"დედა, გახსოვს,­ რომ მითხარი, ქართველებთან ომი სისულელეა, მართალი ყოფილხარო" - კვირის პალიტრა

"დედა, გახსოვს,­ რომ მითხარი, ქართველებთან ომი სისულელეა, მართალი ყოფილხარო"

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

90-იანი წლების დამდეგს აფხაზეთში­ დაწ­ყებული სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ცეც­ხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევის შემდეგ აფხაზური მხარე რუსეთის­ წაქეზებით შეტევაზე გადავიდა და სოხუმი აიღო. ქართული მხარის დღემდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 000 კაცი კი უსახლკაროდ დარჩა.ახალდაბელი გოგი მჭედლიძე ერთ-ერთი­ იყო, რომელსაც აფხაზეთის დატოვებაზე სოხუმის დაცემის შემდეგაც არ უფიქრია. ამ რაიონის მოსახლეობის გმირობაზე უამრავი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა­ საკმარისი მაინც არ არის, რადგან მათ, ვინც შეიარაღებული აფხაზების, სომხების, ჩრდილოკავკასიელების პირისპირ დარჩა, უმძიმესი დღეები გაიარეს, სავსე თავგანწირვის, გაუტეხლობის მაგალითებით.

- 1989 წლის შემდეგ დაძაბულობას მუდმივად ვგრძნობდით. აფხაზი მეგობრები­ მყავდა და დღესაც მყავს, მაგრამ­ მაშინ თითქოს ბზარი გაჩნდა. როდესაც ომი დაიწყო, პეტერბურგში­ ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა თითქოს ბედისწერა იყო, პირველი ტყვიის­ გავარდნამდე რამდენიმე დღით ადრე ახალდაბაში, ახლობელი აფხაზის დაკრძალვაზე ჩავედი, მურმანი ერქვა, ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, ასევე პეტერბურგში ცხოვრობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ეს ქართველებისა და აფხაზების ბოლო შეხვედრა საერთო ჭირის უკანასკნელი გაზიარება იყო. დედაჩემი აძიუბჟის საავადმყოფოში მუშაობდა, ყველა იცნობდა, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. იმ ბიჭის დაკრძალვის დღეს მისმა ოჯახმა "მიშვილა", ასე იცოდნენ ჩვენთან, ვინც ძალიან უყვარდათ­, იმას, დაღუპული შვილის ცოცხალ სახედ, ოჯახის წევრად იღებდნენ. დედამისმა "შვილის მაგიერი" მიწოდა, ჩამიხუტა და მითხრა, ამიერიდან ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთო. ასეც ხდებოდა,­ სისხლით ნათესავებზე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ომის დაწყების შემდეგ ორივე ოჯახი დავიძაბეთ, დავიბენით. არ ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მალე აღჭურვილობისთვის, ფორმებისა და სხვადასხვა საჭიროების მოსაგვარებლად, ახალდაბის დატოვებამ მომიწია. დაბრუნების შემდეგ ომი კარგად გახურებული იყო. ისტორიულის გარდა, იურიდიული განათლებაც მაქვს და ამიტომ პროკურატურაში უნდოდათ ჩემი დანიშვნა, მაგრამ უარი ვთქვი, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან დარჩენა ვარჩიე და მათთან ვიყავი ბოლომდე.

ახალდაბა, რომელიც კუნძულივით იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს საკუთარი ძალით იგერიებდა, სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. გვიტევდნენ მსხვილკალიბრიანებით, ავიაციით. არადა, ოჯახის წევრებიც კი არ გავიყვანეთ სამშვიდობოს, ვფიქრობდით, რომ ასე ბრძოლის მეტი ჟინი და მოტივაცია გვექნებოდა. მხოლოდ ნაალაფარი ჯავშანტრანსპორტიორი და ცოტაოდენი საბრძოლო მასალა გვქონდა. კიდევ კარგი ბოსელში გადავმალეთ ოთხი ტყვიამფრქვევი, კიდევ რაღაც-რაღაცები და ეს ძალიან დაგვეხმარა. იქ მხოლოდ აფხაზები არ ყოფილან, სომხები, კაზაკები, ჩეჩნები, სხვა ჩრდილოკავკასიელები გვებრძოდნენ. აფხაზები გზის მაჩვენებლად ჰყავდათ, ზოგს ვიცნობდი, ზოგს - არა.

