წარმოიდგინეთ, უცხოელს ქვის სახურავიან ქვევრში დაყენებული მაწონი რომ ანახო ქართულ ტრადიციულ მარანში... - კვირის პალიტრა

წარმოიდგინეთ, უცხოელს ქვის სახურავიან ქვევრში დაყენებული მაწონი რომ ანახო ქართულ ტრადიციულ მარანში...

ერთხელ, ჩემმა გეოგრაფმა მეგობარმა მკითხა - რამე თუ მსმენია ქვევრის ყველის შესახებ? ისიც მითხრა, ის არსად არსებობს, იმერეთის გარდაო. დავფიქრდი და გამახსენდა - ქვემო სვანეთის პირველ სოფელ რცხმელურში მინახავს მსგავსი რამ. ჰო, ბებია სალოს სწორედ ქვევრის ყველი ჰქონდა შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. აბა, მაშინ ტურისტი ვის გაეგონა, თორემ არც იმას დაზარდებოდა... სუნიც კი მახსოვს ბებია სალოს მარნის და როცა ამბობდა - ახლა აი, ამ ქვევრს გავხსნითო, ეს ქვევრი არ ჩანდა ზედაპირზე, აყალო მიწით იყო თავი დამალული. მან კი ზუსტად იცოდა, სად, როგორ და რამდენი... ყველის გემოსი კი რა მოგახსენოთ, რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ყველის გემოსგან, რომელიც თითქოს ასე ბევრია ყველგან და ნატურალური მაინც სანთლით საძებარია.

ჩემი მეგობრისთვის იმერული ქვევრის ყველი უნიკალური აღმოჩენა იყო. მე კი ისე ჩვეულებრივ მოვლენად ვიღებდი და არასოდეს მომსვლია თავში, ამაზე ყურადღება გამემახვილებინა, რადგან ტურისტებისთვის კი არა, ოჯახისთვის, ყოველდღიური მოხმარებისთვის სულ იყო ქვევრში ყველი. ვინაიდან წელს სოფელ რცხმელურს ვესტუმრე, დაწვრილებით გამოვიკითხე ქვევრის ყველის ამბავი.

დასანანია, რომ საინტერესო ტრადიციებს ჩვენს ქვეყანაში ყურადღება არ ექცევა. ალბათ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველის ამოყვანის მრავალგვარი ტექნოლოგია შექმნეს ქართველებმა, რომელთაგან ზოგიერთი დღეს დაკარგულია.

რცხმელურში აღარ ახსოვთ, ვინ მოიფიქრა მსგავსი ტექნოლოგია, რადგან ყველის შენახვის ეს ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს თურმე, სათავეს. წინაპართა გამოცდილების ნიმუში კი დღემდეა შემორჩენილი. მარანში დღემდე აქვთ ღვინის ქვევრების გვერდით ყველისთვის განკუთვნილი ქვევრებიც.

როგორც ადგილობრივი მკვიდრი - მზია გიგანი მეუბნება, ყველს ღვინის ქვევრში არასოდეს ჩადებდნენ; ყველისთვის ცალკე ქვევრები იყო, მწნილისთვის ცალკე, მაწვნისთვის - ცალკე... ჩემთვის ეს კიდევ ერთი აღმოჩენაა, სოფელ რცხმელურში მჟავეს და მაწონსაც ზამთრისთვის ქვევრში ინახავდნენ.

ამ სოფლის მოსახლეობა ზაფხულში საქონელს ალპურ საძოვრებზე აძოვებს, რომელთა სიმაღლე მინიმუმ 2500 მეტრს აღწევს. იქვე ამოჰყავთ ყველი და შემდეგ სოფელში ჩამოაქვთ.

ნამდვილი ყველი - ასე ვეძახი აქ გასინჯულ ყველს. ბუნებრივი და ყოველგვარი დანამატების გარეშე. მერწმუნეთ, მთის ყველს და აქაურ ყველს განსხვავებული გემო აქვს.

მოკლედ, სოფელ რცხმელურში მცხოვრები მზია გიგანი მიყვება: მარტო ყველი? ჩვენ, რცხმელურლები (ზოგადად კი ქვემო სვანეთშიც) ოდითგანვე ქვევრში ვინახავდით ყველს, რომელსაც თავისი ქვევრი ჰქონდა, წითელ მჟავეს მთელი ზამთარი ქვევრიდან ვიმარაგებდით და მაწონს. ეს კიდევ უნიკალური პროდუქტია, რომელიც მთელი ზამთარი შეგვეძლო შეგვენახა.

ძველი ტრადიციები, სამწუხაროდ, იკარგება. ბუნებრივი და ნატურალური გენმოდიფიცირებულით ნაცვლდება. ჩვენი ურთიერთობები ბუნებასთან უხეშდება. ახლაც, ერთობ ნატურალურია პროდუქტი ჩვენთან, მაგრამ ტრადიციას ნაკლებად, უფრო სწორად, ერთი-ორი ოჯახი მისდევს.

- რა დეტალი განასხვავებდა ე.წ. პლასტმასის ჭურჭელში შენახულსა და ქვევრის ყველს?

