„ხალხს ეუბნებიან, ვისაც არ მოსწონს, რუსეთიდან წავიდეს, მოსახლეობის პატრიოტი ნაწილი დარჩებაო“ - კვირის პალიტრა

„ხალხს ეუბნებიან, ვისაც არ მოსწონს, რუსეთიდან წავიდეს, მოსახლეობის პატრიოტი ნაწილი დარჩებაო“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქვეყანაში "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია" გამოაცხადა. მისი თქმით, "სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი ხალხის და უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადებას რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია და შესაბამისი გამოცდილება აქვს. ამასთან, სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე სავალდებულო სამხედრო მომზადებას გაივლიან".ამის პარალელურად ერთბაშად იმატა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში წასვლის მსურველთა რიგებმა. ერთბაშად გაიყიდა ავიაბილეთები. ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია - შეზღუდვა სამხედრო უწყების მიღების შემდეგ ამოქმედდება. არც რუსეთის რკინიგზაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბილეთების შეძენა სამხედრო ასაკის მამაკაცებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატიდან ცნობის წარდგენის საფუძველზე შეუძლიათ, თუმცა აცხადებენ, რომ "მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა". რუსეთში მცხოვრები ქართველის, ირინა­ ბერიძის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის დიდი ქალაქები თითქოს ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას, მაგრამ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით პუტინის განცხადების მერე, პანიკა და უკმაყოფილება თვალში საცემი გახდა.

- ნაწილი იმედგაცრუებულია, რომ ამდენი ხანი დასჭირდა უკრაინის დენაციფიკაციას. არიან ისეთებიც, ვისაც უკრაინასთან ომი კი არა, ყველანაირი დაპირისპირება უაზრობად მიაჩნიათ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. პუტინის განცხადების შემდეგ რუსებს შიში გაუჩნდათ, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, ამერიკასთან, ბრძოლის რესურსი აღარ დარჩათ.შესაძლოა აქციები დაიწყოს, მაგრამ საერთო განწყობის გათვალისწინებით მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს. ხალხს ეფ-ეს-ბეს, პატიმრობის ძალიან ეშინია. აქ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და მოქალაქეებს ისე ასამართლებენ, ის განაჩენი გამოაქვთ, რაც თავად სურთ. რამდენიმე ხნის წინ არარუსი მედპერსონალი დაიბარეს და გამოჰკითხეს, რას ფიქრობდნენ უკრაინის საკითხზე. ჩამოაწერინეს, ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრები ახლობლების გვარ-სახელები და მათი პოზიციითაც დაინტერესდნენ.შეიძლება ბევრისთვის მიუღებელია ეს რეჟიმი, მაგრამ ასეთ ტოტალურ კონტროლში ძნელია ისეთი საკითხის გაპროტესტება,­ რის გამოც შეიძლება სახელმწიფოს ღალატის მუხლით გაგასამართლონ. თუმცა ბოლო ხანებია ისმის კითხვა, თუ აქამდე ეს სპეცოპერაცია იყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, როგორც ამას პუტინი-შოიუგუ-პესკოვი აცხადებდნენ, მაშ, რატომ დასჭირდათ ნაწილობრივი მობილიზაცია, ომი დაიწყოო?.. მოსახლეობის ნაწილს, რაც უნდა მისაღები იყოს მათთვის პუტინი, ომის ეშინია, რადგან მიაჩნიათ, რომ ამას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს, პირველ რიგში, შიდა არეულობა, პრობლემური რესპუბლიკების აჯანყება. ჩრდილოეთ კავკასიას ისედაც დენთის კასრს უწოდებენ და სიამაყით ამბობენ, რუსეთის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწი­ფოს არა აქვს ასეთი სირთულის რეგიონის საკითხი ასე კარგად მოგვარებულიო. არაერთხელ უთქვამთ, იმ რეგიონებში მხოლოდ მესამედია რუსეთის წინააღმდეგი, დანარჩენი ჩვენ გვიჭერს მხარს. რუსეთი მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მართავსო. რეფერენდუმის ჩატარებას ელოდებიან, იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ უკრაინის ის ტერიტორიები უკვე "კანონიერად" გახდება მათი. ოპოზიციური არხები უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს, სოციალური ქსელები აკრძალეს (თუმცა შემოვლითი საშუალებებით მაინც შედიან), ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ კრემლის პროპაგანდას უსმენს.

omi2-1664107919.jpg

- და მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია ქვეყნის დასაცავად სწორი გადაწყვეტილებაა?

