„დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ ვერ ხედავდე პერსპექტივას“ - კვირის პალიტრა

„დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ ვერ ხედავდე პერსპექტივას“

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 20.6%-ია.­­ თუ მონაცემებში სამუშაო ძალის ასაკს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დაუსაქმებელთა შორის უმეტესობა 15-45 წლის ადამიანები არიან. არ არის გამორიცხული, ეს მოცემულობა შრომისუნარიანი ადამიანების ქვეყნიდან მასობრივი გადინებითაც იყოს განპირობებული, რაც თავისთავად ქმნის სამუშაო ძალის დეფიციტს. 27 წლის თორნიკე ქირია და 25 ნინი ტყემალაძე მათ შორის არიან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში სამსახური ვერ ნახეს, პერსპექტივა ვერ დაინახეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. უკვე მეოთხე წელია, რაც წყვილი ბრუკლინში ცხოვრობს, სამი თვის წინ ვაჟიშვილიც შეეძინათ. როგორ ცხოვრობენ ქართველი ახალგაზრდები ამერიკაში, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება, ამის შესახებ თორნიკე ქირია გვიამბობს.

- 25 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში წამოვედი. საქართველოში კარგი სამსახური მქონდა, მსიამოვნებდა მუშაობა, უბრალოდ, წინსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავდი და ხელფასი იმდენად მიზერული­ იყო, რომ ერთი კვირის შემდეგ ჯიბის ფულიც აღარ მქონდა. დაოჯახება მინდოდა, მაგრამ მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ემიგრაციაში წასვლაზე მაინც არ ვფიქრობდი, მეგონა, ისევ აქ გამოჩნდებოდა რაიმე. სხვათა შორის, უცხოეთში ადრეც ვცხოვრობდი,­ ლიტვაში ერთი წლით ვიყავი,­ არაერთხელ ვყოფილვარ სამოგზაუროდაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. შემეძლო რომელიმე ქვეყანაში დარჩენა, მაგრამ ვერ წარმომედგინა,­ საქართველოს გარდა, სადმე თუ შევძლებდი ცხოვრებას. მე იმ ადამიანებს რიცხვს მივეკუთვნები, სახლი და საკუთარი ოთახი რომ ენატრებათ ხოლმე. თუმცა დადგა მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩემმა საცოლემ გრინკარტა მოიგო. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ის ფიქრობდა წასვლას, მაგრამ დიდხანს ცდის მიუხედავად, აქ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხა. საბოლოოდ ამერიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. ამერიკის საელჩოში შევედი და უპრობლემოდ მომცეს ვიზა, ნინი კი თავისი გრინკარტით წამოვიდა. არც ბინისა და სამუშაოს მოძებნა­ გამჭირვებია, ბრუკლინში ქართველი ნათესავები მყავს, ზოგი 10 წლის წინ არის ჩამოსული, ზოგიც ხუთი-ექვსი წლის წინ. ისინი დამეხმარნენ. ერთადერთი არა ვარ, ვისაც აქ ჩამოსვლა დროებით ჰქონდა განზრახული, მაგრამ ახლა უკვე განუსაზღვრელი ვადით აპირებს დარჩენას. ვფიქრობდი, ამერიკაში სამი წელი გავჩერდებოდი, ფულს დავაგროვებდი და საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ...

- რატომ შეიცვალეთ აზრი?

- აქ ცხოვრების ისეთი რიტმია, გინდა თუ არა, შენც ერთვები,­ შრომა გიფასდება, შემოსავალი გიჩნდება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება­ იმ ხელფასისგან, რაც საქართველოში გქონდა. შესაბამისად, ახალ-ახალ მიზნებს ისახავ. საქართველოში დაბრუნება უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვერც წარმომიდგენია.

- ოთხი წლის წინ, როცა ჩახვედით­ ამერიკაში, რა ვითარება იყო ქართველების მიგრაციასთან დაკავშირებით და რა ხდება ახლა?

