"რუსეთი თვითონ შეეცდება ხალხის გასვლა შეზღუდოს ქვეყნიდან, მას თვითონვე სჭირდება საზარბაზნე ხორცი“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი თვითონ შეეცდება ხალხის გასვლა შეზღუდოს ქვეყნიდან, მას თვითონვე სჭირდება საზარბაზნე ხორცი“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთიდან დიდი ემიგრაციული ტალღა დაიძრა. საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის სავიზო რეჟიმის შემოღებას ან საზღვრის ჩაკეტვას.

"ახლა საზღვრის ჩაკეტვას აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ პუტინის რეჟიმის თანამზრახველი და მისი მხარდამჭერი გამო­ვალთ ამ ხალხის მობილიზებაში საიმისოდ, რომ უკრაინას უფრო დიდი ძალით შეუტიოს... ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო მაშინ, როცა რუსეთიდან ფულის დაკარგვით შეშინებული ე.წ. ტურისტები ჩამოდიოდნენ და ჩვენთან აქტივების ყიდვას ცდილობდნენ. პუტინს თვითონ არ ენდომება, რომ საზარბაზნე ხორცი გავიდეს ქვეყნიდან. ვფიქრობ, ეს რუსეთში უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს, ვიდრე გაზრდის საქართველოს უსაფრთხოების რისკებს. რუსეთი დაშლილიც გაცილებით მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ვიდრე დღევანდელი უნიტარული, რომელიც რაღაც­ დონით შეიძლება შეაკავონ სუპერძალებმა, მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა", - ამბობს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

- პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთიდან მოსახლეობის გადინება უკვე დაწყებულია. შეიცავს თუ არა ეს ჩვენთვის დამატებით რისკებს?

- მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი თვითონ შეეცდება ხალხის გასვლა შეზღუდოს ქვეყნიდან, მას თვითონვე­ სჭირდება საზარბაზნე ხორცი. მეტიც, რუსული კანონი პირდაპირ ამბობს,­ რომ მობილიზაციის დროს კომისარიატის­ თანხმობის გარეშე სამხედრო ვალდებულ მამაკაცს არა აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება­. ვფიქრობ, ეს რუსეთში უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს. საქართველოს უსაფრთ­ხოების რისკებზე პირველი ნაკადისას უსაფრთხოების სექტორის სპეციალისტებმა თავისი აზრი უკვე გამოთქვეს და ამაზე სახელმწიფოს თავისთვის მისაღები რეაგი­რება ჰქონდა. როგორი იქნება შედეგი, რამდენად სწორი იყო სახელმწიფოს რეაგირება, დავარქვათ ამას უმოქმედობა, მომავალში ვნახავთ. დღეს რაიმე ტიპის შეზღუდვის აზრს ვერ ვხედავ - ამით რუსული სახელმწიფოს მოკავშირეები გავხდებით. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული­, რამდენად სერიოზულად არის პუტინი განწყობილი, რომ მობილიზაცია არა მარტო გამოაცხადოს, არამედ შეასრულოს კიდეც. რუსეთში პროტესტი, თუმცა არც ისე ძლიერი, უკვე იყო. ამიტომაც ვამბობ, საკითხავია, შეასრულებს პუტინი იმას, რაც გამოაცხადა.

- ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ სავიზო რეჟიმის აღდგენა არ არის აუცილებელი, რადგან რუსეთი თვითონ ჩაკეტავს საზღვრებს?

