ტერორიზმი მოსახლეობის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ტერორიზმი მოსახლეობის წინააღმდეგ

რუბრიკაში "სამო­ქა­ლა­ქო­­ თავდაცვა" სიამოვნებით ვუპასუხებთ მკითხველის კითხვებს, რომელთა გამოგზავნა ჩვენს საი­ტზე­www.kvirispalitra.ge ­გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

ომებიდან, ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფებიდან მომდინარე სასიკვდილო საფრთხეების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეები შეიძლება დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, თუკი შემთხვევით ტერორისტული აქტის ახლომახლო მოხვდნენ ან სულაც განზრახ გახდნენ მისი სამიზნე.

როდესაც ომის დროს მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს შორს მსროლელი არტილერიისა თუ ავიაციის გარეშე, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ფარული მოქმედებების შედეგად ანადგურებენ, ეს დივერსიად მიიჩნევა, მაგრამ ტერორისტული აქტი, ძირითადად, მშვიდობიანობის დროს ხორციელდება და ის მოსახლეობის წინააღმდეგ უფროა მიმართული.

ლათინური სიტყვა ტერრორ შიშს, საშინელებას ნიშნავს და ეს სიტყვა მსოფლიოში მე-18 საუკუნის ბოლოს, საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ გავრცელდა.

თანამედროვე ტერმინოლოგიით ტერორიზმი ნიშნავს პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური და რელიგიური მიზნების მისაღწევად ძალისმიერი მეთოდებით განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებს.

ტერორიზმი ორი სახის შეიძლება იყოს - ინდივიდუალური და ორგანიზებული.

ინდივიდუალურ ტერორისტულ აქტს ერთი, მაქსიმუმ ორი შემსრულებელი ჰყავს, რომლებიც, როგორც ისტორია გვაჩვენებს, ხშირად შეიძლება ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები იყვნენ.

ორგანიზებული, იგივე კოლექტიური ტერორიზმი ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარ დაგეგმილი, კარგად დაფინანსებული და გაანალიზებული ქმედებებია და ამიტომ შეიძლება უფრო სახიფათო იყოს მოსახლეობისთვის.

ტერორისტული აქტების მიზნები შეიძლება იყოს ეროვნული (სეპარატისტული ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი, გააჩნია რომელი მხარე როგორ ინტერპრეტაციას გამოიყენებს), რელიგიური (მაგალითად, სხვადასხვა ან ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის დაპირისპირება (კათოლიკეები-პროტესტანტები, სუნიტები-შიიტები), ასევე რელიგიური რადიკალების ძალისმიერი ქმედებები ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის სათავეში მოსასვლელად) და იდეოლოგიური (ერთი საუკუნის წინ ბოლშევიკების მიერ ოფიციალურად გამოცხადებული "წითელი ტერორი" და ფაშიტების "ყავისფერი ტერორი").

ბოლო პერიოდში ამ ნუსხას დაემატა ეკოლოგიური ტერორიზმიც, როდესაც "ეკო­ლოგებად" მონათლულ ექსტრემისტთა ჯგუფები ფლორა-ფაუნის გადარჩენის მოტივით ცეცხლს უკიდებენ სატვირთო ავტომობილების სადგომებს, ქიმიურ ლაბორატორიებს, სასაკლაოებს, ძირავენ ვეშაპებზე მონადირე გემებს...

ტერორიზმის სახეობათა სიას ბევრ ქვეყანაში ოპოზიციური ძალები უმატებენ სახელმწიფო ტერორიზმსაც, რაც, მათი აზრით, გამოიხტება ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სხვადასხვა ხერხით შევიწოროება-დაპატიმრებითა და მკვლელობითაც კი.

რა თქმა უნდა, ტერორიზმის ყველაზე რეზონანსული გამოვლინებაა ტერორისტული აქტი კონკრეტული ცნობილი პიროვნების, ხშირად - სახელმწიფოს მეთაურის მოსაკლავად.

რატომ შეიძლება დაემუქროს ნებისმიერი სახის ტერორისტული აქტი ჩვეულებრივ მოქალაქეს?