- უმეტესობა დარწმუნებულია, რომ 24 თებერვალს პუტინს "უკრაინაში სპეც­ოპერაცია" რომ არ დაეწყო, ახლა ნატოს ძალები რუსეთში იქნებოდნენ და ბევრად უარესი რეალობა იქნებოდა. ის, რაც ახლა უკრაინის რამდენიმე ქალაქში ტრიალებს, თურმე თავად ადგილობრივმა შეიარაღებულმა ძალებმა და ნატოს ქვეყნების სამხედრო ტექნიკამ ჩაიდინა. როდესაც ნატოსხელა მონსტრს ებრძვი, მცირედი მსხვერპლი გარდაუვალიაო. აქამდე მთელი დარტყმა, ადამიანურ დანაკარგს ვგულისხმობ, ჩრდილოეთ კავკასიამ მიიღო. ბოლო ხანებში პატიმრების მობილიზაციაც დაიწყეს, მაგრამ ციხეში უმძიმესი სამედიცინო ვითარების გამო მათი მესამედი უვარგისი გამოდგა. სამედიცინო პერსონალმა მათ უკვე მოუფიქრა სახელი: "ერთ­ჯერადი სამხედრო დანაყოფი ერთჯერადი კუბოებისთვის". თითქმის ყველა მათგანს სისხლის ინფექციური დაავადება აქვს, არაფერს ვამბობ ჩ-ჰეპატიტზე, დაავადებულ ფილტვებზე, ფსიქიკურ პრობლემებზე...დაღუპვის შემთხვევაში ფრონტის ხაზზე გაგზავნილ პატიმარს სამხედრო პატივით დაკრძალვას, სახელის რეაბილიტაციას, გმირის წოდების მინიჭებას (სიკვდილის შემდეგ), მათ ოჯახებს კი ერთჯერად ფულად დახმარებას შეჰპირდნენ. პირველი ეტაპი წავიდა, რადგან ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ და უვადო ან 15-20-წლიან პატიმრობას­ ფრონტზე წასვლა არჩიეს, თანაც ეგონათ, ომი რამდენიმე თვეში დასრულდებოდა და თავისუფლად ცხოვრებას გააგრძელებდნენ. ვიღაცებს, ალბათ, დასაქმების იმედიც ჰქონდათ. მალე გაირკვა, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, დანაკარგი ძალიან დიდია და ახლა აღარც პატიმრები მიდიან ომში ადრინდელი ხალისით. მათთან ცალკე პროპაგანდისტები მუშაობენ...

ჩემი ოჯახის წევრები მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ. მეც ლაბორატორიაში­ ვმუშაობ, პაციენტებთან არ მიწევს კონტაქტი, მაგრამ საერთო განწყობას მაინც ვხედავ. დიდი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, ამერიკის და დასავლეთის ბრალია. ისინი ხედავდნენ, რომ რუსეთი თავისი სიმდიდრის, ბუნებრივი რესურსების გამო მსოფლიოში პირველ­ სახ­ელ­მწიფოდ ყალიბდებოდა და ამის დაშვება არ უნდათ, რადგან მისი ეშინიათო. მათ რომ უსმინო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც ამერიკის დამსახურება იყო, თორემ რუსეთი სულაც არ აპირებდა პატარა მეზობლისთვის რამის დაშავებას. ბუშმა და კონდოლიზა რაისმა უბიძგეს, რადგან ეგონათ, საქართველოს დასავლეთი მხარში დაუდგებოდა და რუსეთის დასუსტება, მისი იზოლაცია დაიწყებოდა, მაგრამ ევროპამ ზურგი აქცია, პატარა საქართველოს გამო დიდი რუსეთი არ მოიმდურაო. 2014 წელს უკრაინაც აიყოლიეს და ომი დაიწყოო. ეს არის მათი დოქტრინა, რომელიც გონებაში აქვთ ჩაბეჭდილი, და მათთან კამათს თუ დაიწყებ, თავად დარჩები შეურაცხყოფილი. 23 წელია რუსეთში ვცხოვრობ და ვიცი მათი შეხედულებები - რუსეთი ყველას ეხმარება, მაგრამ მას არავინ, პირიქით, ვინც იშვილა, ყველა მტრად გაუხდაო.

