"სხვადასხვა სახელმწიფო ზეიმზე დავითს ხშირად იწვევდნენ ბუკინგემის სასახლეში" - კვირის პალიტრა

"სხვადასხვა სახელმწიფო ზეიმზე დავითს ხშირად იწვევდნენ ბუკინგემის სასახლეში"

"სცენაზე ავიდნენ დედოფალი, პრინცი ჩარლზი და დათოს წარმატება პირადად მიულოცეს. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც­ მიიწვიეს", - გვითხრა რამდენიმე წლის წინ ნიკოლოზ მახათელმა ინტერვიუში. ნიკოლოზ მახათელი ამერიკაში აღიარებული ბალე­ტმაისტერია, მეუღლე - მარინა ლოლაძე ბალეტის პედაგოგი, შვილები - დავით და მაია მახათელები კი მსოფლიოში ცნობილი არტისტები.

"ეპოქა დასრულდა, მსოფლიო ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის დედოფალს დაემშვიდობა. ქართველი ხელოვანებიდან ცოტას თუ ერგო წილად პატივი, თავისი ხელოვნებით დედოფლის აღფრთოვანება დაემსახურებინა. დავითი ამ მხრივ გამონაკლისთა სიაშია", - ამბობს­ დავით მახათელის მამა ნიკოლოზ მახათელი:

- დავითს წილად ხვდა პატივი კოვენტ-გარდენზე, The Royal Ballet- ში ბრიტანეთის დედოფლის სტუმრობისა. მან დედოფლის მადლობა და მილოცვა დაიმსახურა. სხვადასხვა სახელმწიფო ზეიმზე დავითს ხშირად იწვევდნენ ბუკინგემის სასახლეში, სადაც ჰქონდა შემოქმედებითი საუბრები­ როგორც დედოფალთან, ასევე პრინც ფილიპთან, ჩარლზთან. ეს დაუვიწყარიაო, ამბობს დავითი.

დავითის სახელი ინგლისში ერთ-ერთ ყვავილს უწოდეს. მიღებული აქვს საბალეტო "ოსკარი"; 7 წელი იყო ჰიუსტონის თეატრის წამყვანი მსახიობი, შემდეგ - "როიალ ბალეტის". ხელმძღვანელობს კომპანია "ცეკვა და მოცეკვავეებს", არის კონკურსების ჟიურის წევრი, ატარებს გაკვეთილებს... ნინო ანანიაშვილმა ორჯერ მიიწვია საქართველოში და ერთად იცეკვეს სპექტაკლში.

ამჟამად მართავს მასტერკლასებს ამსტერდამის საბალეტო კომპანიაში (HNB), შემდგომ ბრუნდება ბარსელონაში და მზადებას დაიწყებს გრანდიოზული გალა-კონცერისთვის.

baleti-1664126737.jpg
ვარსკვლავებს შორის "ბრწყინვალე დუეტის" წოდება პრესამ დათო და მაია მახათელებს მიანიჭა

მაია ჯერ კიდევ 2020 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო ბალერინად. 16 წლისა კოლორადოს თეატრის დასში მიიღეს­, 18 წლისა კი უკვე წამყვანი მსახიობი იყო ამერიკაში. 2005 წელს იაპო­ნიაში მსოფლიო ვარსკვლავების გალა-კონცერტი­ ჩატარდა, სადაც დათო მიიწვიეს და პარტნიორად მაია წაიყვანა. ვარსკვლავებს შორის "ბრწყინვალე დუეტის" წოდება პრესამ დათოს და მაიას მიანიჭა. აქვს უამრავი ჯილდო და წოდება, მათ შორის ბალანჩინის რეპერტუარის საუკეთესო მოცეკვავის.

როგორც ალექსა კაროლი, ქორეოგრაფი და ამერიკის ბალეტის ხელმძღვანელი ამბობს, მაია საოცარი ბალერინაა, მისი შემოქმედებითი დიაპაზონი მრავალფეროვანია, მას შეუძლია ურთულესი, შემოქმედებითი სცენური სახის შექმნა.

- თქვენ ამერიკაში აღიარებული ბალეტმაისტერი ბრძანდებით, საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობთ?

- ეს ხელოვნება ჩემი ცხოვრებაა. მახსოვს ბევრი ტაში, ოვაცია, ყვავილები, თაყვანისმცემლები. ეს გარედან იოლი ჩანს, მაგრამ ამ ხელოვნების სამზარეულო ურთულესია - არაერთხელ ტრავმირებული ფეხითაც გიწევს ცეკვა. სიცხიანი რომ ხარ, მაინც სცენისკენ მიგიწევს გული. აქ არის სილამაზე და სიმახინჯე, გულწრფელობა და შურიანობა, კეთილშობილება და მლიქვნელობა, გამყიდველობა, მაგრამ შენი საქმე და მაყურებლის აღტაცება ყველაფერს გავიწყებს, თუმცა ნაიარევი გრჩება.

მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სამშობლოდან იძულებით გადაიხვეწა, მაგრამ ოცნებობს საქართველოში დაბრუნებაზე. უთუოდ დავბრუნდები, როგორიც უნდა იყოს საქართველო, ის ჩემი სახლია!