ტერორიზმი იგივე ომია, ოღონდ - ფრონტის ხაზის გარეშე, შესაბამისად, მოქალაქემ არ იცის, როდის და სად შეიძლება გამოვლინდეს ეს ტერორისტული ომი სროლისა თუ აფეთქების სახით.

მიიჩნევა, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილები ყოველთვის უფრო სახიფათოა, რადგან იქ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს შეიძლება გაცილებით მეტი ადამიანი შეეწიროს, ამიტომ როდესაც ქვეყანაში არსებობს ტერორისტული აქტების საფრთხე, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან. ასეთ დროს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც უქმდება ან გადაიდება, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება, არ სურს რა, ქუჩებში ოპოზიციური მიტინგების ხილვა, შეიძლება ცრუ ტერორისტული საფრთხითაც თრგუნავდეს მოქალაქეებს.

როგორ ახორციელებენ ტერორისტულ აქტს?

ტერორისტებმა შეიძლება ისეთი მოქმედებები ჩაიფიქრონ და განახორციელონ, რომელთაც არც აფეთქების ხმა მოჰყვება და არც - ავტომატის ჯერი, მაგალითად, "ბინძური რადიოაქტიური ბომბით" დაასხივონ მოქალაქეთა ჯგუფი ან მოწამლონ სასმელი წყლის რეზერვუარები, მაგრამ ამას შესაბამისი "საინფორმაციო ბომბის" აფეთქების ეფექტიც ნაკლებად ექნება, ამიტომ ტერორისტები ისევ ძველ მეთოდებს - ბომბებსა და ცეცხლსასროლ იარაღს ირჩევენ.

სპეცსამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები რომ ვერ აღმოაჩინონ, ტერორისტები მათ სხვადასხვაგვარად ნიღბავენ, ხშირად ავტომობილებსა თუ მოტოციკლეტებშიც ამონტაჟებენ, რადგან ამ სატრანსპორტო საშუალებების მიყვანა მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ძნელი არ არის.

დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამალვა შეიძლება ნაგვის ურნებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებში, მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურებზე - მოკლედ, ასეთი ადგილების სია შეიძლება ძალიან გრძელი გამოვიდეს და ამას მშვიდობიანი მოქალაქე ვერ მიხვდება, თუმცა დაკვირვებულობა ყველას მოეთხოვება. თუ შეამჩნიეთ, რომ ადამიანმა რაღაც ნივთი დადო და სწრაფად გაეცალა იქაურობას, თან ნერვიულობაც ეტყობოდა, არ დაიზაროთ და სასწრაფოდ დაუკავშირდით პატრულს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩინოთ არასაჭირო ინიციატივა და თავად არ მოინდომოთ ამ საეჭვო ნივთის დათვალიერება.

სულ სხვა ფენომენია ტერორისტი-კამიკაძე. ის გაცილებით საშიშია, ვიდრე ტერორისტი, რომელიც შორი მანძილიდან დისტანციურად აფეთქებს ბომბს და საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება.

ტერორისტი-კამიკაძე იდეურად მზად არის, სიცოცხლე "მაღალ იდეალებს" შესწიროს. მისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მათ შორის - სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე გაიყოლოს თან.

რატომ აწყობენ ტერორისტები აფეთქებებს ხალხმრავალ ადგილებში?

უმეტესობა იმ ტერორისტული აქტებისა, რომლებიც დღემდე მოუწყვიათ მარტოხელა თუ ორგანიზებულ ტერორისტებს, მიზნად ისახავდა მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსის გამოწვევას. გავიხსენოთ თუნდაც 11 სექტემბრის ტერაქტების სერია აშშ-ში, როდესაც საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა სამგზავრო თვითმფრინავები ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ყველაზე ცნობილი შენობების - "ტყუპებისა" და პენტაგონისკენ მიმართეს.

ამ ტერორისტული აქტების განმახორციებელთა გეგმა იყო, ეს "სასიკვდილო სანახაობა" მხოლოდ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მცხოვრებთა ნაწილს კი არა, მთელ მსოფლიოს ენახა პირდაპირი ეთერით, ამიტომაც ეს ტერაქტები დღისით მოხდა.

