დასტურდება თუ არა სიცოცხლის კვალი წითელ პლანეტაზე - კვირის პალიტრა

დასტურდება თუ არა სიცოცხლის კვალი წითელ პლანეტაზე

დღეისთვის ყველაზე მაღალი შესაძლებლობების მარსმავალი "პერსევერანსი" მარსზე შარშან, თებერვალში დაეშვა. მისმა გადაღებულმა მარსის უნიკალურმა ფოტოებმა კი კვლავ გაააქტიურა მარსზე სიცოცხლის კვალის ძიება. მოგეხსენებათ, კითხვა, არის ან ოდესმე იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე, დედამიწის არაერთ თაობას აწუხებდა. მათ შორის ამჟამინდელსაც, რომელიც "პერსევერანსის" ფოტოებზე გამალებით ეძებს მარსის სიცოცხლის კვალს, ან თუნდაც იმ ძვირფასი საბადოების ნიშნებს, რომელთა ტრანსპორტირება დედამიწაზე მავანთა ამბიციებით უნდა მოხდეს. თუმცა რეალურად რა აისახება მარსის დღევანდელ ფოტოებზე, ამის შესახებ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს სერგო კაპანაძეს ვკითხეთ:

- "პერსევერანსი" ბევრად შთამბეჭდავ ფოტოებს გვაწვდის მარსიდან, ვიდრე მანამდე არსებული მარსმავლები. სოციალურ ქსელში ამ ფოტოებზე სიცოცხლის კვალს ასიათასობით მომხმარებელი ეძებს.

- ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მეცნიერებამ მარსზე "უცნაურად" ცვალებადი ლაქები აღმოაჩინა ტელესკოპით, რის გამოც მარსის ზედაპირის იმდენი რუკა გაკეთდა, რაც დედამიწის რუკების რაოდენობას არ ჩამოუვარდება. გასული საუკუნის ბოლო ათეულ წლებში მარსზე უკვე იმ მარსმავლების გაგზავნაც მოხერხდა, რომლებიც დედამიწას ინფორმაციას აწვდიან. "პერსევერანსი" მართლაც ძალზე მაღალტექნოლოგიური სადგურია. ის საგანგებოდ სწორედ იმიტომ დაეშვა მარსის ე.წ. ჯეზერო კრატერზე, რომ ამ ზონაში სიცოცხლის არსებობა ივარაუდება. ანუ მეცნიერებამ წინასწარ ივარაუდა, რომ ამ კრატერის თიხა-მინერალების ანალიზით მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი­. დიდი ალბათობით, დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ ჯეზარო კრატერში იყო ტბა, რომელსაც მარსის მდინარეები ავსებდა. შემდეგ ეს ტბაც და მდინარეებიც დაშრა. "პერსევერანსი" იმითაც არის საინტერესო, რომ მას უპილოტო ვერტმფრენი ახლავს, რომელიც "პერსევერანსიდან" გარკვეული მანძილის დაშორებით დაფრინავს და ფოტოებს იღებს. მოგვიანებით ფოტოები ნასაში გაივლის ფილტრაციასა და შესწავლას. შემდეგ ინფორმაცია უკვე სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც მათი საჯარო პოპულარიზაციაც იწყება.

- სწორედ პოპულარიზაციისას წარმოქმნილი აზრებია საინტერესო. უამრავი ადამიანი მიუთითებს მარსის ფოტოებზე სიცოცხლის ნიშნებს. მაგალითად, გამოქვაბულებს, სადაც შესაძლოა მარსის მკვიდრთ ადრეულ წარსულში ეცხოვრათ. უფრო მეტს სჯერა, რომ სულ მალე მარსის კოლონიზაცია დაიწყება და მისი წიაღისეულს დედამიწაზე გადმოზიდავენ.

- ასტრონომია განსაცვიფრებლად იზიდავს ადამიანებს და აღვივებს მათ ფანტაზიას. მათ შორის "პერსევერანსის" ფოტოებშიც ზოგი "ოქროს მთებს" ხედავს, ზოგი კი გამოქვაბულებს. თუმცა ამ დროს ამ ფოტოებზე ძირითადად მარსის გრანდიოზული ბაზალტის ქანები და კლდეებია. ისინი იმდენად ყოვლისმომცველი და ძლიერია, რომ ამ პლანეტაზე გაშვებულ­ მარსმავლებს ლითონის ბორბლებსაც კი უსპობს.

