„ნაცმოძრაობას“ ისევე სურს საქართველოში დესტაბილიზაცია, როგორც ოკუპანტ რუსეთს“ - კვირის პალიტრა

„ნაცმოძრაობას“ ისევე სურს საქართველოში დესტაბილიზაცია, როგორც ოკუპანტ რუსეთს“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების პირველივე დღეს რუსეთის მოქალაქეების შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო, "როგორ დავტოვოთ რუსეთი ახლავე?". რუსულ საიტებზე ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი საქართველო აღმოჩნდა. ტელეგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლარსის გამშვებ პუნქტზე ისეთი დიდი საცობია, რომ ვლადიკავკაზში იძულებული გახდნენ საქართველოს საზღვრისკენ საავტომობილო გადაადგილება შეეზღუდათ. წყაროს ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ მხოლოდ ადგილობრივნომრიან ავტომობილებს მისცეს გადაადგილების ნებართვა, რის გამოც რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოს საზღვრისკენ ფეხით, სკუტერით ან ველოსიპედით წამოვიდა. Forbes.ru-ს ინფორმაციით, დღეს საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა 19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა. საქართველოს პარალელურად ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ ხშირად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში. რა პოლიტიკურ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს წარმოშობს საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა, რამდენად მზად არის ამისთვის ჩვენი ხელისუფლება და ქვეყნის მართვის როგორ სტრატეგიას აირჩევს, როცა რეგიონში ასეთი რთული­ ვითარებაა, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრს გიორგი ვოლსკის ვესაუბრეთ.

- ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა იმ ცეცხლმა, რომელიც რუსეთმა დაანთო შუა ევროპაში. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო სტაბილურ ვითარებას ინარჩუნებს. საფუძვლიანი არ გამოდგა ზაფხულში ოპოზიციის ატეხილი პანიკა. დარწმუნებული ვარ, ახლაც გავართმევთ თავს. სრული პასუხისმგებლ­ობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს საზღვარს ვერც ერთი საეჭვო პირი ვერ გადმოკვეთს. საზღვართან პროფესიონალები დგანან და მათ ინფორმაციის მოპოვება არ უჭირთ.

- როგორი შეიძლება იყოს თქვენი პასუხი იმაზე, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული განწყობების შექმნას უწყობს ხელს?

- ამ ბრალდებას ქართველი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს. მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის სინამდვილეში­ ის ძალა, რომელიც ხელს უწყობ­და რუსეთს ოკუპაციაში. გადახედეთ სტრატეგი­ული ობიექტების იმ ნუსხას, რომელიც "ნაციონალებმა" რუსებს გადააბარეს. ყველა ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის გუნდმა გადადგა, რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. დღესაც ასეა, მათ ისევე სურთ საქართველოში დესტაბილიზაცია, როგორც ოკუპანტ რუსეთს. შესაძლოა მათი მიზნები სხვადასხვაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ინტერესები არ ემთხვევა კრემლისას.

- თუმცა დასავლელ პარტნიორებს სწორედ "ოცნებასთან" აქვთ კითხვები საგარეო კურსის შესახებ, და არა "ნაციონალებთან".

- ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს,­ ხმამაღალი განცხადებების მიხედვით (ევრო­კავშირის რეზოლუციაც მაქვს მხედველობაში) ვაკეთებთ დასკვნებს­ და არ ვიხედებით სიღრმეში. არაერთი ექსპერტი და მედიასაშუალება "ნაცმოძრაობის" რიტორიკას იმეორებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია - საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სტრასბურგში დაამარცხა რუსეთის ფედერაცია და ჰააგის­ სასამართლოში,­ სხვა ქვეყნებთან ერთად, სა­რჩელი შეიტანა უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო. კიდევ უამრავი საკითხია, რაც მეტყველებს, რომ საქართველო იქ დგას, სადაც დემოკრატიული სამყაროა.

- როდესაც მიღწევებზე საუბრობთ, ჩნდება კითხვა, თუ დემოკრატიაა და ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ემიგრანტი.

- სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ემიგრაცია ყოველთვის პრობლემა იყო, ადამიანები უკეთესი ცხოვრების მოლოდინით მიდიან სხვა ქვეყნებში. ჰგონიათ, იქ უფრო მიაღწევენ წარმატებას.

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს რომან­ გოცირიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი,­ დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან?

- დავამშვიდებ ბატონ რომანს, საქართველოში არ მოხდება არაფერი ისეთი, რაც სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაუპირისპირდება.

- "ნაცმოძრაობაში" განხეთქილების შესახებ რა იცით?

- ვიცით, სერიოზული დაპირისპირებაა.­ ნიკანორ მელია მუშტების ქნევიდან­ პარტიულ მშენებლობაზეა გადასული. უცნაურია, რომ მელიას, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა, მოადგილედ დაუნიშნეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია. როგორც ჩანს, ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა ჩამოშორდეს იმ გუნდს, რომელმაც ნეგატიური კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ფაქტია, მელია ცდილობს დისტანცირდეს იმ წარსულისგან, რომელიც "ნაცმოძრაობას" აქვს. მას მაგალითად ჰყავს "ევროპული საქართველო", რომელიც იმის გამო ჩამოიშალა, რომ "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე ხელი არ აიღო. მაგრამ არც თავად აქვს ნაკლები ზარალი მიყენებული ქვეყნის სტაბილურობისთვის. რაც შეეხება კეზერაშვილს, რომელიც "ნაცმოძრაობაში" ერთ-ერთი ფრთის მხარდამჭერი აღმოჩნდა, ის ვერასდროს ჩამოირეცხავს შავ ლაქას, რომელიც მაშინ მიეცხო, როცა ბრძოლის ველზე ცხედრები დატოვა და უქონელი თავდაცვის მინისტრიდან უცებ მილიონერი გახდა...

ხათუნა ბახტურიძე