- მეც მეჩვენება, რომ ახლა საზღვრების ჩაკეტვას აზრი არა აქვს იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმის თანამზრახველი და მისი მხარდამჭერი გამოვალთ ამ ხალხის მობილიზებაში საიმისოდ, რომ უკრაინას უფრო დიდი ძალით შეუტიოს. ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო მაშინ, როცა რუსეთიდან ფულის დაკარგვით შეშინებული ე.წ. ტურისტები ჩამოდიოდნენ და ჩვენთან აქტივების ყიდვას ცდილობდნენ. საფრთხე მაშინ იყო, დღეს საფრთხის ხარისხი დიდად არ გაზრდილა. პირიქით, პუტინი და კრემლი შეეცდებიან საზღვრები ჩაკეტონ - უამისოდ დაკარგავენ სამობილიზაციო ბაზას და ცხადია, ამას არ დაუშვებენ. პუტინს თვითონ არ ენდომება, რომ საზარბაზნე ხორცი გავიდეს ქვეყნიდან. ვფიქრობ, ეს რუსეთში უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს, ვიდრე გაზრდის საქართველოს უსაფრთხოების რისკებს. რაც უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება მოსკოვში, საქართველოსთვის უმჯობესია. თუმცა რუსეთი დაშლილიც გაცილებით მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ვიდრე დღევანდელი უნიტარული, რომელიც რაღაც დონით შეიძლება შეაკავონ სუპერძალებმა, მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა. წუთით წარმოვიდგინოთ, რა გარემოცვას ტოვებს საქართველოსთვის დაშლილი და ქაოსური რუსეთი და რითი ვხვდებით ამას? ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვლება და სამყაროც ისეთივე ვეღარასდროს იქნება, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო. უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობის ფანჯარა,­ რომელიც გაიხსნება საძულველი რეჟიმის ჩამოშლით და ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის დიდი რისკების შემცველი.

- "უსმენენ ყველას", - ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელმაც "ფეისბუკზე" დაწერა: "უკანონო ფარული მოსმენების სისტემაში 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. თითოეულს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდრ­ოულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა". რამდენად შესაძლებელია ყველას მოსმენა და რატომ უნდა გვისმენდნენ?

- მოსმენებზე უსაფრთხოების სამსახურის რესურსი საიდუმლო მონაცემია, ამიტომ ხელთ არა მაქვს. არც ის არის ცნობილი, დაახლოებით, რა მასშტაბი აქვს მოსმენას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ კრებსებშიც და გოგაშვილის ინფორმაციაშიც დასახელებულმა პირებმა ამგვარი საუბრები დაადასტურეს, მათ შორის იყო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც. შემაშფოთებელია, რომ ამაზე გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. როცა გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ათასობით ობიექტს უსმენდა და შემდგომ არალეგიტიმურად მიჰქონდა ვინმესთან მოსმენის შედეგები, ეს უკვე განგაშის საგანია. რეალურია თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან მოსმენები და მიყურადება უსაფრთხოების სამსახურების ყველაზე დახურული სფეროა, ამაზე სპეკულაციები წარმოუდგენელია. იმაზე, რომ ეს შეიძლება რეალური იყოს, მიანიშნებს­ ის, რომ რამდენიმე პირმა დაადასტურა, ესა თუ ის საუბარი ნამდვილად შედგაო. ამიტომ მნიშვნელოვანია აღქმა, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. ჩვენთან ეს აღქმა არ არსებობს, ამიტომ ეს ძირს უთხრის ჩვენი სპეცსამსახურის ნდობას.

russ2-1664108375.jpg

- თუ არის შესაძლებელი გარკვევა,­ ისმინება თუ არა ჩვენი ტელეფონი? ან რეალურია გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ "სიგნალი" და "ვოთსაპი" მეტად დაცულია?

- ადამიანური ხერხებით წარმოუდგენელია გარკვევა, გვისმენენ თუ არა. 60-70-იან წლებში ქალაქის ტელეფონზე­ კიდევ შესაძლებელი იყო ამის განსაზღვრა - გაორებული ხმა ისმოდა, ორი აბონენტი ისმინებოდა და წინაღობა ხდებოდა. დღევანდელ ტექნიკაზე წარმოუდგენელია საყოფაცხოვრებო მეთოდებით ამის გარკვევა. "სიგნალი" დაცულია, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს დაცულობა. სიგნალი და "ვოთსაპიც" იყენებს კრიპტაციის, დაშიფვრის მეთოდს - ანუ ჩემგან თქვენამდე მომავალი სიგნალი, ხმოვანი იქნება თუ ტექსტური, დაშიფრულია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოსმენა შეუძლებელია. თუ ტელეფონში ჩაყენებული იქნება ვირუსი, ის უკვე გაშიფრულ კომუნიკაციას გადასცემს მესამე პირს.

