"თუ ივანიშვილი ეცდება დააბრუნოს საქართველო დამყაყებული რუსეთის გავლენის ქვეშ, მაშინ ჩვენი პოზიციაც უკიდურესად რადიკალური იქნება"
"აშკარაა, რომ ძალიან გაღიზიანებული და დაბნეულია სააკაშვილის ხელისუფლება"
ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის ბიძინა ივანიშვილის პირველივე პოლიტიკური განცხადებებით ცხადი შეიქნა, რომ ის ხელისუფლების უკიდურესად რადიკალურ ოპონირებას აპირებს. მან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებებით და დამთავრებული მედიის თავისუფლებით, გაამახვილა ყურადღება და უახლოეს პოლიტიკურ მიზნად საკუთარ პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა დასახა. ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ თუ შეფარვით ლაპარაკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა კრემლის მორიგი პროექტია. ამაზე ჩვენთან საუბარისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემაც მიანიშნა:
- მე არ ვიცნობ ივანიშვილს, თუმცა მე კი არა, ამ ქვეყანაში უმრავლესობა არ იცნობს, შესაბამისად, არავინ არაფერი იცის მისი პოლიტიკური ანატომიის შესახებ. ჩემთვის უპირველესად მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულება ექნება მას ჩვენს უშუალო მეზობლებთან და რა პოლიტიკის წარმართვას დააპირებს. თუ ივანიშვილი ეცდება დააბრუნოს საქართველო დამყაყებული რუსეთის გავლენის ქვეშ, მაშინ ჩვენი პოზიციაც უკიდურესად რადიკალური იქნება და ამას ნამდვილად არ დავუშვებთ.
ის აცხადებს, რომ თურმე ერთ წელიწადში შექმნის იმგვარ პარტიას, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა. აშკარად ძალიან აწეულია პოლიტიკური თამასა, რაც აჩვენებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რადგან მსგავსი რამ ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემთხვევაში ყოვლად წარმოუდგენელია. ამბობს, რომ რუსეთთან დაალაგებს ურთიერთობას, მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია პოლიტიკოსთა იმ ჯგუფისგან, რომელიც კრემლში დადის და ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. ძალიან არ მინდა, ბიძინა ივანიშვილი კრემლის კარზე ამ სამარცხვინო როლში ვიხილო. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ეს აურაცხელი ქონება ივანიშვილმა რუსეთში იშოვა და თუ შეეცდება ეს ფული აქ კრემლის ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს, აუცილებლად მიიღებს საზოგადოების ანტაგონიზმს, რადგან ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
დავინტერესდით, მიიჩნევენ თუ არა, რუსულ პროექტად ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას პარტიაში "თავისუფალი დემოკრატები", მოგეხსენებათ, ეს პარტია საქართველოში ერთ-ერთ პროდასავლურ პარტიად მიიჩნევა.
ალექსი პეტრიაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:
- ივანიშვილის ყველა ის განცხადება, რაც შეეხებოდა ქვეყანაში არასწორ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობას, სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ნამდვილად ემთხვევა ჩვენი პარტიის ხედვას. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ოპოზიციისთვის ფინანსური წყაროების გადასაკეტად, დღეს კი ივანიშვილის, რომელიც დიდი ქონების პატრონია, გააქტიურება "ნაცმოძრაობას" ბევრ თავსატეხს გაუჩენს. აშკარაა, ძალიან გაღიზიანებული და დაბნეულია სააკაშვილის ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, ეს ერთი მხრივ მაშინებს კიდეც, რადგან თუ სააკაშვილმა დაინახა ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე, შეიძლება ახალ, დიდ ხათაბალაში გახვიოს ქვეყანა. ხელსუფლების ძალადობა მართლაც მასშტაბურია, მაგრამ ამან შეიძლება ტოტალური სახე მიიღოს.
- ხომ არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის თანამშრომლობა ან ხომ არ აპირებთ კონსულტაციების გამართვას მომავალში?
- შემოთავაზება არ ყოფილა. ირაკლი ალასანია პირადად არ იცნობს ბატონ ივანიშვილს, თუმცა კონსულტაციებს, ვფიქრობ, წინ არაფერი უდგას, როდესაც უკვე ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ძალა, ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მასთან.
- არ შეგიშლით ხელს ის, რომ ივანიშვილს ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი? ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშილი შესაძლოა კრემლის ახალი პროექტია.
- ბიძინა ივანიშვილი კარგა ხანია საქართველოში ცხოვრობს და ქველმოქმედებას ეწევა. უმარავი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, რომელიც სხვადასხვა დროს სააკაშვილმა მშვენივრად მიითვისა, უკაცრავად და, მაშინ არ იყო კრემლის პროექტი და ახლა გახდა?.. ამგვარი იარლიყების მიწებება ახალი ამბავი არ არის ამ ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, მეთოდები მოუძველდათ, ივანიშვილთან ამგვარი შავი პიარით ვერაფერს გააწყობენ.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)