პუტინი ბირთვულ ღილაკს მაშინ დააჭერს თითს, როცა... - კვირის პალიტრა

პუტინი ბირთვულ ღილაკს მაშინ დააჭერს თითს, როცა...

"რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, ეს ბლეფი არ არის", - გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათქვამი ეს სიტყვები მსოფლიომ აღიქვა როგორც რუსეთის ღია ბირთვული მუქარა, თუკი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავა. თუმცა ეს ომი უკვე მერვე თვეა მიმდინარეობს და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის, კურსკისა თუ როსტოვის ოლქები არაერთხელ დაიბომბა, ისევე როგორც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული, რომელსაც კრემლი რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს. მაშინ რატომ არ გამოიყენა პუტინმა ბირთვული იარაღი, როცა უკრაინელების შვეულმფრენები ბელგოროდის ნავთობბაზას აფეთქებდნენ ან უკრაინული დრონი-კამიკაძეები სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის შენობის სახურავს "სტუმრობდნენ"?

პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე უკავშირდება ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში სასწრაფოდ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მათ გასაწევრებლად. გასაგებია, რომ "რეფერენდუმები" მორიგი ფარსია და მას სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ კრემლს სურს ასე მაინც გადაირჩინოს თავი უკრაინის ომში სამარცხვინო წაგებისგან, საითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ადგილობრივ პრორუს სეპარატისტებთან ერთად მიექანებიან. უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას აღარ დარჩა ფართომასშტაბიანი შეტევების პოტენციალი, მეტიც, რუსი სამხედროები მალე ვერც აქამდე ოკუპირებული უკრაინული მიწების შენარჩუნებას შეძლებენ, რადგან მათ ნაწილობრივი მობი­ლიზაციით ძალად შეგროვილი რეზერვისტები დიდად ვერაფრით დაეხმარებიან. ამიტომაც იქ, სადაც შეიძლება წააგოს,­ კრემლი ცდილობს პოლიტიკური მანევრით მაინც შეინარჩუნოს აქამდე დაპყრობილი უკრაინული მიწები და ისინი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადოს, ხოლო ვინც კი შეუტევს ამ "ახალ რუსულ ტერიტორიებს", მათ ბირთვული პასუხით დაემუქროს.

"კვირის პალიტრის" ამ ინფოგრაფიკაში შევეცადეთ მკითხველისთვის თვალსაჩინოდ აგვეხსნა, თუ რა ბირთვული პარიტეტია დღეისათვის შექმნილი მსოფლიოში, რა ბირთვული შეიარაღება შეიძლება გამოიყენოს პუტინმა (თუკი მისი დამუქრება მართლაც ბლეფი არ არის) და რა შეიძლება მას დაუპირისპიროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი ქვეყნიდან სამმა ბირთვულმა სახელმწიფომ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.­ გაფიქრებაც არ ღირს, რომ რეალურად მოხდეს­ სტრატეგიული ბირთვული დარტყმების გაცვლა და მესამე მსოფლიო ომმა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვიტოს, მაგრამ რას მოიმოქმედებს თეთრი სახლი, თუკი კრემლის ბინადარს მართლაც გადაუტრიალდა გონება და დონბასში უკრაინის მორიგი წარმატებული ფართომასშტაბიანი კონტრიერიშებისგან გაცოფებულმა უკრაინის რომელიმე ქალაქზე ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულქობინიანი რაკეტის გაშვება ბრძანოს, "რეფერენდუმის შედეგად რუსეთის ახალშეძენილ ტერიტორიაზე თავდასხმის" სანაცვლოდ, ანუ როგორც დაიმუქრა? უპასუხებს კი დასავლეთი ასევე ბირთვული დარტყმით ან სად? ისევ უკრაინაში რუსების ოკუპირებულ დონეცკთან თუ უშუალოდ რუსულ როსტოვთან ან ვორონეჟთან? ალბათ, არა, დასავლეთი ასეთი ურთულესი ნაბიჯის გადასადგმელად არათუ პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურადაც კი არ არის მზად. თავად პუტინიც არის კი ამის გამკეთებელი, თუკი უკრაინასთან ომში წაგების საფრთხე მალე უფრო მწვავედ გამოიკვეთება? გვინდა გვჯეროდეს, რომ მიუხედავად იმ ყველა საძაგლობისა, რაც პუტინს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩაუდენია, ის მაინც ვერ გაბედავს ბირთვული, თუგინდ ტაქტიკური დანიშნულების მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.

nato-1664128753.jpg

რა საფეხურებია გასავლელი, თუკი პუტინმა მაინც გაბედა ბირთვულქობინიანი რაკეტების სტარტის ბრძანების გაცემა?