- ტოტალური კონტროლის დაკანონებად იქნა მიჩნეული "ოცნების" დაინიცირებული და პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იზრდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადები (კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე, მოსმენების განუსაზღვრელი დროით გაგრძელება). მაშინ ხელისუფლება ჰიბრიდულ საფრთხეებზე აპელირებდა,­ ოპონენტები კი თვლიდნენ, რომ კანონი პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს აუარე­სებს. კიდევ რა ხარვეზები ახასიათებს ამ კანონმდებლობას?

- ამ კანონთან დაკავში­რებით როგორც საერთა­შორისო ორგანიზაციებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ ეს არ იქნებოდა დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი­. ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვა, იქნება ფარული მიყურადება, მოსმენა თუ თვალთვალი არის დანაშაულთან ბრძოლის თუ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მოტივით განპირობებული და მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს როგორ იყენებს სახელმწიფო, რამდენად არსებობს მოსახლეობაში განცდა, რომ მისი უფლებები დაცულია მაშინაც კი, თუ ის შესაძლოა რომელიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ის, რომ უსმენენ რომელიმე კონკრეტულ პირს, თუნდაც ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებას ან სამეთვალყურეო სამსახურს განუსაზღვრელი უფლებამოსილება აქვს. აქ მნიშვნელოვანია, რომ კანონში ცვლილების მიღების დრო დაემთხვა ჩვენს ევრომისწრაფებისთვის დათქმულ ვადას და პარტნიორებმა, რომლებმაც, პრინციპში, უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ევროპერსპექტივის ბედი, თქვეს, რომ ეს არ დაეხმარება დემოკრატიის განვითარებას.

- ალბათ, საგანგაშოა ისიც, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურიდან მასშტაბურად ჟონავს ფარული მოსმენების ფაილები... თუნდაც სოსო გოგაშვილის მიერ საიდუმლო მასალების სამზეოზე გამოტანა რა მიზანს ემსახურება?

- ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთ­ხოების სამსახურში პოლიტიკური ნიშნით დანიშნულმა პირმა ყოველგვარი წესის დარღვევით ისე ააღწია იერარქიულ კიბეზე პირველ მოადგილემდე (რომელსაც აქვს განუსაზღვრელი დონის დაშვება განსაკუთრებით მნიშვნელოვან მასალებზე), რომ ვერანაირმა, როგორც ნორმატიულმა, ასევე ტექნიკურმა დამცავმა მექანიზმმა ვერ იმუშავა. მეტიც, როგორც კი გოგაშვილი უწყებიდან წავიდა, აღმოჩნდა, რომ ის აგროვებდა­ საიდუმლო მასალებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს საიდუმლო მასალები სრულიად ლეგიტიმურად იყო შექმნილი­, მაგრამ რასაც ეს კაცი ამბობს, ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აუცილებლად მართალია? შესაძლოა მართლაც არსებობდა რაღაც საქმესთან მიბმული მოსმენები. ფაქტი ის არის, რომ არალეგიტიმურად, ყოველგვარი პროფესიული ნიშნის გარეშე დაწინაურებულმა პირმა მოახერხა ამ თანამდებობისთვის მიეღწია. შემდგომ, როდესაც სისტემაზე თუ მის პარტიულ მეგობრებზე განაწყენდა, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა დაიწყო. გოგაშვილის ქმედებით ზარალდება არა მხოლოდ პარტია, არამედ საფრთხე ექმნება სახელმწიფოს... ჩვენ კიდევ არ ვიცით, მან რისი გატანა მოახერხა და, ნებსით თუ უნებლიეთ, რა მოახვედრა რუსული სპეცსამსახურების ხელში. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გოგაშვილს იმ პერიოდშიც შესაძლოა უკავშირდებოდა საფარქვეშ ვინმე რუსი ოფიცერი, რომელზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, იმიტომ, რომ საამისო ელემენტარული ცოდნა არა აქვს. დღეს რასაც გოგაშვილი აკეთებს, ეს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებაა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ გოგაშვილის პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის ყველა იმ პარტიული ბოსის პასუხისმგებლობა, რომელმაც ხელი შეუწყო მის იერარქიულ წინსვლას ყოველგვარი პროფესიონალიზმის ნიშნის გარეშე.