ბომბებიანი მულაჟი, ოღონდ ნამდვილი ხელყუმბარით, ბანკიდან 2 მილიონის გასატანად... - კვირის პალიტრა

ბომბებიანი მულაჟი, ოღონდ ნამდვილი ხელყუმბარით, ბანკიდან 2 მილიონის გასატანად...

მე, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ავიღებ ამაზე პასუხისმგებლობას, რადგან ეს უდანაშაულო მძევლების სიცოცხლეს შეეხება, მაგრამ ბანკიდან უკვე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის, თავად შეიარაღებული მძარცველის თუ უკვე ტერორისტის ლაპარაკის ინტონაცია, თანხის მოთხოვნის ფორმა და კიდევ სხვა დეტალები რატომღაც აღძრავს დიდ ეჭვს, რომ მისი დემონსტრირებული ვითომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძლება მხოლოდ მულაჟები იყოს, რისი ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლადაც ტერორისტს მკერდზე მიმაგრებული აქვს მოციმციმე ნათურებიც... - ამას "კვირის პალიტრის" საიტზე ჩემს ბლოგში ვწერდი ჯერ კიდევ იმ მომენტში, როცა მოციმციმე ნათურებითა და ვითომ ამონალის კოჭებით ნაძვის ხესავით "მორთული" გრიგოლ ნარსია ქუთაისის "საქართველოს ბანკის" ფილიალში აყვანილ მძევლებთან ერთად ორ მილიონ დოლარს ელოდებოდა... მაგრამ მისგან რომ მეორე ესებუა არ გამოვიდოდა და მილიონებს კი არა, ერთ ცენტსაც არ გაატანდნენ, კოჭებში ეტყობოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ესებუას პრეცედენტის, რომელსაც დღემდე ძმრად ადენს ოპოზიცია მთავრობას, აღარავინ გაიმეორებდა და ნარსიას არავინ გაუშვებდა; მეორე - ჯერ არ არის მოახლოებული რაიმე სახის არჩევნები, რომ ხელისუფლებას არ უნდოდეს აურზაურში გარევა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბანკის მძარცველსა და მძევლების ამყვანს, ანუ ტერორისტს ეხება. მაშინ ესებუამ სწორად გათვალა წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ძალოვანები სპეცოპერაციის ჩატარებას ყველანაირად მოერიდებოდნენ; მესამე - მძევლებისთვის არათუ მობილური ტელეფონების ჩამორთმევა, პირიქით, სოციალურ ქსელებში ლაივ-რეჟიმში ჩართვის თითქმის დაძალება საინტერესო სიახლე გახლდათ გრიგოლ ნარსიასგან, რასაც ეტყობა, მისი აზრით, უნდა დაეჩქარებინა მისი მოთხოვნების შესრულება, თუმცა ამით, პირიქით, დიდი შეცდომა დაუშვა - სპეცსამსახურები იქით ცდილობენ მძევლებაყვანილი ტერორისტის ადგილსამყოფელში რამენაირად მინიატიურული ვიდეოკამერებით შეჭვრეტას, რომ ზუსტად დაადგინონ ტერორისტის შეიარაღება, მძევლების რაოდენობა და სხვა ათასი ნიუანსი, რათა უშეცდომოდ დაგეგმონ და ჩაატარონ ტერორისტის განეიტრალებისა და მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია; მეოთხე - ტერორისტს ბანკის შენობის უკანა კარიდან სამი მძევალი ისე გაეპარა, ამას კარგა მოგვიანებით მიხვდა - ანუ ის ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, თუმცა კი ცდილობდა, როცა ბანკის მთავარ კარზე ორი ნათურებმოციმციმე მოწყობილობა მიამაგრა იმ იმედით, რომ ნამდვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონებოდათ და მათი აფეთქების შიშით სპეცრაზმელები არ შეიჭრებოდნენ. ასეც მოხდა - ცენტრალური კარის გაღება არც არავის უცდია, სამაგიეროდ, როცა მას გაღებული ფანჯრის გისოსებიდან ფულს აწვდიდნენ და მისი ყურადღება იქით იყო მიმართული, სპეცრაზმელები სწორედ უკანა კარიდან შეიჭრნენ და განაიარაღეს.

მართლაც წარმოადგენდა თუ არა დიდ საშიშროებას გრიგოლ ნარსია და შეეძლო თუ არა აფეთქების მუქარის შესრულება?

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ნარსიას ასაფეთქებელი მოწყობილობები, ორი ბანკში შესასვლელ კარზე დამაგრებული და ოთხიც უშუალოდ მის მკერდზე ჩამოკიდებული, მხოლოდ მულაჟები იყო, თუმცა...

თუმცა ის, რომ მას მარჯვენა ხელში ნამდვილი საბრძოლო ხელყუმბარა ჰქონდა, მოხსნილი დამცავი რგოლით, და ის ნამდვილად სახიფათო იყო მძევლებისთვის, რადგან თავდაცვითი დანიშნულების \Ф-1 ტიპის 600-გრამიანი ხელყუმბარა 60 გრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს, ინიცირებიდან 3,2-4,2 წამში ფეთქდება, გატყორცნის 300-მდე სხვადასხვა ზომის ნამსხვრევს და 7 მეტრის რადიუსში სრული დაზიანების ზონა იქმნება. თუმცა ზოგიერთი ნამსხვრევი 200 მეტრის სიშორეზეც კი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას. ამასთან, 30 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ოთახში ასეთი ხელყუმბარის აფეთქებას დამატებით დამაზიანებელ ფაქტორად ემატება კედლებიდან რიკოშეტირებული ხელყუმბარის ნამსხვრევებიც.

გარდა ხელყუმბარისა, ნარსია-ტერორისტის შეიარაღებაში იყო მოზრდილი დანა და ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ სამართალდამცავები კონკრეტულ ინფორმაციას, ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ კარებზე დამაგრებული და ნარსიას ტანზე აკრული მოწყობილობები მულაჟები იყო და მხოლოდ დამაშინებელ ფუნქციას ასრულებდა (ამასთან, ეტყობა, ამით ნარსიას სურდა მძევლებისა და სპეცსამსახურებისთვისაც თავისი განზრახვის სერიოზულობაში დარწმუნება), იმ დღეს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ამ ფილიალში­ შეიძლება დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო, რადგან ტერორისტის მარჯვენა ხელში წებოვანი ლენტით გადახვეული ხელყუმბარა საბრძოლო გახლდათ, თანაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დამცველი რგოლგამოცლილი.P.შ. ბანკები არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ (ოღონდ არა კრედიტის აღების, არამედ ვალების დაბრუნების პერიოდში)­ და ბევრ ჩვენგანს შეიძლება უნებურად მოსვ­ლია კიდეც უცნაური, მაგრამ საშიში­ აზრები, თუმცა მათი ხორცშესხმა, მით უმეტეს, უდანაშაულო ადამიანების მძევლებად აყვანითა და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით უდიდესი დანაშაულია და გამართლება არა აქვს, მაგრამ როცა ორი მილიონის მოთხოვნას თან შენი სამშობლოს ნაწილის ოკუპანტი ქვეყნის დროშის გადაცემის მოთხოვნაც ემატება, რომ შვეულმფრენის ილუმინატორიდან ანკესგამობმული აფრიალო, თქვენი ვარ, მიმიღეთო, ეს უკვე ამაზრზენია!