინფლაცია ძალიან დიდი პრობლემაა. ასე რომ, ჩვენთვის მთავარი პრობლემა არის არა იმდენად საშუალო ანაზღაურება, რამდენადაც დასაქმების პრობლემა. 18%-იანი უმუშევრობის დონე შემცირებულია, მაგრამ მაინც ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვნახოთ, ვექტორი საით არის, უარესობისკენ თუ უკეთესობისკენ. ვფიქრობ, უფრო უკეთესობისკენ, მაგრამ სასურველია, უფრო მეტი იყოს.