„ასე იოლად არ არის საქმე, რუსეთს ომი ჯერ არ წაუგია“ - კვირის პალიტრა

„ასე იოლად არ არის საქმე, რუსეთს ომი ჯერ არ წაუგია“

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება. რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა. ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას რეფერენდუმზე მხოლოდ ერთ კითხვაზე გასცეს პასუხი: "მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტად?", ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი ასეთი კითხვა იყო დასმული: "გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?"მართალია, პუტინი თავის ხალხს ატყუებს, რომ მობილიზაცია იმ ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად გამოცხადდა, რომელიც 27-ში ისე დასრულდა, რომ მობილიზაციის უწყებების დარიგებასაც ვერ მოასწრებენ, მაგრამ რუსები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, რადგან ომში წასვლა არ სურთ. ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მობილიზაციამ ომის მიმდინარეობა მკვეთრად შეცვალოს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი კვლავ ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. რას ნიშნავს პუტინის განცხადებები­ და მისი მუქარა, რომ ატომურ იარაღს გამოიყენებს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთი­ერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- განცხადებები, რომ მობილიზაციის გამოცხადება ვეღარაფერს შეცვლის და უკრაინამ ომი მოიგო, ძალიან სახიფათოა, რადგან, თუ რუსეთმა სერიოზული, თუნდაც დროებითი წარმატება მოიპოვა, ეს გამოიწვევს როგორც უკრაინის, ისე მისი მოკავშირეების დემორალიზაციასაც. პუტინს თავისი მოქალაქეები არ ენანება და აქვს საშუალება, რომ თავად აწარმოოს იარ­აღი და ტყვია-წამალი. ამიტომ მისი შესაძლებლობების ჩამოწერა ნაადრევია. ჩემი აზრით, რუსეთი დამარცხდება, მაგრამ დამარცხდება უშუალოდ მოსკოვში - მარცხითა და მსხვერპლით დაღლილი ხალხი, ალბათ, რაღაცას შეცვლის.

- პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაცია რეფერენდუმის უსაფრთხოდ ჩასატარებლად არის საჭიროო, მაგრამ რეფერენდუმი უკვე ჩატარდა. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს კრემლს?

- ცხადია, ეს არ არის რეფერენდუმისთვის. ხალხის თავმოყრას, ეკიპირებასა და მერე ფრონტზე გადასროლას, მინიმუმ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ეს იმის საჩვენებლად ხდება, რომ ასე იოლად უკან არ დაიხევენ. პუტინი სრულ მობილიზაციას ერიდება, რასაც შეიძლება მართლა იმ დღესვე გამოეწვია ისეთი უკმაყოფილება, რომ მისი ხელისუფლება გადაჰყოლოდა. ამიტომაც გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელსაც ნაკლებად მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, და რეჟიმი ამას რაღაცნაირად გადააგორებს.

- საერთაშორისო პოლიტიკისთვის ეს რას ნიშნავს?

- ნიშნავს იმას, რომ დიდი სახელმწიფო, სამი სუპერძალიდან ერთ-ერთი, ისეთი­ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომ ძალებისა და რესურსების მობილიზაცია სჭირდება. ომები ამერიკასაც ჰქონია და საბჭოთა კავშირსაც, მაგრამ მათ მობილიზაცია არ გამოუცხადებიათ. ამერიკა­ ისედაც ვერ გამოაცხადებდა, რადგან პროფესიული ჯარი ჰყავს, უბრალოდ, მასშტაბზე ხაზგასასმელად მოვიტანე ეს მაგალითი. ჩინეთს კი მასშტაბური ომი არ უწარმოებია, 1970-იანი წლების ბოლოს ვიეტნამთან ჰქონდა პატარა ომი. ამ ქვეყანას კი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აგრესიულია, ძალების სერიოზული თავმოყრა დასჭირდა. ფაქტია, უჭირს და ეს გამოვლინდა კიდეც, მაგრამ მოდი, ჯერ ნუ ჩამოვწერთ, ისე არ მოგვივიდეს, როგორც 1990-იან წლებში მოგვივიდა, როდესაც რუსეთი ინგრეოდა და ჩვენ ნანგრევებში მოვყევით.

- პუტინი ისევ ბირთვული იარაღით დაიმუქრა და თქვა, რომ შანტაჟს მთელი არსე­ნალით უპასუხებს.

