და(გ)ეხსენი, ჩრდილოელო! - კვირის პალიტრა

და(გ)ეხსენი, ჩრდილოელო!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "დინამო არენაზე" ორი უპასუხო ბურთი გაუტანა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს და როგორც იქნა, გაისტუმრა "ვალი", რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან მოგვყვება. ორი წლის წინ სწორედ მაკედონიის ნაკრებმა გადაგვიკეტა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიმავალი გზა. 12 ნოემბრის ის ავადსახსენებელი საღამო ბოლომდე ვერც რამდენიმე თვის წინ სკოპიეში დიდი ანგარიშით (3:0) გამარჯვებამ დაგვავიწყა. რევანში თბილისში უნდა აგვეღო, იმავე სტადიონზე, საიდანაც კონტინენტის პირველობის საგზური აგვაცალეს!

ავიღეთ კიდეც: რევანშიც უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფისა და ამავე ტურნირის B ლიგის საგზურიც! დიახ, მომავალ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი დივიზიონით მაღლა - B ლიგაში იასპარეზებს და შოტლანდიის, შვედეთის, უკრაინის, ნორვეგიის, ირლანდიის, ისრაელისა თუ სლოვენიისდარ ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაშს შეეცდება. რაც მთავარია, გასულ კვირას მოპოვებული გამარჯვებით დავიბევეთ ერთა ლიგის პლეი-ოფის საგზური, რაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებით შანსს გვაძლევს. ორი წლის შემდეგ გასამართი ტურნირის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება და სწორედ მაშინ შევიტყობთ 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობასაც. თუმცა ევროპირველობაზე მოხვედრა "ტრადიციული" შესარჩევის გარდა, ერთა ლიგის პლეი-ოფიდანაც შეგვიძლია და დამატებით შანსში სწორედ ამას ვგულისხმობ.

ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი და პლეი-ოფის საგზური კი გაინაღდა, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე შედარებით სუსტი მეტოქე (ყაზახეთი) რომ შეგვხვდეს, ქულების მაქსიმალური რაოდენობა და კონკურენტების წაფორხილებაა საჭირო. ამიტომაც თქვა ვილი სანიოლმა მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ, გიბრალტარში(ც) აუცილებლად უნდა მოვიგოთო!

ჯგუფის აუტსაიდერთან მატჩი ორშაბათს გაიმართება და ბუნებრივია, მის შედეგზე გაზეთის ამ ნომერში ვერაფერს ვამბობთ, დანარჩენი კი... დანარჩენი უკვე ვთქვით: საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გადაჭედილ "დინამო არენაზე" 2:0 დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი, გაინაღდა პირველი ადგილი ქვეჯგუფში და B ლიგის საგზური!

sport2-1664112365.jpg

ბუდუ ზივზივაძეს მინიმუმ ორი ბურთის გატანა შეეძლო. ფოტო - nakrebi.ge

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი (აქედანმხოლოდ 2 ფრე და 8 გამარჯვება!), წლევანდელი ერთა ლიგის ხუთ შეხვედრაში გატანილი 14 გოლი, ქვეჯგუფის ლიდერის ყვითელი მანტია და მორიგი აჟიოტაჟი ერთი ფეხბურთელის გამო!

ვაღიაროთ: იმ "ერთმა ფეხბურთელმა" ლომის წილი დაიდო ჯერ სტადიონის გავსებაში (საქართველო-მაკედონიის მატჩის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა!), მოგვიანებით კი, გამარჯვებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გამართული შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო თამაში მის კარიერაში, მაღალი კლასის, მონდომების (და ბუდუს) წყალობით ხვიჩამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ნაკრებს მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. არც მე დავიწყებ ჩვენი ნაკრებისა თუ ცალკეული ფეხბურთელების კრიტიკას, თორემ ყველა დამეთანხმებით, რომ პრინციპულ და სატურნირო თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაში (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) არ მოგვეწონა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სანიოლის გუნდს უჭირს აუცილებლად მოსაგებ თამაშებთან გამკლავება - "პირველ ნომრად" თამაში, ინიციატივის აღება, პოზიციური შეტევების წამოწყება... და როცა კონტრშეტევაში თამაში კი არ უწევს, იძულებულია, თვითონ უკარნახოს მეტოქეს "თამაშის წესები", აუცილებლად სჭირდება ხოლმე ინდიკატორი, ლიდერი, ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის "აფეთქება"...

ბალკანელებთან მატჩში(ც) ასეთი ხვიჩა გამოდგა: დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად, საწყის ნახევარ საათში არც ის ჩანდა, პირველი ტაიმის შუაწელიდან კი მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და გაცილებით აქტიურად ამოქმედდა. სწორედ კვარაცხელიას დამსახურებაა 35-ე წუთზე გატანილი პირველი ბურთი: ფინტებით თავბრუდახვეული მცველი და ჩაწოდება, რომელსაც მიოვსკის ავტოგოლი მოჰყვა! რაც შეეხება მეორე გოლს, ის მთლიანად ზივზივაძის შექმნილია: ბუდუმ ცენტრში აწაპნა ბურთი მეტოქეს, მაკედონელების საჯარიმომდე მიიტანა და იმის მიუხედავად, რომ მეკარესთან პირისპირ მყოფს დარტყმა თვითონაც შეეძლო, ხვიჩას გაუგორა.