რუსეთს ვენდეთ, რომ თურმე ომი დასრულდა. ამაზე დიდი სისულელე რა იქნება, არ ვიცი. ომამდეც და ომის შემდგომაც დიდხანს ვცხოვრობდი პეტერბურგში, რუსებს კარგად ვიცნობ და მათი ნდობა ქართველების ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

ომი წელიწადსა და სამ თვეს გაგრძელდა­ და ამ დროის განმავლობაში ისე ვიბრძოლე­, თითი არ გამკაწვრია. ბოლო შემოტევაზე, 19 სექტემბერს, საღამოს ჯერ ფეხში დამჭრეს, რამდენიმე საათში ხელში, გამთენიისას კი თავში ძლიერი დაზიანება მივიღე. ნამსხვრევები ახლაც თავში მაქვს, მაგრამ ექიმები მეუბნებიან, რომ მისი ამოღება უფრო საშიშია, ვიდრე დატოვება. მოკლედ, თითქმის მთელი სოფელი ტყვედ აგვიყვანეს­ და ათარა-აბხაზიაში გადაგვიყვანეს. გადაადგილება მიჭირდა, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა, ერთი წაფორხილება და, მკვდარი ვიყავი. რუსლან ქიშმარია, რომელიც შემდეგ გალის რაიონის "გამგებელი" იყო, თავზე გვადგა და იარაღს ცხვირწინ გვიტრიალებდა. ერთი გაბისკირია გვყავდა, ახლობლები "ჯიგაროს" ვეძახდით, არასრულწლოვანი გოგონა ჰყავდა, იმ მხეცებმა გააუპატიურეს, იჯდა და ტიროდა, შვილი ვერ დავიცავიო. ვთხოვე, ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ თავს მოერიე, ნუ ტირი, თორემ დაგხვრეტენ-მეთქი. ინვალიდი კაცი იყო და მანქანას მიაწექიო, უთხრეს, რას მიაწვებოდა, არ შეეძლო. ქიშმარიამ ამოიღო იარაღი და თავში ესროლა.­ შემდეგ გავიგეთ, რომ მას აქ მკურნალობდნენ.

ერთი ადგილიდან მეორეში გადავყავდით. ჭრილობები მტკიოდა, ჩემთან ერთად ჩემი დედ-მამაც იყო, დასა და სხვა ახლობლებზე არაფერი ვიცოდი.

მებრძოლებს განსაკუთრებით სასტიკად ექცეოდნენ. ყველას დახვრეტა უნდოდათ. სამჯერ გამიყვანეს დასახვრეტად სხვებთან ერთად. ერთხელ ისევ აფხაზმა გადაგვარჩინა, დაგვჭირდებიან, ჩვენს ბიჭებში გადავცვალოთო. ერთხელ დათვრნენ და ხელყუმბარა შემოგვიგდეს, კიდევ კარგი, არ აფეთქდა. ასე გავატარეთ თითქმის სამი კვირა.­ ერთხანს ზემო აძიუბჟაშიც ვყავდით. ტყვეებს­ გამუდმებით ახარისხებდნენ. ყველა გაშიფრეს, ვინ რას აკეთებდა, ყველას შესახებ ჰქონდათ მონაცემები.