- თუ ვინმე დაინტერესდება ექსპერტი, იქნებ, ეს საიდუმლოც მეთქვა (იცინის). ჯერ ერთი, ქვევრს სპეციალურად რეცხავდნენ, ამასაც თავის წესი ჰქონდა. სოფელში იყვნენ ახალგაზრდები, საქმის მცოდნეები, რომლებიც რეცხავდნენ ქვევრს. ყველს თავის ქვევრი ჰქონდა, მწნილს თავისი და მაწონს - თავისი. ჩვენ ძალიან მარილიან და მაგარ ყველს ვამზადებთ, მარილწყალში ვდებთ, სათითაოდ ვამარილებთ, შემდეგ ქვევრში პირამდე ვავსებთ, ერთი-მეორით ვჭედავთ და ზედ ვასხამთ წათხს... წათხს ვეძახით სითხეს, რომელიც ყველის ამოყვანისას გამოიყოფა. ქვევრს ქვის ბრტყელი სახურავით მაქსიმალურად მჭიდროდ ვხურავთ. ზოგჯერ თავზეც მიწას ვაყრით. ქვევრს კი თავად მიწის ფენა უნარჩუნებს ტემპერატურას, ბუნებრივი თიხა კი აძლევს სპეციფიკურ გემოს.

ჰერმეტულად, ქვევრში ვხურავდით მაწონსაც. წარმოიდგინეთ, ზამთარში მაწონი, არა თუ საყიდელი არ გვაქვს, დასაყენებლადაც კი არ ვკარგავდით დროს. სულ გვქონდა და ისედაც უნიკალური პროდუქტია, მე რომ მკითხოთ, ამისთვის ცალკეა საჭირო ყურადღების მიქცევა.

- ზამთარში რომ ხსნით და რამდენიმე თავს აკლებთ, ქვევრში დარჩენილი პროდუქტი გამოყენებამდე არ ფუჭდება?

- არა, არა, ამასაც ცოდნა უნდა. თუ სწორად „დალუქავ“, შენახვის წესებს დაიცავ და 2 თვე გააჩერებ, მერე მთელი წელი ახალივითაა, არაფერი მოსდის. თუ ყველზეა ლაპარაკი, მეტი წათხით შეავსებ...

- ტრადიცია იკარგებაო, ამბობთ, რა არის ამის მიზეზი და რა არის დღეს სოფლის პრობლემები?

- დღეს ყველაფერი სწრაფი მოხმარების გახდა. სოფელში კი არა, ქალაქშიც ჭირს ელემენტარული პირობები. ადრე, საქონელი ბევრი ჰყავდა ხალხს. გასაყიდად ჰქონდა ყველი, პროდუქტი. დღეს თითქოს ნატურალურს ეძებს ყველა და მაინც, თითქოს სოფლის პროდუქტი ნაკლებია ბაზარზე.

საქონელი აღარ ჰყავს ხალხს ბევრი. თუ იკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ ბევრი პატრონობა და ძალისხმევა უნდა. ვისაც მიწები აქვს, თიბვა სჭირდება, ვისაც - არა, ძალიან უჭირს საქონლის მოვლა-შენახვა, რადგან ერთი პრესი თივა 28 ლარი ღირს, რაც ზამთარში საქონლისთვის 4 დღის სამყოფია. ხალხი მარტივ და იოლ ცხოვრებას ეძებს. ვიღას უნდა ფიზიკური შრომა? ნახირში წასასვლელი ხალხი არა გვყავს... ახალგაზრდობა ან საზღვარგარეთ ან ქალაქში გარბის.

ამიტომ, ხალხმა დაიტოვა იმდენი საქონელი, რამდენსაც თავად მიხედავს და რა რაოდენობის პროდუქტიც ოჯახის გამოსაკვებად იქნება საჭირო. ეტყობა, ცხოვრებას ახალი რიტმი მოაქვს, ალბათ საჭიროა ახალ, სხვა რელსებზე გადაწყობა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, ჩვენი ქართული უნიკალური ტრადიციები არ დაიკარგოს.

ჩვენთან ჯერ კიდევ იშვიათია ტურისტი. ახლა გაჰყავთ პირდაპირი გზა ქვემო სვანეთსა და ზემო სვანეთს შორის, არ ვიცი, როდის დასრულდება, მაგრამ მერე, მომსვლელიც გამრავლდება. აბა, წარმოიდგინეთ, უცხოელს ქვის სახურავიან ქვევრში დაყენებული მაწონი რომ ანახო ქართულ ტრადიციულ მარანში... რატომ არ ვაფასებთ, რატომ არ გვიყვარს, რატომ არ ვფიქრობთ ყოველივე ამაზე?

ამ ეტაპზე, რამდენიმე ოჯახია, ვინც მხოლოდ სახლისთვის და სტუმრისთვის იყენებს ამ ტექნოლოგიას, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ თუკი ჩვენთან ან რომელიმე სხვა სოფელში ხელს შეუწყობენ და არ დაიკარგება ეს ტრადიცია, მე მხოლოდ გამიხარდება.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)