"ტრაგიკული ბედის ქალი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ეღირსა" - სამშობლოს მოწყვეტილი ნატო ვაჩნაძის უფროსი დის, თამარ ანდრონიკაშვილის ამბავი - კვირის პალიტრა

"ტრაგიკული ბედის ქალი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ეღირსა" - სამშობლოს მოწყვეტილი ნატო ვაჩნაძის უფროსი დის, თამარ ანდრონიკაშვილის ამბავი

„თამარ ანდრონიკაშვილი 1901 წელს დაიბადა. 17 წლის იყო, როცა დედამ სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანა. იქ დარჩა, გათხოვდა, ქმრის სიკვდილის მერე კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. სიცოცხლე დაასრულა მოხუცთა თავშესაფარში, მაიამიში, 87 წლის ასაკში", - ნატო ვაჩნაძის უფროსი დის, თამარ ანდრონიკაშვილის შესახებ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში მხოლოდ ეს ინფორმაცია იძებნება. ცნობილი მსახიობი, ანდრონიკაშვილების შთამომავალი კირა ანდრონიკაშვილი გულისტკივილით ამბობს, რომ საზოგადოებამ თამარ ანდრონიკაშვილის შესახებ არაფერი იცის.

- პაპაჩემს, გიორგი ანდრონიკაშვილს, ოთხი შვილი ჰყავდა: ყველაზე უფროსი თამარი იყო, შემდეგ კირა, სანდრო და ნატო. 17 წლის თამარი საფრანგეთში წაიყვანეს, რადგან ხერხემლის პრობლემები ჰქონდა. ექიმის რეკომენდაციით, თამარი საფრანგეთში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო, რათა შედეგისთვის მიეღწიათ. ასე რომ, გოგონა სამკურნალო სანატორიუმში დატოვეს. ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩააკითხავდნენ და ჩამოიყვანდნენ, მაგრამ ამ დროს რევოლუციამ იფეთქა, რის გამოც თამარი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. მშობლებმა ვეღარ ჩააკითხეს და მამაჩემის დედ-მამამ შვილი ცოცხლად დაკარგა.

1924 წელს საფრანგეთში იმყოფებოდა დედაჩემის მამიდა, თიკო ჯორჯაძე. მასაც იძულებით მოუხდა საქართველოს დატოვება. სამწუხაროდ, გზად, როცა გემით მგზავრობდნენ, ტრაგედია დატრიალდა - თიკო ჯორჯაძეს პატარა გოგონა, ნინო დაიღუპა. საფრანგეთში ჩასულმა პარიზში თამარ ანდრონიკაშვილი მოძებნა.

შემდეგ თამარი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე დაკარგა, ამერიკაში გადავიდა.

როცა უკვე წერილების მიწერა შეიძლებოდა, დედაჩემი მამიდას, თიკო ჯორჯაძეს ხშირად სწერდა. თიკოც თამარის ამბებს გვატყობინებდა.

მე ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ამიტომ ჩემს კოლეგებს ამერიკიდან ჩამოსულ სტუმრებს ვთხოვე, თამარი მოეძებნათ. გავიდა ხანი და ამერიკიდან დამირეკეს და მითხრეს, თამარი ტოლსტოის ემიგრანტების სახლშიაო. ჩემს უფროს მამიდაშვილს, თენგიზ ვაჩნაძეს ძალიან უნდოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. მამაჩემი მაშინ ცოცხალი იყო და მასაც ენატრებოდა დაკარგულ დასთან შეხვედრა. სხვათა შორის, თენგიზ ვაჩნაძე გიორგი და ელდარ შენგელაიების ნახევარძმა, ნატო ვაჩნაძის უფროსი ვაჟი იყო. არსებობს ცნობილი ფოტო, რომელზეც ნატაა თავის სამ შვილთან ერთად აღბეჭდილი.

თამარ ანდრონიკაშვილი ემიგრაციაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ვიცით, თამარს ტოლსტოის სახელობის ემიგრანტების სახლში თავისი ოთახი ჰქონდა, როიალი... მე წერილები მივწერე და რამდენიმეზე მიპასუხა, მწერდა, როიალზე ხშირად ვუკრავო.

ერთხელ საოცარი რამ მოხდა: დამესიზმრა ულამაზესი ქალი, რომელიც მიცვალებული იყო და სასახლეში იწვა. გადაწეული თმა ჰქონდა და მარგალიტის მძივი ეკეთა. მიცვალებულს ვითომ მე ვუვლიდი. თან ვფიქრობდი, რა ახლობელია და რატომ არ ვიცნობ-მეთქი. ამ სიზმრიდან მეორე დღეს ამერიკიდან შეგვატყობინეს, თამარ ანდრონიკაშვილი გარდაიცვალაო.

როცა ელდარი და მისი მეუღლე ამერიკაში წავიდნენ, მე სიონში ნაყიდი კელაპტარი გავატანე და ელდარს ვთხოვე, თამარის საფლავი მოეძებნათ და სანთელი დაენთოთ. მართლაც მოძებნეს საფლავი, რაც იმხელა ქვეყანაში ადვილი არ იყო.

ნატო ვაჩნაძე ყველა თავის ჩანაწერში წერდა, რომ და, თამარ ანდრონიკაშვილი ჰყავდა. ერთხელ ნახა კიდეც პარიზში თიკო ჯორჯაძის წყალობით.

რადგან თამარზე ვწერთ, მსურს ხალხი მის დიდ გულშემატკივარს, თიკო ჯორჯაძესაც იცნობდეს.

ის პეტერბურგში ცხოვრობდა. მისი ქმარი ნიკოლოზ მეორის ბანკის მმართველი გახლდათ. რევოლუციის მერე თიკოს რუსეთში აღარ დაედგომებოდა. ჯერ თბილისში ჩამოვიდა, შემდეგ მატარებლით ბათუმში წავიდა, იქიდან სტამბოლში და შემდგომ გემით, როგორც მოგახსენეთ, პარიზში ჩავიდა. ოჯახმა თიკო დიდი გულისტკივილით გააცილა.

დედაჩემის ბებია ნინა ანდრონიკაშვილების სხვა შტო იყო. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, პეტრე ჩაიკოვსკისთან... მან ჩამოუტანა კონსერვატორიას პარიზიდან შვიდი როიალი. მაშინ მუსიკალური სასწავლებელი ერქვა. მახსოვს, დედაჩემის ბებიის დიდი პორტრეტი სასწავლებელში კედელზე ეკიდა. ალბათ, ახლა კონსერვატორიის მუზეუმში იქნება დაცული.

თიკო ჯორჯაძე რომ საქართველოდან მიდიოდა, თურმე სადგურზე პაპაჩემისთვის უთქვამს, ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც უნდა გამეყიდა, სარკესთან შეხვეული დამრჩაო. პაპაჩემი სადგურიდან ფეხით გაქცეულა სახლში, აუღია და თიკოსთვის მატარებლის ფანჯრიდან მიუწვდია ის ნივთი - ძვირფასი გულსაკიდი.

- თამარ ანდრონიკაშვილს დავუბრუნდეთ. მისი არქივი აღარ არსებობს?

- ამერიკელმა ქალმა, რომელმაც თამარის ადგილსამყოფელი შეგვატყობინა, გვითხრა, მისი ნივთები ემიგრანტების სახლში დარჩა და ხელუხლებელიაო. დიდხანს იყო, მაგრამ ვინ მიაკითხავდა?! ტრაგიკული ბედის ქალი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ეღირსა და მისი არქივიდანაც არაფერი გაგვაჩნია.