ტყვეობის პირველი ღამე ახლაც ცხადად­ მახსოვს. ჩვენს სოფელში ორი აფხაზი ძმა ცხოვრობდა, ნაჭყებიები. უფროსი ომამდე­ სიმსივნით გარდაიცვალა. მეორე, ოთარი, ქართველს ტყვიას ვერ ვესვრიო, და საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა. სოფლის მეურნეობა ჰქონდა, ყანას თოხნიდა, საქონელს უვლიდა. ისიც დაატყვევეს. ვიღაც აფხაზურად დაელაპარაკა. კარგად არ ვიცი, მაგრამ მესმის და გავიგონე, როგორ დაუყვირეს, თუ აფხაზი ხარ, ჩვენთან რატომ არ იყავიო. ოთარი გაფითრდა - იარაღი ხელში არასდროს მჭერიაო, ხელები გაშალა და კოჟრები აჩვენა. პირდაპირ თავში ესროლეს. საწყალი კაცი მოწყვეტით გადავარდა, კარს დაეჯახა და გარეთ, აივანზე დაეცა. დილამდე იქ იყო. ვთხოვეთ, დავკრძალავთ-მეთქი. ჯერ დაგვთანხმდნენ, შემდეგ გადაიფიქრეს - ძაღლებსა და ღორებს ჰქონდეთო. ერთს ჩემი ფეხსაცმელები მოეწონა,­ შენი იყოს-მეთქი. ასე წვალებით მოვიპოვეთ მათი კეთილგანწყობა და ცხედარი დავმარხეთ...

ჩვენთან ერთად იყო ქართული ენის მასწავლებელი, 70 წელს გადაცილებული რაჟდენ ქაჯაიაც. ცილინდრი ეხურა, თავში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ, თქვი, ვისია ეს მიწაო? დარტყმისგან ქუდი სძვრებოდა, აიღებდა, დაიხურავდა და მტკიცე ხმით პასუხობდა, ორივესიო. არ ჩერდებოდნენ, მოხუცს კიდევ და კიდევ ურტყამდნენ. ვერ ათქმევინეს, რომ აფხაზების მიწა იყო. ბოლოს შეეშვნენ.

ჩვენთან ერთად ბავშვებიც იყვნენ. აფხაზებმა გვითხრეს, ბავშვებისთვის საჭმლის მოსამზადებლად წყალია მოსატანი, ქვაბი­ აგერაა, ჭამდე ჩვენ მიგყვებითო. დათო ონიანს ვუთხარი, წამოდი, ჩვენ მოვიტანოთ-მეთქი. ჭის გარშემოც ისხდნენ აფხაზები. ერთი აძიუბჟელი ყოფილა, ომამდე რაღაც ოჯახური პრობლემების გამო მამა მოუკლეს. ონიანმა იცნო, მე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ თავად დავუნახავვარ, უკნიდან მომეპარა და ჩამარტყა. ორი დღე ცხვირიდან სისხლდენა რომ გამეჩერებინა, ხელით მეჭირა. რატომ აკეთებ ამას, ხომ იცი, სადაური ვარ-მეთქი, ვიცი და ამიტომაც გავაკეთეო. მისი ოჯახის ტრაგედია რომ ვიცოდი, ამიტომაც ჩამარტყა, ალბათ, ცუდად არ შემომხედოსო, რა ვიცი, მოძალადის ფსიქიკის გაგება ძნელია.

ბოლოს ტყვარჩელის ციხის მერვე საკანში შეგვყარეს. იქ დედაჩემის აფხაზი თანამშრომლის შვილი, ალვერი ჩერქეზია მუშაობდა. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. რომ დაგვინახა, იყვირა, აქ რა გინდათ,­ დროულად რატომ არ გახვედითო­. სამ დღეში ტყვეებში გადაგცვლითო, შეგვპირდა. ერთი დახეული, ჭუჭყიანი მაისური მეცვა, საღამოს ჩერქეზიამ ქურთუკი მომიტანა, ჩემი სახლიდან მხოლოდ ეს გადარჩა, მაროდიორებმა გაძარცვეს და ესღა დამრჩაო.

- როგორ გამოხვედით?

- ჩერქეზიას სიტყვას ენდობოდნენ. ოჩამჩირეში, ღალიძგამდე მოგვიყვანეს. თავისიანებისთვის უთქვამს, მე და მჭედლიძე­ ერთად ვართ გაზრდილი, მას თუ ესვრით, ეს ჩემი სიკვდილის შემდეგ გააკეთეთო. კი მაგრამ, ის იბრძოდა, ჩვენ გვესროდაო, უთქვამთ, მეც ვიბრძოდიო, უპასუხია.

