"რუსებს სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად ჩვენც წითელ სიაში ვყავართ შეყვანილი“ - კვირის პალიტრა

"რუსებს სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად ჩვენც წითელ სიაში ვყავართ შეყვანილი“

„ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და კავკასიაც გათავისუფლდება რუსეთისგან“

ოთხი წლის იყო, როცა გუდაუთიდან მშობლებთან ერთად გამოიქცა. ამბობს, რომ სახლ-კარი რუსებმა წაართვეს, მაშინ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ახლა კი საშუალება მიეცა მტერს უკრაინელებთან ერთად ებრძოლოს. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, ომის დაწყებისთანავე უკრაინაში მცხოვრებ 13 წლის ვაჟსა და ყოფილ მეუღლეს ჩააკითხა, ოჯახი სამშვიდობოს გაიყვანა და თავად საომარ მოქმედებებში ჩაერთო. უკვე მეექვსე თვეა, რაც 34 წლის ლადო გამსახურდია­ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს სახელით იბრძვის და ცხელ წერტილებში საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. თანამებრძოლების თქმით, არაერთხელ მოყვა მტრის ალყაში, არაერთხელ დაიჭრა კიდეც,­ მაგრამ საკუთარი თავისა და თანამებრძოლების გადარჩენა ყოველთვის მოახერხა. უფრო ვრცლად ქართველების მისიაზე უკრაინაში და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე­ "კავკასიის ლეგიონის" მეთაური თავად გვიამბობს.

- ძალიან მინდა ჩემს სახლში, გუდაუთაში დაბრუნება. მართალია, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ, მაგრამ ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში ჩემი სახლი და ბაღი. ჩემმა ოჯახმა ყველა­ ის სირთულე იწვნია, რაც დევნილობას ახლავს­. თავს არ დავზოგავ, რომ ჩემი სახლის ეზოში კიდევ გავიარო. ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ბოროტების იმპერია, რუსეთი, კავკასიას დატოვებს.

- რუსეთ-უკრაინის ომში წასვლამდე რას საქმიანობდით?

- IT-სპეციალისტი ვარ, მაგრამ თეატრალურიც მაქვს დამთავრებული, დავამთავრე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაც. სხვათა შორის, ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, ომში წამოსვლამდე სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ომში პირველად ვარ. აქ გავიარე წვრთნა და საბრძოლო ნათლობაც ფრონტის წინა ხაზზე მივიღე. მეოთხეა თვეა ლეგიონს ვხელმძღვანელობ, დღემდე ჩემს ბიჭებთან ერთად უდანაკარგოდ ვასრულებ დავალებებს. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, 3 წლის წინ, თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია". მე საბჭოს თავმჯდომარე ვარ. "კავკასიის ლეგიონი" ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთაა, ამასთან, უკრაინული არმიის შემადგენლობაშიც ვირიცხებით. რუსებს სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად ჩვენც წითელ სიაში ვყავართ შეყვანილი.

ლეგიონში ერაყისა და კოსოვოს მისიებში ნამყოფი, ასევე აფხაზეთის ომში ნაბრძოლი ბიჭები გვყავს. საბრძოლო გამოცდილება ზოგს აქვს, ზოგს არა, მაგრამ საომარი შემართება არავის აკლია...

- სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო,­ სადაც თქვენ ალყაში ხართ და ამბობთ, რომ წყლისა და საკვების მარაგი გეწურებათ.

- ნიკოლაევსა და ხერსონს შორის მდებარე სოფელ ლუბომიროვკაში მოგვიწია შესვლამ სადაზვერვო დავალებით. 8 დღის განმავლობაში ალყაში ვიყავით, თუმცა დანაკარგის გარეშე შევძელით გამოსვლა. მეორე დღეს უკრაინის არმიამ სხვა სოფლებთან ერთად ეს სოფელიც აიღო.

- სადაზვერვო ჯგუფისთვის სახეების იდენტიფიცირება და ვიდეოების გავრცელება რამდენად მართებულია?

- ჩვენ სადაზვერვო ჯგუფი არა ვართ, უბრალოდ, იმ მომენტში მოგვიწია ასეთი დავალების შესრულებამ. ვიდეო დავალების შესრულების შემდეგ გავავრცელეთ. რაც შეეხება ჩვენს სახეებსა და ვინაობას, რუსები თითქმის ყველა ქართველი მეომრის შესახებ არიან ინფორმირებული.