omi3-1664107919.jpg

უფროსი თაობა ფაქტობრივად, ხელისუფლების საყრდენია. ერთმა მოხუცმა, რომელიც საბჭოთა კავშირის წლებში საქართველოს ერთ-ერთ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა, მიამბო, თუ როგორი დახვდა თბილისი პირველ წლებში და როგორ შეიცვალა შემდეგ უკეთესობისკენ: ინფრასტრუქტურა განვითარდა, შენობები და გზები აიგო. თქვენი გაქრობა რომ გვნდომოდა, ამას არ გავაკეთებდითო. როდესაც რუსიფიკაციაზე ვკითხე, მიპასუხა, მაშინ რუსულ ენას საერთაშორისო, საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა და მისი ცოდნა ყველასთვის სავალდებულო იყოო. თავად საბჭოთა კავშირის მოტრფიალეა, მაგრამ მისი სამივე შვილიშვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს.

არიან ისეთებიც, ვინც ბინებს სახელმწიფოს უტოვებს, მაშინ, როცა მათი შვილები და შვილიშვილები ერთ ან ოროთახიანებში ცხოვრობენ. მარტოხელა მოხუცების დიდ ნაწილს მდგმურები ჰყავდა და მათგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდნენ, პენსიას კი "პრეზიდენტის ფონდში" რიცხავდნენ. თუმცა ბოლო დროს ბინის დამქირავებლები შემცირდა. მაღაზიებიდან გაქრა დასავლური, ამერიკული წარმოების საქონელი. გაქრა პოპულარული გაზიანი სასმელებიც. გაბრაზებული არიან, მაგრამ თავიანთ ხელისუფლებაზე არა, მხოლოდ "აგრესიულ ამერიკასა და დასავლეთზე". იმდენად პრიმიტიულ პროპაგანდას იჯერებენ, რომ გაოგნებული ვარ. ამიტომ არა მაქვს დიდი იმედი, რომ პუტინის პოლიტიკას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყება და პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალი იქნება.

- პუტინის ბოლო განცხადების შემდეგ ხალხი ქუჩაში ხომ გამოვიდა?

- ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ნაწილს მიაჩნია, რომ პუტინი აიძულეს, რომ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქმედებების საპასუხო ნაბიჯია და ასეც უნდა იყოს. "დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", "იმ ტერიტორიებს და იქ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დაცვა სჭირდებათ", "რუსეთი განსაცდელში არავის ტოვებს. "აბა, ამხელა არმია რად გვინდა?" - ასეთ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ.

ასე რომ, პროტესტი დაიწყო, ადამიანები ქუჩაში გამოდიან პლაკატებით და ეს რუსეთში გმირობის ტოლფასია, მაგრამ არა მგონია, აქციები იმ მასშტაბის იყოს, რომ ცვლილებები მოჰყვეს. რაც შეეხება ხალხის გადინებას, ამაზეც აქვთ პასუხი: ვისაც არ მოსწონს, წავიდეს, მოსახლეობის ჯანსაღი და პატრიოტი ნაწილი დარჩება და უკეთეს ქვეყანას ააშენებსო. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც წასასვლელი არა აქვს და ხვალინდელ დღეს შიშით ელოდება.