„დღევანდელი მოდა ჩვენს სიზარმაცეზე მეტყველებს“ - კვირის პალიტრა

„დღევანდელი მოდა ჩვენს სიზარმაცეზე მეტყველებს“

როსელა ჯარდინი იტალიელი დიზაი­ნერია. მან ფრანკო მოსკინოს კვალდაკვალ დაიწყო თავისი კარიერა, 1994 წელს ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ კი მის ბრენდს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. მოსკინომდე ის ბოტეგა ვენეტას და ნიკოლა ტრუსარდის მრჩეველი იყო, მოსკინოსთან მუშაობა კი მის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი და შთამბეჭდავი პერიოდი აღმოჩნდა.

"32 წელი ერთ ბრენდში მუშაობის შემდეგ წასვლა შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის - იხსენებს ჯარდინი - მე შევცდი, როდესაც ბრენდი ჩემს საკუთრებად მივიღე. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი წასვლის შემდეგ კრეატიულ დირექტორად მოვიდოდა რომელიმე ჩემი ასისტენტი, მე კი მის მრჩევლად დავრჩებოდი მოსკინოს სახლში".

ამის ნაცვლად ბრენდის სათავეში მოვიდა ახალგაზრდა დიზაინერი ლოს-ანჯელესიდან - ჯერემი სკოტი, რომელმაც სენსაციურობა აირჩია. მან კოლექციები შექმნა "ბარბისა" და "მაკდონალდსის" თემატიკაზე და, ძირითადად, სპორტული ხაზი განავითარა. "უმეტესად მოსკინოს სამოსი მეცვა, მაგრამ "მაკდონალდსის" ბლუზით ვერ ვივლი, ვერც ჩემი მეგობრები ივლიან", - განაცხადა ჯარდინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

როსელა ჯარდინის მუშაობის პერიოდში მოსკინო მსოფლიო ტურნეს დროს თანამშრომლობდა მადონასა და ლედი გაგასთან და ქმნიდა სამოსს 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის.

wifur2-1664123734.jpg

დღეს მილანელი დიზაინერი თავის ბრენდს ქმნის, ცხოვრობს მილანის ერთ-ერთ სახელგანთქმულ უბანში დონატელა ვერსაჩესა და მუჩია პრადას მეზობლად. ის აქტიურად უზიარებს თავის გამომწერებს ფოტოებს, რომლებზეც სტილის, დიზაინის, ფერთა გამისა და სამოსის ბევრ საინტერესო­ დეტალს აღმოაჩენთ. როსელა ჯარდინი ექსკლუზიურად პასუხობს "კვირის პალიტრის" კითხვებს.

- ყოველთვის მიყვარდა სამოსი. ჩემი ბავშვობის მოგონებებიც კი სამოსს უკავშირდება და ხშირად ბავშვობის წლებს­ სწორედ სამოსის მიხედვით ვიგონებ. კვირაობით, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ყვითელ კაბას მაცმევდნენ. არასდროს დამავიწყდება ჩვენს სახლში მკერავის ვიზიტი.­ მაშინ 11 წლის ვიყავი და ჩემთვის კაბა უნდა შეეკერათ. მე მინდოდა მუხლამდე ყოფილიყო, მაგრამ დედამ არ დამანება და კაბა შუა წვივამდე დამიგრძელა. მახსოვს,­ ამის გამო როგორ უბედურად ვგრძნობდი­ თავს.

- როგორ იწყება როსელა ჯარდინის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი დღე იწყება ლოგინში საუზმით და მეუღლესთან ერთად პრესის გაცნობით. შემდეგ ჩემს უსაყვარლეს ძაღლებს, სპანიელის კავალერ კინგის ჯიშის წარმომადგენლებს, ჩარლისა და ჯოლის ვეფერები. მერე ვდგები და აბაზანაში ვნებივრობ. დილის რუტინის განუყოფელი ნაწილია აბაზანის შემდეგ ფანჯარასთან მაკიაჟის გაკეთება. დიახ, ზუსტად ფანჯრის წინ, იატაკზეა ის განათება, რომელიც მე მჭირდება მაკიაჟის კეთების პროცესში. შემდეგ იწყება დღის ლუქის არჩევა. საწოლზე ვალაგებ ჩემს სამოსს და ვურჩევ შესაბამის აქსესუარებს. ყველაფერი საწოლზე მაქვს მიმოფანტული, სანამ გადავწყვეტ, რომელს ვირჩევ.

