რატომ ვდგავართ საათობით საცობში - კვირის პალიტრა

რატომ ვდგავართ საათობით საცობში

"ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ: ჯოჯოხეთში ამაზე მეტი ტანჯვა ნამდვილად არ იქნება, რაც "სიცოცხლით სავსე თბილისში". არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არც მეტრო, არც ტაქსი, არაფერი არაფერს აღარ ჰგავს", - ეს ერთ-ერთია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სასაყვედურო პოსტებიდან. თითქოს ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ შედეგამდე ვერ მივედით, საცობებს არაფერი ეშველა.

ვესაუბრებით საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ავტომრბოლელ მევლუდ მელაძეს:

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ტემპი ძალიან დაბალია.

პარკირების ზონებზე თავიდან თქვეს, ახლები შეემატებაო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. რაც იყო, ისიც ფასიანი გახდა. ფასიანიცაა და ფასიანიც, მანქანა რომ სადმე გააჩერო და ერთი დღით ვერ მიაკითხო, დაახლოებით 30 ლარის გადახდა მოგიწევს. ამიტომ ბევრი ერიდება პარკირების გამოყენებას. ქალაქი წალეკა მაღალმა შენობებმა, გარშემო კი პარკირების ზონებს ვერსად ნახავთ. მობინადრეებს­ სტუმრებისთვის კი არა, თავიანთთვის არა აქვთ საკმარისი პარკირების ადგილი. რაც მეტი მაღალი შენობები იქნება ქალაქის ცენტრში, მით მეტი გამტარი ქუჩებია საჭირო. ჩვენი ქუჩები, პირიქით, ვიწროვდება, რომ მანქანით სიარული შეუძლებელი გახდეს და ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდეს, თუმცა ისიც კი გამართულად ვერ მუშაობს.არადა, შესაძლებელია მოაწყო თბილისი­ ისე, რომ საცობები მინიმუმამდე დავიდეს.­ ამისთვის რამდენიმე საშუალება არსებობს. შუქნიშნები კი არ უნდა დავამატოთ, პირიქით, გამოვხშიროთ და გზები ერთმანეთს ავაცილოთ შრეებად, ანუ ერთმანეთის­ მკვეთი გზები არ უნდა იყოს. სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქებში სწორედ ასეა. მაგალითად, პარიზს თავიდან ბოლომდე ჭრის გვირაბი, რომლითაც აბსოლუტურად უშუქნიშნოდ გაივლი მთელ ქალაქს. ასევეა ბარსელონაშიც - უშუქნიშნო გამჭოლი ქუჩა გადის ცენტრზე, რომელიც ალაგ-ალაგ დაბლა ჩადის. შუქნიშნების დამატება პრობლემას არ აგვარებს, პირიქით, აუარესებს მდგომარეობას. რაც მეტი შუქნიშანი იქნება, მით მეტი საცობი იქნება. ვერ ნახავთ ვერც ერთ დედაქალაქს ევროპაში, ყოველ ნაბიჯზე პარკირებები არ იყოს: შენობაში პარკირებები, მიწისქვეშა პარკირებები, მიწისზედა პარკირებები. ძვირია, კი, მაგრამ არის. ჩვენთან მანქანის გაჩერება რომ გინდა, ტროტუარზე უნდა ახვიდე. გაჩხერილ-გამოჩხერილია მანქანები ქუჩაში. რომ გაივლი, მით უმეტეს, ვიწრო ქუჩებში, ორივე მხარეს მანქანები დგანან. ერთი ზოლიღა რჩება, თანაც ისეთი წვრილი, რომ ხანდახან ავტობუსი ვერ ეტევა და პოლიციის გამოძახება უწევთ ხოლმე. ასევე გარდაუვალად საჭიროა სართულებიანი პარკირებები გარკვეულ უბნებში, მაგალითად, სოლოლაკში, ვერაზე...

უნარშეზღუდული პირებისთვის ხომ აბსოლუტურად გაუსაძლისია. ქუჩაში იშვიათად ნახავთ ასეთ პირებს, იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ მივა ერთიდან მეორე წერტილამდე. არც ავტობუსიAა მათზე გათვლილი, მაგრამ ავტობუსამდე ხომ უნდა მივიდნენ?!