- ნიუ-იორკის მაგალითით გეტყვით. ეს არის ქალაქი, რომელიც ემიგრანტებისადმი ყველაზე ლოიალურად არის განწყობილი, აქ უფრო ადვილია თავის დამ­კვიდრება. ემიგრანტებისთვის ერთგვარი ტრამპლინია. არასრული ოთხი წელია, რაც აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უამრავი ქართველი ჩამოდის. ისედაც გაზრდილია ამერიკაში მიგრაცია. 2021 წელს მექსიკიდან ამერიკაში 2 მილიონზე მეტი ემიგრანტი შემოვიდა. უმრავლესობა ნიუ-იორკში ცდილობს ჩამოსვლას. ბევრი ქართველი ისე მოდის, აქ ნაცნობიც არავინ ეგულება. ბევრსაც ნაცნობი, მეგობარი დაჰპირდა დახვედრას, მაგრამ აღარ დახვდა და ქუჩაში დარჩა. გაზრდილი მიგრაციის გამო ძალიან გართულებულია ღამის გასათევისა­ და სამსახურის მოძებნა. არადა, აქ ისეთი ცხოვრების რიტმია, ერთი კვირაც რომ ვერ იმუშაო, არსებობა გაგიჭირდება. მე რომ ახალი ჩამოსული ვიყავი, ყურმოკვრითაც ვერ ვიგებდი ისეთ ამბავს, რომ ქართველებს ქუჩაში უწევდათ ღამის გათევა. ბოლო ერთი წელია, დღე აღარ გავა, ასეთი ამბავი რომ არ გავიგო. ძალიან ხშირია ქართველების გარდაცვალების შემთხვევებიც. ბევრმაც გზის გაკვალვა და თავის დამკვიდრება მოახერხა. უკვე ქუჩაში მხვდებიან ქართველები. ამას გარდა, საქართველოდან ძალიან ბევრი ნაცნობი მირეკავს და მეუბნება, რომ წამოსვლას აპირებს და რჩევები სჭირდება. სულ ცოტა ხნის წინ ერთი ამბავი გავიგე - მექსიკის საზღვრიდან ახალგაზრდა წყვილი გადმოვიდა, გოგო 9 თვის ფეხმძიმე ყოფილა. კიდევ კარგი, საემიგრაციო ციხეში დიდხანს არ გააჩერეს. ორი დღის გადმოსული იყო, მშობიარობა რომ დაეწყო. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

emigranti-1664127039.jpg

- როგორც ვიცი, ახლა, როცა მე გესაუბრებით, თქვენი ოჯახის ახალჩამოსული ოთხი წევრი და კლასელები გყავთ დასაბინავებელი.

- კი ასეა, ჩემი მეუღლის მამამაც მოიგო გრინკარტა და ცოლ-შვილიც წამოიყვანა. კლასელები კი მექსიკიდან გადმოვიდნენ. სხვათა შორის, არა მარტო კლასელები, უბნელებიც. ზოგისთვის ბინას ვეძებ, ზოგისთვის სამსახურს, ზოგისთვის ორივეს ერთად.­ ერთი ჩემი კლასელი უკვე თვეზე მეტია, ჩემთან ცხოვრობს, მეორე ორ თვეზე მეტია დროებით საცხოვრებელშია. ისე გართულებულია ბინის შოვნა, რომ ჯერ ვერც ერთს ვერ მოვუნახე. ჩემი მეუღლის ოჯახიც დროებით საცხოვრებელშია, თუმცა­ მათ პრობლემა არა აქვთ, სახელმწიფო ეხმარება და კარგ პირობებში არიან. არალეგალურად ჩამოსულებს კი არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ოთახში ცარიელი ადგილის ქირაობაც პრობლემაა.

- ცარიელი ადგილის ქირაობაში რას გულისხმობთ?

- საწოლის დასადები ადგილი შეგიძ­ლ­ია იქირაო, საწოლი კი თავად უნდა მიიტანო­.

- უმეტესად რა ასაკისა და პროფესიის ხალხი მოდის?