- მგონი, ის მართლა უშვებს და არა მარტო იმუქრება, რომ თუ ფრონტზე ძალიან გაუჭირდა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მით უმეტეს, ახლა, როცა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ახდენს. იტყვის, მე საკუთარ ტერიტორიას ვიცავ და ამ იარაღის გამოყენების ლეგიტიმური უფლება მაქვსო. იმის მიღწევა უნდა, რომ ამაზე არავინ უპასუხოს - ანუ შესაძლოა გაჩნდეს მოლოდინი, რომ თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარა­ღს, მაშინ ამერიკა გამოუცხადებს რუსეთს ომს და ესვრის ატომურ ბომბს. მაგრამ ეს არ მოხდება და პუტინი ყველას აფრთხილებს, რომ რამე არ გაბედონ. თუმცა ტაქტიკურ ატომურ იარაღს თუ გამოიყენებს, ამას რუსეთის კიდევ მეტი იზოლაცია და რუსეთის მოქალაქეების თვალში მისი უფრო დიდი დელეგიტიმაცია მოჰყვება. მისთვის ეს მორალურად კატასტროფული იქნება, მაგრამ არა მგონია, ამას ამერიკიდან ბირთვული იარაღის სროლა მოჰყვეს მოსკოვის ან საზოგადოდ, რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, რადგან ეს მსოფლიოს გადაბუგავს.

- რა შანსია, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გარდა, სხვაც გამოიყენოს?

- ეს გამორიცხულია. ტაქტიკურიც მორალურად და პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ეს თავად რუსებისთვისაც ისეთი შოკი იქნება, რომ რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ გამოვა. ამიტომ აქამდე თავადაც არ მიიყვანენ საქმეს. მათ უკრაინის ტერიტორიის წაღება სურთ, მაგრამ არა თვითმკვლელობა.

- თუ პუტინი ფიქრობს, მაინც წავაგე და ჩემს მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, ხომ შეიძლება წავიდეს მსოფლიოს განადგურებაზე?

- თუ დავუშვებთ, რომ მართლაც დააპირა ეს, იმედი ვიქონიოთ, რომ მისი გარემოცვა შეეწინააღმდეგება. ბოლოს და ბოლოს, ღილაკს ხომ უნდა დააჭიროს ვიღაცამ ხელი და იმედია, გარშემო ყველა გიჟი არა ჰყავს.

- რუსეთის მოკავშირეებიდან ვინ შეიძლება ამ ომში ჩაერთოს?

- ლუკაშენკო კარგად მანევრირებს, ის ყველანაირად მოერიდება ამ ომში ჩარევას. ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, სხვა რომელიმე ქვეყანა ჯარით ჩაებას ომში.

- მობილიზაციის გამოცხადება დაემთხვა­ ირანში აქციებს. სხვათა შორის, პუტინის განცხადება წინადღეს იყო დაანონსებული, მერე მოულოდნელად გადაიფიქრეს ისე, რომ ანონსებიც კი წაშალეს. შესაძლებელია ეს მართლა დამთხვევა იყოს, თუ რაიმე კავშირი აქვს ამ ორ მოვლენას?

- ირანში მსგავსი პროტესტები პერიოდულად არის ხოლმე და არა მგონია, პუტინის განცხადებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. რაც შეეხება განცხადებას, ალბათ, ვერ გადაწყვიტეს, როგორი მობილიზაცია გამოეცხადებინათ და ამიტომ გადაიდო.

- თქვით, ნანგრევებში არ მოვყვეთო და, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოვყვეთ?

- 1980-იანი წლების ბოლოს, როცა რუსეთის საბჭოთა იმპერია ინგრეოდა, ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე პატარა რესპუბლიკა, ყველაზე დაუცველი იმ გაგებით, რომ განსხვავებით ბალტიისპირეთისგან, დასავლეთი მხარს არ გვიჭერდა და პლუს გვქონდა ორი ნაღმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სახით, ჩვენ ვიყავით ყველაზე აქტიური მათ შორის, ვინც კი რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამას კიდევ ემატებოდა ჩვენი ძალიან სერიოზული ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ამ სიტუაციაში ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე აღმოვჩნდით, აბსოლუტურად გამოუცდელები და გარედან მხარდაჭერის გარეშე. რუსეთმა ბალტიისპირეთს ვერაფერი უქნა და ჯავრი ჩვენზე იყარა. ახლაც არ მოხდეს ისე, რომ ვიღაცებმა ირწმუნონ, რუსეთმა ომი წააგოო. ასე იოლად არ არის ჯერ საქმე, რუსეთს ომი ჯერ არ წაუგია. ამიტომ ზეიმი არ არის საჭირო. უნდა ვიმუშაოთ წყნარად, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ უკრაინას თუნდაც ჰუმანიტარულად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

რუსა მაჩაიძე