ტერორისტთა უმეტესობას სურს, მათი "გმირობა" რაც შეიძლება მეტმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქოს, რომ უფრო ცნობილი გახდნენ.

სენსაციაზე მონადირე ჟურნალისტთა ნაწილი და საინფორმაციო საშუალებები ამ დროს უნებურად ტერორისტების "სამსახურში დგებიან", ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მოსახლეობას ინფორმაციაც დროულად მიაწოდო და არც თავად გახდე ტერორისტების უნებლიე "პარტნიორი".

თვალსაჩინოებისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება: ხუთი წლის წინ თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე, ჩეჩნური წარმოშობის სამკაციანი ტერორისტული ჯგუფის გაუვნებლების ოპერაციისას ზოგიერთი ქართული ტელეარხი პირდაპირი ეთერით გადასცემდა საცხოვრებელ კორპუსში ანტიტერორისტული ჯგუფების ფარული შეღწევის კადრებს. ერთ-ერთ სადარბაზოში გამაგრებული ტერორისტები ისროდნენ და ტელევიზორის საყურებლად არ ეცალათ, თორემ ადვილად გამოიცნობდნენ, რომელი ფანჯრებიდან შედიოდნენ სპეცრაზმელები... თუმცა ამ სპეცოპერაციის გაშუქების აკრძალვა მეორე უკიდურესობა იქნებოდა, რადგან მოსახლეობას, განსაკუთრებით - სპეცოპერაციის სიახლოვეს მცხოვრებლებს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ, რა ხდებოდა. ასეთ ექსტრემალურ დროს ძალოვანი სტრუქტურების მიერ მასმედიის მუშაობის აკრძლვა წარმოშობს ათას ჭორსა თუ ცრუ ინფორმაციას, რომელთა სოციალური ქსელებით უსწრაფესი გავრცელება უდიდეს პრობლემად შეიძლება იქცეს.

რა არის ორმაგი ტერაქტი და რატომ უნდა უფრთხილდნენ მას მოქალაქეები?

ზოგიერთი ტერორისტი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ცდილობს, მის არაადამიანურ ქმედებებს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწიროს. ამისთვის იყენებენ ე.წ. ორმაგ ტერაქტს: როდესაც პირველი აფეთქების ადგილზე თავს იყრიან თვითმხილველები, სასწაფო დახმარების მუშაკები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, ამ დროის სიახლოვეს ახალი აფეთქება ხდება, რომელმაც პირველზე მეტი მსხვერპლი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომაც ასეთ ურთულეს მომენტში, როგორი ტრაგიკული სიტუაციაც უნდა იყოს აფეთქების ადგილზე, სასწრაფოდ გაერიდეთ იქაურობას და მომხდარი მობილური ტელეფონით შეატყობინეთ პატრულს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში თითქმის ყველა სახის ტერორისტული აქტის მომსწრე გავხდით: ქვეყნის მეთაურის მანქანა ერთხელ მიმართული მოქმედების ნაღმებით ააფეთქეს, მეორედ კი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები მოარტყეს; საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებისკენ ნასროლი ხელყუმბარა თბილისის მთავარ მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებში ჩავარდა და, საბედნიეროდ, არ აფეთქდა, თორემ მსოფლიოში ყველაზე რეზონანსული ტერაქტის "სამშობლო" გავხდებოდით; თბილისის ფოსტაში სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ საეჭვო ამანათის შემოწმებისას აფეთქება მოხდა; რამდენიმე ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი მანქანაში ააფეთქეს; კარგად შეიარაღებულ ტერორისტთა ჯგუფს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო თითქმის მთელი დღე დაპყრობილი ჰქონდა და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა სპეცდანიშნულების ჯგუფებს. ბანკებზე ასე გახშირებული შეიარაღებული თავდასხმები, მართალია, უფრო ძარცვის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ როდესაც ამას მძევლების აყვანა ემატება, მომხდარი უკვე ტერორისტულ ელფერს იძენს.

საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ უცხო ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მძევლებად აყვანის ვრცელ თემას შემდეგ ნომერში შევეხებით. ახლა მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ პირადად ვუკავშირდებოდი როგორც მძევლებს, ისე - ტერორისტებს.