როდესაც სამშვიდობოს გამოვედით, თბილისში საავადმყოფოში მივედით, ჭრილობები მაწუხებდა. ექიმმა რომ მნახა, გაოცდა, აქამდე ცოცხალი როგორ ხარ, ჭრილობები სავსეა მიწითა და ნამსხვრევებითო. გადავრჩი.

მკურნალობის შემდეგ პეტერბურგში­ დავბრუნდი. ჩემს დას ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. იმ ცნობილი ტრაგედიის­ მონაწილეა, ბაბუშერის აერო­პორტში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იჯდა. ჩემზე უთქვამთ, თქვენივე ეზოში დახვრიტეს, მამაშენსაც ესროლეს და იქვე დატოვესო. ვითომ ჩემს დასამარხავად ჩამოვიდა და ეს ამბავი მოხდა. მოკლედ, არაფერი გვებადა და ამიტომ წავედი პეტერბურგში, იქ ნაცნობ-მეგობრები მყავდა. უამრავი აფხაზი გავიცანი. ძალიან ბევრი ჩამოდიოდა სამუშაოს საძებნელად. ერთმა აფხაზმა მთხოვა - სხვათა შორის, ქართველი მეუღლე ჰყავს­ - რამე სამსახური მჭირდება, სამი შვილი მყავს და მშივრები მეხოცებიანო. ვიბრძოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სისულელეს ვაკეთებდიო. ვუთხარი, მილიონებს ვერ შეგპირდები, მაგრამ მძღოლი მჭირდება და რაც მექნება, გაგინაწილებ-მეთქი. იტირა. რამდენიმე წელი იმუშავა. მას შემდეგ ერთხელ ჩემს ოჯახს სოჭში უმასპინძლა. ჩემთან ყოფნისას აფხაზ მეგობრებსა და ახლობლებს ურეკავდა, ქართველთან ვმუშაობ, ჩემი ოჯახი დაღუპვას გადაარჩინაო... დედა ენატრებოდა. ერთხელ უთხრა, დედა, გახსოვს,­ რომ მითხარი, ქართველებთან ომი სისულელეა, მართალი ყოფილხარო. მის გარდა, სხვა აფხაზი მეგობრებიც მყავს, ომამდელი და მოგვიანებით შეძენილიც. ამბობენ, უთქვენოდ ჩვენი არსებობა­ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მხოლოდ თქვენთან ერთად თუ გადავრჩებითო, მაგრამ ამის მთქმელებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ.

- თქვენს გადამრჩენელ აფხაზ ჩერქეზიასთან გაქვთ ურთიერთობა?

- ვეძებდი, მაგრამ მაშინ ინტერნეტი და კომუნიკაციის ასეთი საშუალებები არ იყო და ვერ ვიპოვე. შემდეგ გავიგე, რომ გულის პრობლემები ჰქონია, ადლერში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ვერ გადარჩა. ეს რომ მცოდნოდა, ბოლო პერანგს გავყიდდი და მის გადასარჩენად ყველაფერს ვიღონებდი. მისი დის ქმარი ქართველი იყო და აქ ცხოვრობენ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არა მაქვს.

- ახლა საქართველოში ცხოვრობთ?

- ორი შვილი მყავს, დათო და ლაშა. ვაპირებდით დაბრუნებას, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაგისტრატურაც აქ დაამთავრა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს - პრეზიდენტისგან მოგვივიდა პასუხი, ამ ქვეყანასთან არასაკმარისი კავშირის გამო უარი გეთქვათ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზეო. მე და ჩემი მეუღლე, ორივე, საქართველოს მოქალაქეები ვართ. როდესაც ოჯახში აქ გადმოსვლაზე ვსაუბრობდით, შვილმა მითხრა, ხომ არ შევცდით, ცხოვრების საქართველოში გაგრძელება რომ გადავწყვიტეთ, მოქალაქეობასაც კი არ მაძლევენო.