მზის სისტემის პლანეტებიდან: მარსი, დედამიწა, ვენერა და მერკური კლდოვან პლანეტებად მოიხსენებიან, რადგან მათი ზედაპირი შედგება ისეთი კლდოვანი ნივთიერებებისაგან, როგორიცაა: თიხა, ბაზალტი, კაჟი,…მაგრამ სანამ კოსმოსურ ქანებს ხელით არ შევეხებით, დანამდვილებით­ ვერ ვიტყვით, რომ მათი კონცენტრაცია დედამიწის ტიპისაა. მაგალითად, დედამიწაზე მთვარის ქანების 400 ნიმუშია ჩამოტანილი და აღმოჩნდა, რომ პროცენტული გადანაწილებით მათი ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება დედამიწის ქანების შემადგენლობისაგან. რაც შეეხება მარსის ბაზალტს, ახალი მონაცემებით, მათში უფრო მეტი თიხა და კაჟი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. სავარაუდოდ, თავად ჯეზეროს კრატერი შეიცავს თიხებს, რომლებიც მხოლოდ წყლის არსებობისას შეიძლება წარმოიქმნას. სხვათა შორის, ასევე წყალია საჭირო მარსის რკინის იმ ნაწილაკების დასაჟანგავად, რომლებიც მარსზე წითელ "მტვერს" აყენებენ და რომელთა გამო მას წითელ პლანეტას უწოდებენ. თუმცა მარსის ნივთიერებათა სრული მონაცემები ობიექტურად მხოლოდ მაშინ დადასტურდება, როდესაც მარსის ქანების ნიმუშებს ხელით შევეხებით.

ბოლო კვლევებით, მარსის ზედაპირიდან ღრმა გრუნტში, კრატერების კედლებში, წყლის მოლეკულების წარმოქმნა მართლაც ფიქსირდება. ასევე ფიქსირდება გამონაჟონები, სავარაუდოდ, წყლის. ივარაუდება, რომ ეს მარილიანი წყალია. თუმცა, ვიმეორებ, საბოლოო დასკვნებისათვის მარსის ქანების დედამიწაზე შესწავლაა აუცილებელი.

- როგორ მოხდება ეს, თუ მარსზე ადამიანი არ გაიგზავნა?

- თუ გავითვალისწინებთ, რა სას­წაული­ ჩაიდინა ადამიანმა ბოლო 100 წელიწადში თუნდაც კოსმოსურ სფეროში, ძნელად მისაღწევად სულაც არ მოგვეჩვენება მარსიდან დედამიწაზე ამ ქანების ხომალდებით გამოტყორცნა.

- მარსზე ადამიანის გამგზავრებაზე რას იტყვით, მით უფრო, როცა საუბარია მარსის კოლონიზაციაზე?

- მარსზე კოსმონავტების გაგზავნა დაახლოებით 2030 წლისთვის იგეგმება. მარსის კოლონიზაციაზეც მიდის საუბარი, მაგალითად, ილონ მასკის მიერ. თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით ეს, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება. წარმოიდგინეთ, რომ იქ, სადაც ატმოსფეროში­ ჟანგბადი მხოლოდ 3 პროცენტია, ერთ ლოკალურ სივრცეში გამოკეტილმა ადამიანმა თვეობით როგორ უნდა გაძლოს?! გარდა ამისა, ადამიანს მარსზე წყალი, საკვები სჭირდება­ - ანუ ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, რომ იცოცხლოს.

- სხვათა შორის, საინტერესოა "პერსევერანსის" ჩაწერილი მარსის ქარიშხლების ხმები.

- მარსის ქარიშხლები…სულაც არ არის ისეთი სიძლიერის, როგორიც წარმოგვიდგენია. საქმე ის არის, რომ მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია, რის გამოც იქ ქარიშხლები არ ვითარდება. იქ დაახლოებით ისეთივე "ნიავია", როგორიც დედამიწაზე, და საკმარისია იმისთვის, რომ მარსის რკინის ნაწილაკები აიტაცოს და ჰაერში გაფინოს. დედამიწიდან გაგზავნილი ერთ-ერთი მარსმავალიც ამ წითელი ქვიშით ისე დაიფარა, რომ მზის ენერგიის მიღებას და თავისი ფუნქციის შესრულებას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა მომავალში მარსის თანამგზავრებზე ავტომანქანის ფანჯრის საწმენდის მსგავსი დანადგარების განთავსება.

- მარსი საოცარი პლანეტაა თავისი სიცოცხლის ნიშნებით...

- ნამდვილად. ვენერა მშვენიერებისა და სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, მარსი კი ომის ღმერთად. არადა, ვენერაზე ჯოჯოხეთი დაგვხვდა - +450-იანი ტემპერატურა, მარსზე კი ტემპერატურა +15 ცელსიუსზე მეტად არ იმატებს...