„ყოველ წელს ჩნდება ახალი მიზეზი, რის გამოც სამშობლოში ვერ ვბრუნდებით“
ათი წლის წინ ნინო მაღრაძემ დიდი სამგზავრო ჩანთა აუცილებელი ნივთებით გაავსო, ცრემლიანი თვალები მოავლო მშობლიურ სახლ-კარს და ემიგრაციაში წავიდა. ნინო იმ ქალებს შეუერთდა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და ოჯახებს 24-საათიანი მძიმე შრომით ინახავენ. "საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და ხელფასი 350 ლარი მქონდა. ეს ფული ჩემს ხუთსულიან ოჯახს საჭმლის ფულადაც არ ჰყოფნიდა. ამის გამო გადავწყვიტე სამუშაოდ იტალიაში წასვლა. უამრავი პრობლემა მქონდა: მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ვერ ვარჩენდი, ავადმყოფი მშობლები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებოდათ. და მოძალადე ქმარი, რომელიც თავს არ მანებებდა.
- ათასობით ქართველი ქალის მსგავსად მეც მოხუცს ვუვლი. როგორც ყველა ემიგრანტი, ორი-სამი წლით ვგეგმავდი უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ ასე არ მოხდა: დრო გადის და ოჯახს სულ უფრო მეტი სჭირდება. ჰოდა, მეც ვრჩები! ყველაზე მეტად, იცით, რა მაშინებს? - გაუცხოება, რომელსაც ჩემი შვილების თვალებში ვხედავ! გული მიკვდება, რადგან ვხედავ, იზრდებიან და მე მათი ცხოვრების ნაწილი აღარ ვარ. ამას წინათ, მშობლებმა მითხრეს, უმცროსი ყოველ საღამოს შენს კაბას იხუტებდა და ისე იძინებდა, მაგრამ ამას უკვე გადაეჩვიაო. ცხარე ცრემლით ვიტირე! უფროსი გოგონა უკვე სტუდენტია და მასზე კიდევ უფრო მეტად ვნერვიულობ, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები გამოვტოვე!..
ყველაზე მეტად პირველ დღეებში გამიჭირდა. მეც სხვებივით ნაქირავებ ბინაში მოვხვდი, სადაც ორ პატარა ოთახში 25-30 ქალი ცხოვრობდა. არანაკლებ მწარე იყო მომდევნო ორი წელი, როცა ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს ვუვლიდი. მერე შედარებით მშვიდ მოხუცთან მოვხვდი, რომელიც სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ მათ "ბებიებს" ვეძახით და მათ გარდაცვალებას დიდ ტრაგედიად აღვიქვამთ: ვუვლით, ვეჩვევით და მათ სიკვდილს ძალიან განვიცდით, ამას ისიც ემატება, რომ უმუშევრები ვრჩებით. მთელი პანდემიის პერიოდი სკლეროზიან მოხუცთან ერთად გავატარე, ქუჩაში გასვლის უფლებაც არ მქონდა... ვინ იცის, "კოვიდის" დროს, რამდენი ემიგრანტი დარჩა ქუჩაში - ვირუსის შიშით ბინებს აღარ აქირავებდნენ, პანდემიის გამო საქართველოშიც ვეღარ ბრუნდებოდნენ. მე ყველაფერს გავუძელი, რადგან ადამიანი, რომელიც აქ ვალებით ჩამოდის და თან შვილები ჰყავს გასაზრდელი, ყველაფერს იტანს. ახლა თავისუფლად ჩამოსვლა შემიძლია - საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდივარ. ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას ჯერ ვერ ვბედავ...
ქართველები აქ სამუშაოს თვეობით ელოდებიან და ზოჯერ მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით 30-32 წლის შვილებს და მათ ოჯახებს ინახავენ. ერთი მეგობარი მყავს, რომლის შვილი თამაშობს და ვინ იცის, რამდენი ათასი ევრო აქვს მისთვის გამოგზავნილი! ჩვენი ქალები უმეტესწილად მომვლელებად მუშაობენ, მართალია, ჩვენი სამუშაო ევროპული სტანდარტებით დაბალანაზღაურებადია, მაგრამ გაცილებით მეტია იმაზე, რასაც საქართველოში გადაგვიხდიდნენ: სამხრეთის ქალაქებში მომვლელის ანაზღაურება 800-1000 ევროა, ხოლო ჩრდილოეთში - უფრო მეტი. მეც ხელფასს თითქმის მთლიანად საქართველოში ვგზავნი. ნაწილით ვალებს ვფარავ, დანარჩენი ბავშვებს და ჩემს მშობლებს სჭირდებათ.
