მასობრივი პროტესტი ირანში - კვირის პალიტრა

მასობრივი პროტესტი ირანში

ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა 22 წლის მაჰსა ამინი, ქალთა უფლებების დამცველი და ქურთთა უმცირესობის წარმომადგენელი. ის 13 სექტემბერს ზნეობის პოლიციამ დააკავა­ ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო. დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყო­ფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ ის "გულის მოულოდნელი შეტევით" გარდაიცვალა. ნათესავებს ამინის ცხედარი არ აჩვენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელებმა დაკავებისას ამინის თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს. მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია და ქუჩაში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მსვლელობისას რამდენიმე ქალმა ჰიჯაბი დემონსტრაციულად მოიხსნა და ჰაერში ააფრიალა, ორმა ჰიჯაბებს ცეცხლი წაუკიდა, კიდევ ერთმა კი საჯაროდ შეიჭრა თმა. ზოგიერთ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი­ გაზი გამოიყენა, გვარდიელები დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდნენ, ისმოდა სროლის ხმაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულებიც. აქციების მონაწილეებმა უკვე დაიწყეს სკანდირება ლოზუნგებისა "სიკვდილი დიქტატორს!" და "ხამენეი დაემხობა!". ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამინის სიკვდილს გამოიძიებს და საპროტესტო აქციების მოწყობაში ადანაშაულებს უცხოეთის ქვეყნებს­ და უცხოეთში მცხოვრებ ოპოზიციას, რადგან ისინი ამინის სიკვდილს იყენებენ საზოგადოებრივი არეულობის გამოსაწვევად.

1979 წლის ირანის რევოლუციით შემოღებული კანონებით, ქალები ჰიჯაბს უნდა ატარებდნენ. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მორალის პოლიცია, სადაც ქალებიც მუშაობენ. წინა პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი,­ მორალის პოლიციას "მეტისმეტ აგრესიულობაში" სდებდა ბრალს. 2017 წელს პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩაცმის წესების დარღვევის გამო ქალებს აღარ დააპატიმრებდნენ, მაგრამ 2021 წლის აგვისტოდან, რაც პრეზიდენტის პოსტი იბრაჰიმ რაისიმ დაიკავა, ვითარება კვლავ გამკაცრდა - პოლიცია შეურაცხყოფს ქალებს, მათ სახეში ურტყამს, ხელკეტებით სცემს... ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანში მასობრივი აქციები იმართება. 2019 წლის იანვარში ქვეყანას­ საპროტესტო ტალღამ გადაუარა, იყო მოლოდინი, რომ რეჟიმი თუ არ ჩანაცვლდებოდა, მოსახლეობის მიმართ მოპყრობა შეიცვლებოდა. თუმცა ვითარება პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ უფრო დამძიმდა.

როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამ საკითხებზე "ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორს ემილ ავდალიანს ვესაუბრეთ.

- ირანი ეკონომიკურად ძალიან დასუსტებულია, კორუფცია ყვავის. მოსახლეობასა და მმართველ კლასს შორის გამყოფი ზოლი იმდენად დიდია, რომ ამ დიდ პროტესტს მისცა ბიძგი. ქალაქებში ხამენეისა და ხომეინის პორტრეტების ჩამოხევა­ და ისლამური რევოლუ­ციის სიმბოლიკის განადგურება დაიწყეს.

- არის საფუძველი, რომ აქციების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს და ვინ შეიძლება დადგეს ამ პროტესტის სათავეში?

- ირანში აქამდეც იყო მწვავე გამოსვლები ეკონომიკური პრობლემების გამო, მაგრამ საქმე ისლამური რეჟიმის კოლაფსამდე არ მისულა. ეს მიუთითებს, თუ რამდენად მოქნილია ისლამური რესპუბლიკა, რომელიც, მიუხედავად ბევრი სისუსტისა, მაინც ახერხებს კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას. თუმცა არის მოსაზრება, რომ მიმდინარე მოვლენები ბევრად განსხვავებულია იმ პროტესტებისგან, რაც მანამდე ყოფილა. ამიტომაც წინასწარ თქმა, მოხდება კოლაფსი თუ არა, არ იქნება მართებული.

- სიტუაციის ძალიან გამწვავების შემთხვევაში დასავლეთის ჩარევის რა შანსია?

- ირანში არ არის ის ვითარება, როდ­ესაც პოლიტიკოსები იტყვიან, დასავლეთისგან დახმარება გვჭირდებაო. მოსახლეობის უმეტესი ნაწილიც სენსიტიურად უდგება უცხოურ ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში. ამიტომ დასავლეთის გავლენა ირანის შიდა პროცესებზე მინიმალურია.