გვინდა თუ არა, ჩვენი ქვეყნის მოწყობა ისეთია, საკუთარი ავტომობილი იქნება ყოველთვის პრიორიტეტული ტრანსპორტი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაგალითად, გერმანელი და ინგლისელი, სადაც სამსახური აქვს, იქვე ქირაობს სახლს. იქ უმრავლესობა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ასეთი პრინციპია. ჩვენთან ადამიანს კი აქვს სახლი და სამსახური, მაგრამ შემოსავალი ისე მცირეა, რომ კიდევ უწევს ჩალიჩი, შემოსავალი გაზარდოს. ადამიანს ათასი საქმე აქვს და ავტობუსით გადაადგილება ხშირად შეუძლებელია. ამიტომაც ავტომობილი იყო, არის და, ალბათ, კარგა ხანს იქნება პრიორიტეტული.

ჩვენთან ადგილობრივ სპეციალისტებს­ ნაკლებად რთავენ საქმეში. უცხოელები გეგმავენ თბილისს. არადა, მათთვის სულერთია, გაამართლებს თუ არა მათი დაგეგმარება. ადგილობრივი სპეციალისტის ჩართვა უფრო მომგებიანია ფინანსურადაც და იმით, რომ აქაურია, ხუთი თითივით იცნობს ქალაქს.

ჯერ კიდევ არის შანსი გამოსავლის გამონახვის. სპეციალისტი კი არა, ნებისმიერი ტაქსის მძღოლი გეტყვით, კონკრეტულ კვანძს რა უშველის. ნებისმიერი საპატრულო ეკიპაჟის პოლიციელს რომ ჰკითხოთ, რომელიც ავტომობილების ნაკადს აქეთ-იქით ატარებს, ისიც კი გეტყვით, კონკრეტულ კვანძს რა განტვირთავს.

- ბრძანეთ, ერთი უშუქნიშნო გვირაბი გადის მთელ პარიზზეო. მავანი გეტყვით, ამხელა გვირაბის გასაყვანი ფული რომ გვქონდეს, ჩვენც ვიცით, როგორ ვუშველიდით ქალაქსო.

- არ არის გვირაბი საჭირო. ვიმეორებ - შუქნიშნები უნდა გამოიხშიროს. ისე უნდა იყოს გამართული, რომ ერთხელ რომ დგახარ და მწვანე აინთება, მის შემდეგ რამდენიმე მწვანეს უნდა გადიოდე. ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე აქცენტი რომ არის, იმიტომაც დგამენ შუქნიშნებს, ძალიან მარტივი კონსტრუქციაა - გვირაბი არ გაკეთდეს, მაგრამ მანქანა აიწიოს მაღლა.

წარმოიდგინეთ პატარა ბორცვივით, დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის, რომლის ქვეშაც გზის გადასაკვეთად გადიან ადამიანები, უნარშეზღუდული პირები, ველო­სიპედით მოსარგებლენი... მანქანისთვის 2 მეტრის სიმაღლეზე ასვლა არაფერია. წარმოიდგინეთ, რომ სწორ სანაპიროზე დავდოთ...

- ანუ ზებრის მაგივრად იქნება პატარა ბორცვივით?

- კი ბატონო. მანქანა ოდნავ ამაღლებულ გორაკზე გაივლის. რატომ ჩავარჭოთ შუქნიშანი, რატომ გავაჩეროთ კიდევ ერთხელ შუქნიშანზე, ასე გამონაბოლქვიც მეტია და საცობსაც მეტს ქმნის. ყველამ ვიცით, რომ გმირთა მოედანზე სულ არის საცობი. როცა დიღმისკენ გადასასვლელი ესტაკადა ყოველთვის ცარიელია. ეს იმიტომ ხდება, რომ მოედანზე ერთმანეთთან მანქანების კვეთა ხდება. იპოდრომთან სულ საცობი იყო, უშველა თუ არა ესტაკადამ?

- კი, აშკარად.

- ეს ერთადერთი ესტაკადა გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუ მკვეთი გზები ერთმანეთს არ ასცდა, ანუ ერთმა ქვეშ და ერთმა ზემოთ არ გადაიარა და შუქნიშნით შევეცდებით დარეგულირებას, შანსი არაა - ერთით მეტი შუქნიშანი საცობის ერთით მეტჯერ მაპროვოცირებელია.

მერიის მიერ დაანონსებული რეფორმები

თბილისის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოთი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ორ უმნიშვნელოვანეს - მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის პროსპექტებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაო. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქში დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც, მათ შორის, წერეთლის და ვაჟა-ფშაველას პროსპექტების განახლება. "ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფრის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე. ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გადათხრა მოგვიხდეს დაზიანებული მილის გამო, ისევ სამუშაოების წარმოებამ მოგვიწიოს სხვადასხვა პრობლემის გამო. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ თქვენთან ერთად", - ამბობს კახა კალაძე.

ეკა სალაღაია