"იოსებ ნონეშვილმა თავისი მომავალი მეუღლე დეიდაშვილთან, წვეულებაზე გაიცნო. მაშინ მედეა 15 წლის ყოფილა, პოეტი კი - 17 წლით უფროსი" - კვირის პალიტრა

"იოსებ ნონეშვილმა თავისი მომავალი მეუღლე დეიდაშვილთან, წვეულებაზე გაიცნო. მაშინ მედეა 15 წლის ყოფილა, პოეტი კი - 17 წლით უფროსი"

კარდენახელი ობოლი ბიჭის გზა დიდებისკენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში პოეტ იოსებ ნონეშვილის წალკოტად ქცეული მუზეუმის აივნიდან კავკასიონის მთებში მარგალიტივით ჩასმული, აფერადებული ალაზნის ველი მოჩანს.­ ,,ირმების გადმოსახედ" კახეთზე მომღერალი აწ გარდაცვლილი პოეტი მშობლიურ სოფელში­ ყველას უყვარს. თამარ­ დურგლიშვილი, იოსებ ნონეშვილის მუზეუმს გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს, სწორედ მას ვთხოვე პოეტთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ამბები გაეხსენებინა.

"ღმერთი და ხელები“ და კარდენახელი ამბაკო

ioseb3-1664128347.jpg

- იოსებ ნონეშვილის ბებია და ბებიაჩემი ბიძაშვილები იყვნენ. ისინი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და პატარა იოსების გაზრდაში ბებიაჩემი ოჯახს ძალიან ეხმარებოდა. ცნობილი პოეტი შემდგომ ხშირად აღნიშნავდა, კარდენახში ჯანგულაურის ქალის კალთის ქვეშ ამოფარებული პურით გავიზარდე, ქმარს რომ არ გაეგო, პურს კალთის ქვეშ მალავდა და ჩუმად მაჭმევდაო.

იოსებს ძალიან ჰყვარებია გლეხების მასლაათის მოსმენა. სწორედ მშრომელი ადამიანის სიყვარული დაედო ლიბოდ ცნობილ ლექსს "ღმერთი და ხელები". ის საქართველოს სილამაზეს სწორედ გლეხკაცის შრომასთან აიგივებდა: ,,თუ საქართველო ასეთი რად არის, დახედეთ, გლეხკაცის ხელები გეტყვიან", - ამბობს ლექსში პოეტი.

იოსებ ნონეშვილი 1973 წლიდან მშვიდობის დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და უცხოეთში ხშირად მიდიოდა. უცხოეთიდანაც ხშირად სტუმრობდნენ და ისიც კახეთში თავის სახლში უშლიდა სუფრას, ღამით თავისთან ან მეზობლის სახლში აბანავებდა. მისი წყნეთის ბინაც მუდამ სტუმრებით იყო სავსე. თურმე ერთ-ერთი ქეიფის დროს წყნეთის სახლის კარზე მოულოდნელი ზარი გაისმა. იოსების მეუღლე გაჰგებებია სტუმარს და ხელში შერჩენია კარდენახიდან ჩასული მხარზე სავსე ხურჯინგადაკიდებული ბიძაჩემი ამბაკო. მედეას შეუპატიჟებია სოფლიდან ჩასული ნათესავი, მაგრამ იმ ოთახისთვის აურიდებია, სადაც გამოჩენილი სტუმრები ქეიფობდნენ. ცოტა ხანში იოსებს თავად უკითხავს ცოლისთვის, კართან ვინ იყოო? მედეას ყურში უჩურჩულია, კარდენახელი ამბაკოა, გვერდით ოთახში შევიყვანეო. როგორ თუ გვერდით ოთახშიაო, გაბრაზებულა პოეტი, თავად შესულა ამბაკოსთან და ხურჯინიანად წარუდგენია სტუმრებისთვის. შემდეგ გლეხკაცისთვის ხელები აუწევინებია და თავისი ლექსი წაუკითხავს. საპატიო სტუმრები თურმე სათითაოდ მიდიოდნენ და ამბაკოს შრომისგან დაკოჟრილ ხელებს შეჰყურებდნენ.

ვის მიუძღვნა იოსებ ნონეშვილმა ლექსი ,,მასწავლებელი“

- იოსებ ნონეშვილმა ბავშვობის წლები კარდენახში გაატარა. მისი მამა სიღნაღის მაზრის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სწორედ მისი თაოსნობით, იმ შენობაში, რომელშიც ამჟამად იოსებ ნონეშვილის მუზეუმია, დაარსდა 7-წლიანი სკოლა. იქ დაამთავრა იოსებმა 7 კლასი, შემდეგ კი სწავლა თბილისში, მე-18 ვაჟთა გიმნაზიაში, ამჟამინდელ 51-ე საჯარო სკოლაში გააგრძელა.

3 წლის იყო იოსები, მამა რომ მოუკლეს და საღირალას გორაზე დაკრძალეს. წელს იოსებ ნონეშვილის ვაჟმა სანდრომ, პაპის ნეშტი თბილისში, გმირთა სასაფლაოზე გადაასვენა.

იოსები მშობლების ერთადერთი შვილი იყო. როცა დაბადებულა, მამამისს სახლში რევოლუციონერი მეგობრები მიუყვანია ვაჟიანობის აღსანიშნად, მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი თლილი ჭიქა ჰქონდათ, თურმე მორიგეობით სვამდნენ პატარა იოსების სადღეგრძელოს. ეს ჭიქა ამჟამად კარდენახის მუზეუმში ინახება.

