"თავად კარგა ხანია გარდაიცვალა, მაგრამ მოესწრო შვილისა და შვილიშვილის სიკვდილს..." - კვირის პალიტრა

"თავად კარგა ხანია გარდაიცვალა, მაგრამ მოესწრო შვილისა და შვილიშვილის სიკვდილს..."

გასული საუკუნის 70-80-იანი წლების დანაშაულებს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა სამშობიაროში ხდებოდა, მრავალი წლის შემდეგ ფარდა აეხადა. არაერთხელ გამოქვეყნებულა პრესაში, რომ ჯანმრთელ ჩვილებს სამშობიაროს ექიმები (პედიატრები თუ ბებიაქალები) გარდაცვლილებად ასაღებდნენ, ბიოლოგიურ მშობლებს ატყუებდნენ და პატარებს სარფიანად ყიდდნენ. ჩემმა რესპონდენტმა ლალიმ, თავისი ახლობლის თავგადასავალი მიამბო.

- მე და მერი (პირობითად ამ სახელს დავარქმევ) მეზობლები ვიყავით. ის მეან-გინეკოლოგი გახლდათ. არ გავამხელ მის ვინაობას, ის უფალმა მკაცრად დასაჯა. თავად კარგა ხანია გარდაიცვალა, მაგრამ მოესწრო შვილისა და შვილიშვილის სიკვდილს. გარდა მეზობლობისა, ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც. მას სახლშიც ჰქონდა კაბინეტი და აბორტებსაც აკეთებდა. მომსწრე ვარ, რამდენჯერ მოვიდნენ და "შეამოწმეს", მაგრამ "დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის" მერის ყოველთვის ჰქონდა ფული გადადებული და იოლად იძვრენდა თავს. ჩვილების გაყიდვაზე არასოდეს დასცდენია სიტყვა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ თქვა, მივხვდი, ესეც ჩადენილი ჰქონდა. ერთ საღამოს ტრადიციულად ყავაზე დაგვიძახა მე და დედას. ლაპარაკი ჩამოვარდა ამ მძიმე თემაზე და სწორედ მაშინ თქვა: როგორც მედალს, ჩვილის გასხვისებასაც ორი მხარე აქვს, უარყოფითიც და დადებითიცო. გაოცებული მივაჩერდით. მან ასე ახსნა: წარმოიდგინეთ მშობლები, რომლებიც წლობით ელოდებიან შვილს და არ უჩნდებათ. მთავარი გაჩენა ხომ არაა, ბავშვს რომ ზრდი და არაფერს იშურებ მისთვის, შვილია, აბა, რა არის? ჰოდა, ასეთი ოჯახისთვის რამხელა ბედნიერებაა ჩვილის მიცემა. უარყოფითი კი ისაა, რომ ბიოლოგიურ მშობლებს შვილს მოტყუებით ხელიდან აცლი და სხვას აძლევ, მაგრამ მერწმუნეთ, იმათ ბედნიერ თვალებთან შედარებით ამათი მწუხარება უმნიშვნელოა. ისინი კიდევ გააჩენენ ბავშვს, ესენი კი - ვერა.

ისე დავიბენი, შეპასუხებაც ვერ მოვახერხე, დედამ კი გააპროტესტა: მერი, ეს უდიდესი ცოდვაა და იმედია, წინ აღუდგები, თუ ვინმემ გაბედაო. მაშინ მერიმ მოკლედ დაუდასტურა, რა თქმა უნდაო.

მერი თბილისელი ქალი გახლდათ, მისი მშობლებიც ექიმები იყვნენ. არ მახსოვს, ვინმე მისულიყო მასთან დასახმარებლად და ხელი არ გაემართა. ცნობილ სამშობიაროში მუშაობდა. ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია ჩვენს დაახლოებაში. მერის ქმარი ფილოლოგი გახლდათ, რომელიც, სანამ სამსახური ჰქონდა, ხელფასს მთლიანად ცოლს აბარებდა. მერი სიცილით იტყოდა ხოლმე, ფილოლოგი ქმარი ტვირთია ოჯახში, ყველა გასათხოვარს ამას ვეუბნებიო.