- 1994 წლიდან 2013 წლამდე მოსკინოს სახლის კრეატიული დირექტორი იყავით. როგორ გაიცანით ფრანკო მოსკინო?

- ფრანკო გავიცანი ორი საერთო მეგობარი მოდელის მეშვეობით. პროექტ Alvear-ში მიწევდა მათთან თანამშრომლობა.­ ერთმანეთს ნიუ-იორკში შევხვდით, ქალაქში­, რომელიც ფრანკოს ძალიან უყვარდა და მე ხშირად მიწევდა იქ ყოფნა, რადგან­ მაშინ­ "ბოტეგა ვენეტაში" ვმუშაობდი. მაშინვე ერთად დავიწყეთ მუშაობდა იმ ბრენდისთვის, სადაც მუშაობდა. Cadette-ი 1980-იან წლებში ფანტონების ოჯახმა შეისყიდა. ეს იყო იტალიური მზა სამოსის ბრენდი, რომელიც 1966 წელს დაფუძნდა და მას სახელი სწორედ ფრანკო მოსკინომ გაუთქვა თავისი კრეატიული, ექსტრავაგანტური ხედვით. ბრენდის გაყიდვის შემდეგ ფრანკომ გადაწყვიტა თავისი სახელობის მოდის სახლი დაეფუძნებინა და მეც უყოყმანოდ გავყევი. ჩემი მიზანი იყო, ქალებისთვის მიმენიჭებინა ისეთი თავდაჯერებულობა, რომ ქმრის ნათქვამი ფრაზისთვის - "ეს არ გიხდება, ძვირფასო" - ყური არ დაეგდოთ. ერთადერთხელ ასწია ჩემმა მეუღლემ წარბი, როდესაც მარჯიელას ძალიან, ძალიან განიერი შარვალი მეცვა. ქალები ხშირად განვიცდით ტრანსფორმაციას ჩვენი სურვილის მიხედვით, ამიტომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების და თამამი გადაწყვეტილებების.

ფრანკოს გვერდით გატარებული 10 წელი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ეს იყო გულწრფელი ურთიერთგაგება. სიამოვნებით მახსენდება მისი მახვილი გონება და ირონიანარევი იუმორი. შაბათობით როცა ვსეირნობდი, ხშირად ვჩერდებოდი მოსკინოს მაღაზიასთან, შევდიოდი და მყიდველებს რჩევებს ვაძლევდი. რა ვქნა, ვერაფერი მოვუხერხე ამ ჩვევას... ბევრ ქალს, განსაკუთრებით ასაკოვნებს, დახმარება სჭირდებოდათ, რადგან სტილისა და სამოსის შერჩევისას თავდაჯერებულობა აკლდათ.

- თქვენი აზრით, მომავალში ტრენდები აქტუალურობას დაკარგავს?

- დღეს ინტერნეტმა ჩაყლაპა დრო, შემოქმედებითობა და მომხმარებელი. მე მწამს გონივრული და დახვეწილი ელეგანტურობის, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პიროვნებასთან, მის ინდივიდუალიზმთან, მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, ციფრული ტექნოლოგიები ყველას და ყველაფერს შთანთქავს.

- დღევანდელი მოდა რას მოგვითხრობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

- დღევანდელი მოდა ჩვენს სიზარმაცეზე მეტყველებს. ყველამ აირჩია სპორტული სამოსი, თითქოს მაისურისა და ბოტასის გარდა აღარაფერი არსებობს.

- 2015 წელს დააარსეთ თქვენი სახელობის ბრენდი "როსელა ჯარდინი"...

- დიახ, გადავწყვიტე ჩემი ხაზის შექმნა, რადგან ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ვეღარ ვპოულობდი ისეთ სამოსს, რომელიც მომეწონებოდა, ამიტომ თვითონ დავხატე ის, რაც უნდა ჩამეცვა.

- ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებთ ფოტოებს სახელწოდებით - "თხის რქა ჰერმესის ასცენდენტით". რას გულისხმობთ?

- ასე მეძახდა ფრანკო. ძალიან დიდი კოლექცია მაქვს "ჰერმესის" აქსესუარებისა და ჩანთების. მათი უმრავლესობა ფრანკოს ნაჩუქარია. ყოველთვის, როცა სამოგზაუროდ მივდიოდით ან დღესასწაული ახლოვდებოდა, ფრანკო "ჰერმესს" მჩუქნიდა.

- რა არ გადავა მოდიდან?

- თეთრი პერანგი!