ყველაზე რთული ახალჩამოსულების ყოფაა. ზოგიერთი დამსაქმებელი ერთ სამუშაო ადგილს ორ-სამჯერ ყიდის და უმწეო ადამიანების ხარჯზე შოულობს ფულს. შეიძლება დამსაქმებელმა ფული წინასწარ გამოგართვას და მერე სამსახური აღარ მოგცეს, ან იმდენად ცუდ პირობებში გაგიშვას, რომ ვერ გაუძლო და გამოიქცე. მახსოვს შემთხვევები, როდესაც ახალი ჩამოსულები მოატყუეს, მუქთად ამუშავეს და ბოლოს, ხელფასი აღარ გადაუხადეს. როცა გამოუცდელი ხარ და ენა არ იცი, შეიძლება ყოველ ნაბიჯზე უსამართლობის მსხვერპლი გახდე! მე ჩვენს თაობას დაკარგული ქალების თაობას ვუწოდებ. ჩვენი ენერგია, სილამაზე და ახალგაზრდობა უცხო ქვეყანაში ილევა და ქრება...
აქ მხოლოდ ერთი დასვენების დღე გვაქვს, რომელსაც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვატარებთ. თითქმის ყველას უმაღლესი განათლება გვაქვს, მაგრამ ვის სჭირდება? ერთ-ერთ ოჯახში სადაც ვმუშაობდი, "ჩემმა" ბებომ მკითხა, სკოლა თუ გაქვს დამთავრებულიო, რომ ვუპასუხე, სკოლაც და უნივერსიტეტიც-მეთქი, კარგა ხანს გაოცებული მიყურებდა. ემიგრანტების უმეტესობა თავის ჯანმრთელობაზე აკეთებს ეკონომიას, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიდიან ექიმთან და ეს მაშინ, როცა ქვეყანას გამართული და ძალიან ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს: ვინც არალეგალი არ არის, უფასოდ მკურნალობს.
ემიგრაციაში ყოფნა წლების, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, რადგან ყოველ წელს ჩნდება ახალი მიზეზი, რის გამოც სამშობლოში ვერ ვბრუნდებით - აი, რატომ დავარქვი ჩვენს თაობასD "დაკარგული თაობა"! სიმართლე ხშირად მწარეა, მაგრამ უნდა ვაღიარო: ჩვენ ამ ქვეყნისთვისაც უცხონი ვართ და თანდათან სამშობლოსთვისაც უცხონი ვხდებით.
ჩემს აქ ყოფნაში უკვე ხუთი ქალი დაიღუპა! ერთს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და საქართველოში წამოსვლა ვერ მოასწრო. იმ ოჯახს, სადაც მუშაობდა, შეებრალა და სპეციალურ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვლიან. აქ ქიმიოთერაპიის კურსიც კი უფასოა. ქართველებმა ფული შევკრიბეთ და ისე გადმოასვენეს. რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა: ჩვენ რომ არა, ვერ გადმოასვენებდნენ, ოჯახს ამის სახსრები არ ჰქონდა.
ჯერ ვერ დავბრუნდები: ჯერ ჩემს შვილები გზაზე უნდა დავაყენო. არ მინდა დედის ბედი გაიზიარონ და ჩემსავით იწვალონ! მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები პატრონობენ. ხშირად ვფიქრობ და გული მწყდება: რატომ ვერ შევძელით ისეთი ქვეყნის აშენება, სადაც ადამიანებს სამუშაო და ნორმალური პირობები ექნებოდათ? ნუთუ ასე ძნელია 3,5-მილიონიანი ქვეყნის ისე მართვა, რომ ქართველები ოჯახებით არ ტოვებდნენ სამშობლოს?! თვალცრემლიანმა დედებმა შვილებს მესენჯერსა და "ფეისბუკში" როდემდე უნდა უყურონ? - ეს გვაინტერესებს ჩვენ, სამშობლოდან იძულებით გახიზნულებს. ოღონდ არ გვითხრათ, შრომა არ გინდოდათ და გაიქეცითო! ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ჩვენი შრომა შრომა არ ყოფილა - ეს იყო ბრძოლა არსებობისთვის!
ხათუნა ჩიგოგიძე