დროთა განმავლობაში მერიმ ოჯახის რჩენა თავის თავზე აიღო. სულ სამსახურში იყო, კვირაში რამდენჯერმე შინაც იღებდა პაციენტებს. სამივე შვილის სწავლისთვის დიდ ფულს ხარჯავდა. როცა ქმარი შემცირებაში მოჰყვა და სამსახურიდან გამოუშვეს, ისე იდარდა კაცმა, რომ ინსულტი მოუვიდა. ყველაფერი გააკეთა მერიმ და ფეხზე დააყენა. მერე კიკეთში სახლი, მიწის დიდი ნაკვეთით იყიდა და ქმარს უთხრა, შვილებს რომ კარგი აგარაკი ჰქონდეთ და სიბერეში ჩვენც აქ გადმოვიდეთ საცხოვრებლად, ამიტომაც ვიყიდე, შენი იმედი მაქვს, აქაურობას ააყვავებო. მართლაც, სამ წელიწადში ორსართულიანი სახლი წამოჭიმეს და იქაურობა წალკოტს დაამსგავსეს.

ერთ "მშვენიერ" დღეს კი, როცა ექიმები ჩვილების გაყიდვაში ამხილეს, მერიც აღმოჩნდა შავ სიაში. მაშინდელ "კომუნისტში" დაიბეჭდა სტატია სათაურით: "თეთრხალათიანი მგლები". მერის 15 წელი მიუსაჯეს. არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის გაბზარული ხმა, რა უცნაურია ეს ცხოვრება, ასეთი კარგი ადამიანი იყო, ყველას ხელს უმართავდა, ოჯახი სანაქებო ჰყავდა, პაციენტებიც ემადლიერებოდნენ და ამ ყველაფრის მიღმა კი თურმე რამხელა ცოდვაში იყო გარეულიო. ეს ისეთი უპატიებელი რამაა, ადრე თუ გვიან, ცოდვის პასუხი ბუმერანგივით გიბრუნდებაო. ასეც მოხდა. მერის ქმარს ცოლის გათავისუფლებამდე მეორედ მოუვიდა ინსულტი და ვეღარ გადაარჩინეს. ამნისტიით მერის სასჯელის ვადა გაუნახევრდა და შვიდ წელიწადში გამოვიდა. 55 წლის ქალი 70 წლისას ჰგავდა. შვილებმა სთხოვეს, ცოტა ხანს დედათა მონასტერში წასულიყო. სამი თვე დაჰყო იქ. როცა გამოვიდა, უფროსმა ვაჟმა განუცხადა, ამერიკაში უნდა წავიდეო. მერი ჩემთან ძველ ამბებზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ შვილის გადაწყვეტილებაზე წამოსცდა, წარმატებული ბიოლოგია და რცხვენია დედის გამო, ალბათ, ამიტომაც უნდა ამერიკაში წასვლაო. მერის მეორე ვაჟი (გიო) და ნაბოლარა გოგო (მაიკო) დაოჯახდნენ და ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, მაგრამ... ამერიკიდან მოულოდნელი ამბავი მოვიდა: 31 წლის მიშიკო თავის ბინაში მეგობარმა გარდაცვლილი იპოვაო. ვერც დაადგინეს ჯანმრთელი კაცის გულის გაჩერების მიზეზი რა იყო. მიშიკო მამის გვერდით დაკრძალეს. მერი მთელ დღეს საფლავზე ატარებდა. როცა ქალიშვილს მეორე შვილიც შეეძინა, დედისთვის რომ რამენაირად დარდი შეემსუბუქებინა, სთხოვა, ბავშვების გაზრდაში მომეხმარე, ვერ ავუდივარ სამსახურსა და საოჯახო საქმესო. მერიც გადაერთო შვილიშვილების აღზრდაზე. ლიკას უმცროსი შვილი 6 წლის იყო, მწვავე ლეიკოზი რომ დაუდგინდა. ლიკაც და მისი ქმარიც ექიმები იყვნენ, გერმანიაში გადააფრინეს ბავშვი, მაგრამ ვერ უშველეს. მერი ყოველდღე სიკვდილს ნატრობდა,­ ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვსო. წარსულზე კვლავ არ ლაპარაკობდა, მაგრამ მის ნაღველჩამდგარ თვალებში ყველაფერი იკითხებოდა, იცოდა, რისთვისაც ისჯებოდა ასე მკაცრად. შვილიშვილის სიკვდილის მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. მალე მეორე ვაჟიც ამერიკაში გადავიდა. მერის სიძე შვილის გარდაცვალების შემდეგ გერმანიაში დარჩა სამუშაოდ. მაიკოც წელიწადის ნახევარს იქ ატარებს, თუმცა არც აქაურობას ტოვებს. მშობლების, ძმისა და შვილის საფლავს უვლის და პატრონობს.

ბუნებაში, ალბათ, უპასუხო არაფერი რჩება. პატიმრობა მცირე სასჯელი აღმოჩნდა იმ დანაშაულისთვის, რასაც წლების მანძილზე სჩადიოდა ექიმი. მის ყველა ცოდვას სასტიკად გაეცა პასუხი.