- ლეგიონში მხოლოდ კავკასიელები­ არიან?

- ქართველები ჭარბობენ,­ თუმცა კავკასიის სხვა ქვეყნებიდანაც არიან. უკრაინელებიც გვყავს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მომივიდა შეტყობინება, რომ აფხაზებსაც უნდათ შემოერთება. იმედია, გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.

- ორგანიზაციის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩვენი ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ურთიერთობის გამყარებაზე ზრუნავს, მეორე მხრივ, მხარს უჭერს თითოეული მათგანის დამოუკიდებლობას. სხვათა შორის, ჩვენს ორგანიზაციაში ჩეჩნები, კონკრეტულად შეიხ მანსურის ბატალიონის ბიჭებიც არიან. ერთმანეთისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ერთმანეთს გვერდით დავუდგებით.

- დროდადრო ქართველ მებრძოლებს შორის დაპირისპირების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

- ასეთ ხმებს რუსები მიზანმიმართულად ავრცელებენ, იმიტომ, რომ ქართველების ერთობა მოსვენებას უკარგავთ. მათი სტილია "გათიშე და იბატონე". ცდილობენ ერთმანეთს დაგვატაკონ, საამისოდ ათასნაირ ხრიკს მიმართავენ. ძალიან ვერაგი ხალხია.

- ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე?

- მთელი ფრონტის შესახებ ვერ გეტ­ყვით რა ხდება, თუმცა უკრაინა უკვე გადავიდა შეტევაზე და ეს იმ იარაღის დამსახურებაა, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ. "ჰაიმარსებმა"­ ითამაშა გარდამტეხი როლი, სწორედ "ჰაიმარსებით" განადგურდა ხერსონისკენ მიმავალი ხიდები. ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და კავკასიაც გათავისუფლდება რუსეთისგან.

- ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი ახალი ტალღის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. როგორი განწყობაა,­ მზად ხართ ბრძოლის გაგრძელებისთვის?

- რა თქმა უნდა, თუმცა არ ვიცი, ვინ რას გეგმავს. არა მგონია, ახლა რუსეთს ამოსუნთქვისა და ძალის მოკრების საშუალება მისცენ. პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან სწორ ხაზს მიჰყვება, ჩვენ მისი გვჯერა.

- საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ?

- აქედან ისე ჩანს, რომ ჩვენი მთავრობა რუსეთის მხარეს იხრება. ცოტა სასაცილოა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას ოპოზიციას აბრალებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას მიუთითებს, რომ ამდენი რუსი მოქალაქის საქართველოში შემოსვლა სახიფათოა, ხელისუფლება კი ამას არ იმჩნევს. მოვა დრო და ქართველებს ეს ამბავი თავში საცემი გაგვიხდება.­ ძალიან დამწყდა გული, რომ ჩემი ქვეყანა დასავლურ სანქციებს ბოლომდე არ შეუერთდა. ახლა ჩვენივე ინტერესშია ყველანაირად დავუდგეთ უკრაინას გვერდში, რუსეთს კი ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ.

- ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ოქროს შუალედის დაჭერით ცდილობს საქართველოს ომის საფრთხე აარიდოს.

- ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე შესაძლებელია როგორც უკრაინის მხარდაჭერა, ასევე რუსეთისთვის პრობლემების შექმნა. კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ჩვენთვის,­ მაგალითად, "კავკასიის ლეგიონისთვის" ერთი "ლაზიკა" მაინც გამოეგზავნა. ძალიან­ წაგვადგებოდა. რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ქართული ჯავშანტექნიკა ქართული დროშით ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა­. ძალიან გვაშფოთებს, რომ ქართველებს ომით გვაშინებენ. რას ნიშნავს "აბა, ომი გინდათ?!" ომი არავის არ გვინდა, გიჟები არა ვართ, მაგრამ როდის იყო, ომის შიშით თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას ვთმობდით?! ძალიან კარგი ნათქვამია, თუ მშვიდობა გვინდა, ომისთვის უნდა ვემზადოთო. ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე, სხვა თუ არაფერი, იმისთვის მაინც, რომ რუსეთს როცა მოესურვება, მაშინ არ შემოგრიხინდეს ტანკებით.

ხათუნა ბახტურიძე