- ახლა საერთაშორისო სიტუაცია შეცვლილია, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო. რეჟიმი რომც არ შეიცვალოს, რამდენად არის შესაძლებელი, შეიცვალოს დამოკიდებულება ირანის მიმართ? ვგულისხმობ სანქციების მოხსნას­ ან შერბილებას, რაც თუნდაც ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატივას გააჩენდა მაშინ, როცა რუსეთი ევროპასთან სწორედ ენერგობერკეტებს იყენებს?

- ირანს სჭირდება­ ბირთვული შეთანხმება, რაც საშუალებას­ მისცემს, საზღვარგარეთის ბანკებში დაბლოკილი უზარმაზარი ფული დაი­ბრუნოს. მაგრამ არც ამერიკელებს უნდათ იმის დათმობა, რასაც თეირანი ითხოვს­ - ბირთვული შეთანხმებიდან­ გაუსვლელობაზე გარანტიებს. თავის მხრივ, ამერიკელებსაც სურთ შეთანხმების მიღწევა,­ რადგან თუ შეთანხმება ვერ შედგა, ირანელები­, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში შეძლებენ ბირთვული შეიარაღების­ შექმნას. ყოველ შემთხვევაში, ისრაელი და ამ საკითხის რამდენიმე მკვლევარი ამას ამტკიცებს. ამიტომაც შეთანხმება თუ ვერ შედგა, ისრაელი და ამერიკა გამოიყენებენ ცნობილ­ გეგმა B-ს, რომლის შესახებაც ბევრი დეტალი არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ დაიბომბება ირანის სამხედრო მნიშვნელობის წერტილები, ეს კი გამოიწვევს გეოპოლიტიკურ ქაოსს. იმავდროულად, დასავლეთი აკვირდება საპროტესტო გამოსვლებს იმ იმედით, რომ რეჟიმი დასუსტდება და იქნებ ირანი უფრო ნაკლებად მომთხოვნი გახდეს ბირთვულ შეთანხმებაში. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამაზე, რადგან ის გარკვეულწილად აღადგენს ურთიერთობებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ დიპლომატიურს - რომ ირანი დაბრუნდება მსოფლიო ეკონომიკაში, ბირთვულ შეთანხმებას ხელი რომც მოაწერონ, ირანის სტრატეგიული ხედვა არ შეიცვლება. შეიძლება ერთხანს პროგრამის რეალიზაცია გადაიდოს, გაჭიანურდეს, მაგრამ ირანი მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს ყველაფერს და შეუძლია კიდევ რამდენიმე წლით გაწელოს ეს პროცესი. როცა ისევ მოიკრებს ძალას, ბირთვული შეიარაღების საკითხს მიუბრუნდება. სანამ ხელისუფლებაში ისლამური რეჟიმი იქნება,­ ოფიციალური თეირანი ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის, რადგან ეს ირანის მახლობელ აღმოსავლეთში პოზიციონირების გეოპოლიტიკური ხედვის ქვაკუთხედია. ის ცდილობს მიესადაგოს იმ ახალ რეალობას, რომელიც მის ჩრდილოეთით არის - მზარდი თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსი. რისი გაკეთება შეუძლია ირანს, როდესაც მისი ახლო პარტნიორი სომხეთი­ ძალიან სუსტ მდგომარეობაშია? არცთუ ბევრი რამის - ირანს რეგიონში არც მოკავშირეები ჰყავს, არ შეუძლია პირდაპირ შეეწინააღმდეგოს თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსს, თუმცა­ განცხადებებით თუ სამხედრო წვრთნებით ცდილობს აჩვენოს, რომ არ აწყობს ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასი­აში... თუ ბირთვული შეთა­ნხმება შედგება, ეს ირანს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობაში მეტ ენერგიას­ მისცემს. თუმცა აქაც ბევრი შემზღუდველი ფაქტორია - რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ეს უკანასკნელი ყველაზე მოკრძალებულ დიდ ძალად რჩება სამხრეთ კავკასიაში.

- ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, რუსეთ-ირანის კავშირის კიდევ უფრო გაძლიერება მოსალოდნელია?

- ირანი და რუსეთი, ორივე სანქცირებული ქვეყანაა და რუსეთს აინტერესებს, ირანი სანქციებით­ როგორ ცხოვრობს. ამასთან, რუსეთისთვის ირანი გარკვეულწილად ხიდია სპარსეთის ყურესთან, ინდოეთთან, რადგან ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანზე გადის, რუსეთის იზოლაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ ორ ქვეყანას ურთიერთობა უცნაურად აქვს აწყობილი, ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ ხშირად მხოლოდ რიტორიკის და სიმბოლური ხელშეკრულებების დონეზე­ რჩებიან. სამხრეთ კავკასიაში ირანისთვის რუსეთი რეალური მოკავშირეა, რადგან რუსეთი არის მოთამაშე, რომელიც აჩერებს დასავლეთს (კერძოდ, ნატოს) და ამ მხრივ ყველა ის წინააღმდეგობა, რაც მათ ერთმანეთთან აქვთ, ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება.

რუსა მაჩაიძე