- ყველანაირი ასაკისა და პროფესიის. უმრავლესობა 28-დან 38 წლამდეა. 55 წლისაც ბევრია. ზოგი ოჯახით მოდის, ზოგიც მარტო. რაც შეეხება პროფესიას, უმეტესად ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სპორტსმენები მოდიან. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყავი საქართველოში, ყველა არალეგალს ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი. ჩემს ნაცნობებს შორის ბევრია წარმატებული სპორტსმენი. ისინი ე.წ. ტალანტის ვიზას აკეთებენ და რამდენიმე ჩემს მეგობარს გრინკარტა მისცეს.

- ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების ამერიკაში წასვლის მიზანი გასაგებია, მაგრამ ბევრი თავის საქმეში წარმატებული რას ასახელებს წამოსვლის საბაბად?

- სამწუხაროდ, დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ არ გქონდეს ფული და ვერ ხედავდე მომავლის პერსპექტივას. ჩემს მეგობრებს შორის არაერთი სპორტსმენია, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია, მაგრამ შესაბამისი ხელფასი არა აქვს. როდესაც ადამიანმა შრომით, წვალებით მიაღწია წარმატებას, მერე მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდება, რომ ცოლ-შვილი გამოკვებოს, მას ღირსეული ცხოვრება უნდა, შვილის უკეთეს მომავალზე ფიქრობს, ამის საშუალება კი საქართველოში­ არ არის. ამიტომაც მზად არიან მიატოვონ საყვარელი საქმე და ამერიკაში შავ მუშად წამოვიდნენ.

- თუ შრომისუნარიანი, პროფესიონალი ადამიანების უმრავლესობა საქართველოს დატოვებს, აქ რა მოხდება, ამაზე თუ გიფიქრიათ?

- მაგ თემაზე აქაური ქართველები ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ. ყველას გვტკივა­ გუ­ლი, რომ საქართველო იცლება შრომისუნარიანი, პერსპექტიული ქართველებისგან, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი ხომ არ ყოფილა. სულაც არ გვინდოდა ასეთი რთული გზის გავლა უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად, არც სახლისა და ნათესავ-მეგობრებისგან მოწყვეტა. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს.სამი თვის წინ შვილი შემეძინა, ის ახლა ამერიკის მოქალაქეა. სულ ის მიტრიალებს­ თავში, რომ ქართველად უნდა გავზარდო, საქართველოს ისტორია ვასწავლო და ვეცადო, რომ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში გაატაროს. სამწუხაროდ, მე ვეღარ შევძლებ ჩემს ქვეყანაში დიდი დროის გატარებას. ისეთი რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ფიზიკურად ვერ მოვახერხებ. ჩემი შვილის ქართველად გაზრდა ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, შორეულ გეგმაში კი მაქვს საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი, როდის. ვინმე რომ გვეტყვის, სამი-ოთხი წლით ვარ ჩამოსულიო, მწარედ გვეცინება. ვიცით, რომ ეს შეუძლებელია! მეც სამი წლით ვიყავი ჩამოსული, მაგრამ მეოთხე წლისთავზე ისიც კი აღარ ვიცი, ოდესმე მეღირსება თუ არა ჩემს სამშობლოში ცხოვრება.

- რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ თქვენ დაბრუნდეთ?

- არც კი ვიცი. აქ ცხოვრება სულ წინ მიდის, საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა: ფასები იზრდება, ხელფასები იგივე რჩება, ცხოვრების პირობები რთულდება და რთულდება. მე რუსთავიდან ვარ და ვიცი, რომ იქ ახლა გაცილებით ცუდი პირობებია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. წყლის პრობლემაც კი ვერ მოგვარდა. ამხელა ქალაქს კვირაში, სულ ცოტა, სამი დღე წყალი არა აქვს. დაბინძურებულ ჰაერსა და სიღარიბეზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომაც ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ აქ სიმწრით ჩამოსულმა ხალხმა, ცხოვრება რომ ძლივს ააწყო, ყველაფერი მიატოვოს და ჩამოვიდეს იქ, სადაც არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.

ხათუნა ბახტურიძე