გასაკვირია თავდამსხმელისგან ასეთი საქციელი? ათიდან ათი ცენტრფორვარდი ხომ... კარში დაარტყამდა! ბუდუმ კი ხვიჩას გაუგორა. როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იყო. ან იქნებ საქმეში ქვეცნობიერი ჩაერთო? ამ ფორმაციის ნაკრებში ხომ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა "გზა" ხვიჩასთან მიდის!

ბუდუს კი ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა: სხვა მონაკვეთებშიც ბევრი იშრომა და მინიმუმ ორი ბურთი უნდა შეეგდო - თუ პირველ ეპიზოდში კვარაცხელიას გაატანინა, 71-ე წუთზე მოედნის ნახევარი გაირბინა, მეტოქე გუნდის მცველებს "ქორივით ჩოუარა" და სულ ცოტათი ააცილა დიმიტრიევსკის კარს.

მატჩის მოკლე დახასიათება ასეთია: საწყისი ნახევარი საათი მთლიანად მაკედონური იყო - ბურთი სულ სტუმრებს ჰქონდათ, საქართველოს ნაკრებს კი, პრესინგი ვერ/არ გამოსდიოდა და ვერც შეტევების წამოწყებას ვახერხებდით. გრძელ პასებს შედეგი არ მოუტანია, ჩვენი ნახევარდაცვაც უბურთოდ იყო და ხვიჩაც (მაინც სულ ორი მცველის გარემოცვაში!), მარცხენა ფლანგიდან სახეირო ვერაფერი შევქმენით (წიტაიშვილი უჩვეულოდ ინერტული იყო) და ა.შ. პირველ ნახევარში შედარებით მეტად აქტიურობდა ჩვენი მარჯვენა ფლანგი - კვირკველია ძალიან საიმედო იყო, კაკაბაძე ამჯერადაც ერთვებოდა შეტევებში და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი დავითაშვილმაც შექმნა. ნამატჩევს სანიოლმა თქვა, რომ საწყის ნახევარ საათში ინერტული თამაში მისი დავალება არ ყოფილა: "ბურთი შეგნებულად არ დაგვითმია. მაკედონიამ წინა მატჩისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და მათ სქემასთან შესაჩვევად ჩემს მოთამაშეებს გარკვეული დრო დასჭირდათ. გოლის შემდეგ გუნდი უფრო თავდაჯერებული გახდა, წნეხის გარეშე ათამაშდა და სივრცეც მეტი მიიღო. რაც მთავარია, დაცვაში სტაბილურობა და დისციპლინა არ დაგვიკარგავს. პირველ ტაიმში თავდაჯერება და სისწრაფე გვაკლდა, მაგრამ მერე თამაშმა თვითონ გვიჩვენა, რა უნდა შეგვეცვალა და მივაღწიეთ კიდეც სასურველ შედეგს", - თქვა სანიოლმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

სტუმართაგან ყველაზე აქტიური ელმასი იყო და ეს არც გაგვკვირვებია: "ნაპოლიში" კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ ელიფი ხვიჩას დუბლიორად იქცა და ყველანაირად ცდილობდა თბილისში მაინც დაემტკიცებინა, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

მაკედონელებს ელმასი ჰყავთ, ჩვენ - ალმასი, პერიოდულად რომ გაიბრწყინებს ხოლმე და ერთ (ან რამდენიმე) ეპიზოდს იმყოფინებს თამაშის ბედის გადასაწყვეტად!

ასე იყო ამჯერადაც: ფლანგის შეცვლის შემდეგ კვარა გაცილებით აქტიურად ათამაშდა და ჯერ მიოვსკი გაისტუმრა "კიოსკში", მერე კი, ზივზივაძის პასიც შეირგო.

საქართველოს ნაკრები მაკედონური ვალიდან ამოვიდა.

დაგვაკლდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში "ძველი ჩაკვეტაძე" კი გაგვახსენა, მაგრამ მაკედონელებთან მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა. აქვე აუცილებლად უნდა შევაქოთ მამარდაშვილიც: გიორგიმ მეოთხედ მოირგო ეროვნული გუნდის ფორმა, თბილისში კი პირველად ითამაშა და ჩინებული დებიუტიც გამოუვიდა - ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მისი კარის ჩარჩოში წასული ყველა ბურთი აუღელვებლად, დამაჯერებლად მოიგერია. აშკარაა, რომ გიორგი ლორიას ძალიან გაუჭირდება ნაკრების ძირითადი მეკარის სტატუსის დაბრუნება...

სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი საიუბილეო - 150-ე ოფიციალური შეხვედრა იყო (ამხანაგური მატჩები არ ითვლება): 40 გამარჯვება, 32 ფრე, 78 მარცხი - ასეთია ჩვენი გუნდის სტატისტიკა საკვალიფიკაციო თამაშებში.

მაკედონიის დამარცხებით საქართველომ რევანშიც აიღო ბალკანელებთან, გაინაღდა პირველი ადგილი ქვეჯგუფში, პლეი-ოფის და B ლიგის საგზური.

მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა მთავარი შედეგია და საგზურიც ჩვენი, კრიტიკა უადგილოდ ჩანს.

ჩრდილოელებს (მაკედონიას) დავეხსენით. პლეი-ოფშიც გავედით.

(გ)ავედით და ავედით კიდეც - ამიერიდან, B ლიგაში ვითამაშებთ.

გიბრალტარში გამართული მატჩის შედეგი კი... თავად ნახეთ.