"ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს, რომ მელია უნდა გადავაგდოთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს, რომ მელია უნდა გადავაგდოთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"

"ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას გადადგომას ითხოვენ, პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის ხატია დეკანოიძე და ლევან ხაბეიშვილი იბრძვიან. ნიკა მელია უკვე ღიად დაუპირისპირდა კეზერაშვილი-მერაბიშვილის გაერთიანებას. მერაბიშვილი განაწყენებულია იმის გამო, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მელიამ მას პარტიაში დაბრუნების საშუალება არ მისცა", - ასეთი ამბები გაავრცელეს პარტიის რიგითმა წევრებმა მას შემდეგ, რაც "ნაცმოძრაობის" ლიდერმა მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ პირს ჩამოართმევს ხელს, რომელიც ივანიშვილთან ბრძოლაში დაეხმარება, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. "რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის", - განაცხადა მელიამ. მეტიც, მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კეზერაშვილს "მოოლიგარქო ტიპი" უწოდა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილისა და დეკანოიძის განხილვას, კულუარული ინფორმაციით, ხაბეიშვილს თავმჯდომარის პოსტი ძალიან უნდოდა, მაგრამ სააკაშვილმა მხარი არ დაუჭირა. როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტის რჩეული ხატია დეკანოიძეა...

"ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს, რომ მელია უნდა გადავაგდოთ"

ლევან ხაბეიშვილი: - ვწუხვარ ნიკა მელიას განცხადების გამო, თუმცა ადამიანებს, ცხადია, მათ შორის პოლიტიკურ პარტიაში, აქვთ განსხვავებული პოზიციები. მე საქართველ­ოში ერთადერთი ოლიგარქი ვიცი - ივანიშვილი. ისრების გადატანა სხვა პირზე­ ძალიან ცუდია. კეზერაშვილი არის ოპოზიციური ტელეარხის დამფუძნებელი, რომელსაც დღეს დევნიან. ამ ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ვიცნობდი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის მოხსენიებულია როგორც პოლიტდევნილი, ევროპულ რეზოლუციაში კი შავით თეთრზე წერია ამის შესახებ. ამიტომ დღეს ვიცი მე ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი, მამაცაშვილი, რომლებიც დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა უკრაინამ და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას სწორედ რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური დაჯგუფება უშლიან ხელს. მელიას აქვს თავისი პოზიცია, თუმცა არ ვიზიარებ.

- ნიკა მელიას გადადგომასთან დაკავშირებული პროცესი უკვე დაიწყო?

- არანაირი პროცესი არ დაწყებულა. ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს, რომ მელია უნდა გადავაგდოთ. სხვა თუ არაფერი, ის პარტიის არჩეული თავმჯდომარეა. რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებულ ჭორებს, მე პარტიაში თანამდებობა არ მჭირდება. უკვე მაქვს თანამდებობა - ჩვენი მოქალაქეების ნდობა.­ ასი პროცენტით გეტყვით - რომელიმე თანამდებობაზე "ნაცმოძრაობაში" ვერ მნახავთ.

"დიახ, "ნაცმოძრაობაში" არის აზრთა სხვადასხვაობა"

ხატია დეკანოიძე: - კეზერაშვილი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება არსებობდეს, ამის მიუხედავად, ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანება მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქია. ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის განცხადებით, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური ოლიგარქი და ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანება, იმისდა მიუხედავად, გვაქვს თუ არა საერთო ინტერესები.

- თქვენი პოზიციის მიუხედავად, ადასტურებთ თუ არა, რომ კეზერაშვილი პარტიაში განხეთქილების მიზეზი გახდა?

- არანაირი განხეთქილება არ არის პარტიაში. მართალია, "კეთილისმსურველებს" სურთ ასე იყოს, მაგრამ მინდა იმედი გავუცრუო. ჩვენი მთავარი ფოკუსი ივანიშვილია. ჩვენ ვიცით, რომ სხვა გადახრა ან გადმოხრა რეალურ შედეგს არ მოგვცემს.

დიახ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არის აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ, რომ ჩვენ შიდა დემოკრატია გვაქვს. ეს არ არის "ქართული ოცნება", სადაც ჩატში მიღებული გზავნილებით აკეთებენ განცხადებებს.

- გავრცელებული მოსაზრებით, პარტიის ახალ თავმჯდომარედ თქვენ მოიაზრებით.

- ამაზე არც არის საუბარი. ჩვენი მიზანი "ოცნების" ხელისუფლების შეცვლაა.

ხათუნა ბახტურიძე