რუსეთის პრეზიდენტს მუდმივად დაჰყ­ვება მეზღვაურის შავ ფორმაში გამოწყობილი ოფიცერი მოზრდილი შავი დიპლომატით, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემის პორტატიული სააბონენტო ტერმინალია. კიდევ ორი ასეთი "ბირთვული ჩემოდნის" მფლობელები რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენშტაბის უფროსი გერასიმოვი არიან. რუსეთის სარაკეტო ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემა მაშინ ამოქმედდება, თუკი სამი "ბირთვული ჩემოდნიდან" ორმა მაინც გასცა დასტური, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის "ბირთვულ ჩემოდანს" შეიძლება "დაბლოკვის" ფუნქციაც ჰქონდეს, რომ ზურგს უკან თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის­ უფროსის "ბირთვული ჩემოდნების" "გარიგება" არ დაუშვას. "ბირთვული ჩემოდნის" საშუალებით შესაძლებელია სპეციალური კოდის შეყვანა, რომელიც რუსეთის სტრატე­გიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდლობას ბირთვულქობინიანი­ რაკეტების სტარტის ბრძანებას აძლევს წინასწარ განსაზღვრული­ სამიზნეების მიმართულებით. სარაკეტო ჯარების სარდლობა ამ ბრძანებას სარაკეტო არმიების მეთაურობას გადასცემს, ის, თავის მხრივ, სარაკეტო დივიზიებს, შემდეგ - პოლკებს და ბოლოს ბრძანება ბირთვულქობინიანი რაკეტის სტარტის შესახებ მიდის მიწისქვეშა შახტში განთავსებული ბალისტიკური რაკეტის სამორიგეო ჯგუფთან (ასევე ატომური წყალქვეშა ნავის მეთაურთან), რომლის ორმა მორიგე ოფიცერმა ერთდროულად უნდა გადაატრიალოს გასაღები­ (არადა, პულტებზე გასაღების ჩასადები ბუდეები­ ისეა განთავსებული, რომ ერთი პირი ორივე გასაღებს ერთდროულად ვერ გადაატრიალებს), რომ შემდგომ ღილაკზე თითის დაჭერით რაკეტის სტარტი შესაძლებელი იყოს.რუსეთიდან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე მისაღწევად და პირიქით, ბალისტიკურ რაკეტას 25-30 წუთი თუ სჭირდება, ამიტომ ვინც ბირთვულ სარაკეტო დარტყმას დაიწყებს, ის გარანტირებულად მიიღებს გამანადგურებელ პასუხს, რადგან მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც აქვთ სტარტაღებული რაკეტების ადრეულად აღმოჩენისა და შეტყობინების მიღების კოსმოსური სისტემა. თუკი ამერიკულმა ბირთვულმა დარტყმებმა გაანადგურა რუსეთის ხელისუფლება და მათ ვერ მოასწრეს საპასუხო სარაკეტო დარტყმისთვის ბრძანების გაცემა, ამისთვის მზად არის "განკითხვის დღის" სისტემა "პერიმეტრი" - ერთგვარი სარაკეტო "ტერმინატორი", რომელიც დააფიქსირებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვულ აფეთქებებსა და რადიაციის დონის მკვეთრ მომატებას და თუ არ იქნება ადამიანების, ხელისუფლების ბრძანება, ის ავტომატურად გაააქტიურებს საპასუხო ბირთვული დარტყმის მექანიზმს - შორეული აღმოსავლეთიდან, შახტიდან სტარტს აიღებს ბალისტიკური რაკეტა და აღმოსავლეთიდან დასავლეთით მთელი რუსეთის ტერიტორიას გადაუფრენს, ოღონდ მას, ბირთვული ქობინების ნაცვლად, აქვს მძლავრი რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ფრენის მარშრუტზე ასობით საშახტე ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სტარტისთვის კოდირებულ სიგნალებს გადასცემს. რაც შეეხება ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს, მისი გადამტანები, ძირითადად, ბომბდამშენი-რაკეტმზიდი თვითმფრინავები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკური და ფრთოსანი "ისკანდერისა" და "კალიბრის" რაკეტები, ასევე მსხვილკალიბრიანი საარტილერიო "პიონები" და "მალკები" არიან.