თბილისელი მელაკუდა - კვირის პალიტრა

თბილისელი მელაკუდა

თბილისში, ქალაქში, სადაც მიუსაფარ ძაღლებსა და კატებსაც კი მტრობენ, გარეული ცხოველი, მელაკუდა ადამიანებს დაუმეგობრდა. ასეთი ურთიერთობა უნიკალური ნამდვილად არ არის და ანალოგიურ ფაქტებს სხვადასხვა ქვეყნის მედიაშიც ნახავთ. მეტიც, ჩვენთანაც ბოლო წლებში გახმაურდა ფშაველი მელაკუდას ამბავი, რომელიც ადგილობრივ რესტორანს სტუმრობდა და სიამოვნებით მიირთმევდა საჭმელს, რომელსაც იქ მომსახურე პერსონალი არ აკლებდა. მელა ძალიან ფრთხილი და ეჭვიანი ცხოველია, ამიტომაც მისი ადამიანებთან დაახლოება იქნებ ბუნებისგან გზავნილია. იქნებ უენო არსებები გვანიშნებენ, რომ ჩვენს გარემოში, სადაც აგრესია და ზიზღი მომძლავრდა, როგორმე უნდა მივხვდეთ, რომ არაფერს ისეთი ძალა არა აქვს, როგორიც მეგობრობას, სიყვარულს და სიკეთეს. მელაკუდა, რომელიც კუს ტბის ერთ ტყიან ფერდობზე ცხოვრობს და ყოველდღე ელოდება ორი, მისთვის ძვირფასი ადამიანის ნაბიჯების ხმას, მელა, რომელიც ადამიანის ხელიდან საჭმელს ჭამს და ძაღლებთან თამაშობს, განსაკუთრებულია, რადგან ბუჩქებში მალვას ურთიერთობა და მტრის მოყვარედ მოქცევა არჩია. გია იაშაღაშვილი და ლორენცო შარანგია კუს ტბაზე თითქმის ყოველდღე დადიან. მელა მხოლოდ მათთან მიდის.

გია იაშაღაშვილი: ორი წლის წინ ავტოსადგომზე მანქანა დავაყენეთ და სარბენლად წრეზე უნდა გავსულიყავით, რომ უცებ ბუჩქებიდან მელა გამოჩნდა, პატარა, ძალიან ლამაზი. იდგა, მონუსხულივით გვიყურებდა. ძალიან გაგვიკვირდა. გავუღიმეთ და გზა განვაგრძეთ. გამოგვყვა. ძალიან კი გვეუცნაურა, მაგრამ არ მივბრუნდით, რომ არ დაგვეფრთხო. წრემდე გვდია, მერე უკან დაბრუნდა.

მეორე დღესაც, მანქანა დავაყენეთ თუ არა, ისევ გამოჩნდა, ისევ აგვედევნა. ასე გაგრძელდა ერთი კვირა. მივხვდით, რომ მეგობრობა უნდოდა და საჭმელი წავუღეთ.­ ამჯერად ძალიან ახლოს მოვიდა. ჭამა, გაიხარა, მადლიერი აკუნტრუშდა. მას შემდეგ, ყოველ დილით, დაბარებულივით ერთსა და იმავე ადგილას გველოდება.

მერე სხვებმაც მოგვბაძეს, მისთვის ბევრს ამოაქვს საკვები, მაგრამ ახლოს მხოლოდ ჩვენთან მოდის. მოფერების საშუალებას არ გვაძლევს, არც ვცდილობთ, რომ არ დაფრთხეს. ძუა. ჯერჯერობით ლეკვები არ გვინახავს, ალბათ, არ ჰყავს. მეორეც გამოჩნდა, მაგრამ ის ახლოს არ მოდის.

ერთ ქალს ორი პატარა ლამაზი ცუგა ამოჰყავს. მათ დანახვაზე სიხარულით ყირაზე გადადის, უნდა ნახოთ, როგორ ეთამაშება. არადა, სხვა ძაღლებს გაურბის. ჩვენთან შეხვედრისას, თუ ქუჩის ძაღლები გაეკიდნენ, ისარივით შევარდება ტყეში, ძაღლებს გაიტყუებს, წამში გზა-კვალს აურევს და უკან, ჩვენთან ბრუნდება.

ახლა ბეწვი გამოიცვალა და ისეთი ლამაზი არ ჩანს, როგორიც ზამთარშია. აცივდება თუ არა, შეიმოსება საოცარი ქურქით, კუდი კიდევ უფრო აუფუმფულდება და მისი ნახვა ერთ რამედ ღირს. ადრე ძაღლი მყავდა, უჭკვიანესი გერმანული ნაგაზი, სიბერით მომიკვდა. იმის შემდეგ ცხოველი არ მყოლია. ალბათ, იმიტომ, რომ ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გავურბი. ეს მელა ძალიან შემიყვარდა. რომ ვერ ვნახო, რომ დაიკარგოს, რამე რომ მოუვიდეს, გული მეტკინება.

ვიცი, ბევრი ცდილობს მასთან დაახლოებას და არ მინდა ნებსით ან უნებლიეთ რამე დაუშავონ. ის ხომ განსაკუთრებული მელაა, რომელიც მოვიდა და გვითხრა, მომიშინაურეთო. ცხოველები გვაძლევენ ნიშნებს და უნდა მივხვდეთ, რომ არაფერია კეთილ ურთიერთობაზე კარგი. დედამიწას თუ მართლა სიყვარული ატრიალებს, ეგ სიყვარული მელაკუდას და ჩვენს გულებში მოგიზგიზე ცეცხლით იკვებება, ცეცხლს კი ფიქრი აგიზგიზებს, ფიქრი, მე რომ კუს ტბის გზაზე შედგომისთანავე ამეკვიატება, ნეტავ როგორ არის მელაკუდა, ხომ მოვა-მეთქი. ისიც ჩვენი ნაბიჯების ხმას ელოდება და რომ წარმოვიდგენ, მისი ლოდინის სიმძიმეს, გული მიჩუყდება.

p.s. იქ, სადაც მელამ და ადამიანმა ერთმანეთი მოიშინაურეს, ადამიანებმა უფრო მეტი უნდა შევძლოთ, მეტი სიყვარული უნდა მივაწოდოთ დედამიწას.