იოსების დედამ თბილისის ბამბეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. გაჭირვების გამო დედა-შვილს არ შეეძლო ბინის დაქირავება, ამიტომ დედა ფაბრიკაში იძინებდა, იოსები კი სკოლის დარაჯის პატარა ჯიხურს იყო შეხიზნული. მასწავლებლებს ძალიან ეცოდებოდათ უმამოდ დარჩენილი უღარიბესი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. იოსებ ნონეშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ვარო ვარდიაშვილს კარგად ვიცნობდი. მისგან იოსების ბავშვობის არაერთი საინტერესო დეტალი მაქვს მოსმენილი. მიამბობდა, სანამ იოსებს გაკვეთილზე ახალ მასალას გამოვკითხავდი, ჯერ ახალ ლექსს წავაკითხებდი ხოლმე. იოსების ლექსის გარჩევით ვიწყებდი ქართულის გაკვეთილსო.

მე-9 კლასში იყო იოსებ ნონეშვილი, დედა რომ გარდაეცვალა. მასწავლებლები ხელფასიდან ფულს უგროვებდნენ და ასე ინახავდნენ ბავშვს. კარდენახელ ნიჭიერ მოსწავლეს ყურადღებას მაინც ქალბატონი ვარო აქცევდა. იოსებსაც განსაკუთრებულად უყვარდა ქართულის მასწავლებელი.

მუზეუმში ინახება იოსებ ნონეშვილის ბებიის წერილები. ერთ წერილში წერია: ,,შვილო იოსებ, თუ ფეხსაცმელში­ წყალი შეგივიდა, კარდონი ჩაუფინე და მაინც იარე სკოლაში". ვარო მასწავლებელს იოსებისთვის დედის დაკრძალვის წინადღეს ფეხსაცმელი უყიდია და პანაშვიდზე მიუტანია. ბავშვს თავმოყვარეობა რომ არ შელახოდა, გარეთ გაუყვანია და უთქვამს, ფეხსაცმელი ვიყიდე, ძალიან მიჭერს და მიდი, ჩაიცვიო. დაკრძალვის შემდეგ იოსებს­ ფეხსაცმელი ვარო მასწავლებლისთვის მიუტანია და უთქვამს, ალბათ, ფეხსაცმელმა გაიწია და ახლა კარგად გექნებათო. ვარო მოჰფერებია ბავშვს და უთქვამს, ეს ფეხსაცმელი შენთვის ვიყიდეო. შემდგომ იოსებ ნონეშვილმა შესანიშნავი ლექსი, "მასწავლებელი"“უძღვნა თავის პედაგოგებს, თუმცა ლექსის გარკვეულ სტროფებშიც იგრძნობა, რომ ვარო ვარდიაშვილი მისთვის გამორჩეული აღმზრდელი იყო. ,,მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი", - პოეტის ეს სიტყვები მხოლოდ ვარო მასწავლებელს ეკუთვნოდა.

წითელ ჩარჩოში ჩასმული ფოთოლი

ioseb2-1664128347.jpg

- რამდენიმე წლის წინ სანდრო ნონეშვილმა ჩვენს მუზეუმს ხის გამხმარი ფოთოლი გადმოსცა, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, იოსები და პოეტი ლადო ასათიანი გულითადი მეგობრები იყვნენ. სიცოცხლის ბოლო პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ლადო აბასთუმანში მიდიოდა სამკურნალოდ. წასვლის წინ იოსები ლაღიძის წყლებთან, დიდი ჭადრის ხესთან დაუბარებია დასამშვიდობებლად. ერთმანეთს სიყვარულით ეთხოვებოდნენ, როცა ჭადრიდან ჩამოვარდნილა ფოთოლი და იოსებს მხარზე დასცემია. ლადოს აუღია და უთქვამს, ძმაო იოსებ, რა დაგიტოვო ცხოვრებაში სამახსოვროდ, არ ვიცი, ამიტომ ჭადრის ეს ფოთოლი უნდა გაჩუქო და ჩემს სახსოვრად შეინახეო. სამწუხაროდ, ლადოსა და იოსების ეს შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა. პოეტს ნაჩუქარი ფოთოლი გაუხმია და ასე შეუნახავს მეგობრობის ნიშნად.

იოსებ ნონეშვილი ინახავდა ვიეტნამის პრეზიდენტ ხო ში მინის საინტერესო საჩუქარსაც. ხო ში მინი სტალინის საქართველოში ყოფნის დროს გორში იოსებ ჯუღაშვილს სწვევია. სტალინს თავის ბაღში ვარდი მოუწყვეტია და ვიეტნამის პრეზიდენტისთვის უჩუქებია მეგობრობის ნიშნად.

ამ ამბიდან ათწლეულების შემდეგ, როგორც მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იოსებ ნონეშვილი ვიეტნამში ჩავიდა. როგორც ჩანს, ხო ში მინს უთხრეს, რომ საქართველოდან პოეტი იყო მათ ქვეყანაში სტუმრად, ამიტომ ოფიციალურ მიწვევას თავადაც დასწრებია. სუფრასთან იოსებისთვის მხარზე ხელი გადაუხვევია და გამომყევიო, უთქვამს. ხო ში მინს ქართველი სტუმარი კაბინეტში შეუპატიჟებია და სტალინის ნაჩუქარი უკვე გამხმარი ვარდი უჩვენებია. შემდეგ კი საკუთარ ბაღში მოუწყვეტია ვარდი, იოს­ებისთვის გადაუცია და საქართველოში გამოუტანებია - ეს სტალინის ნაჩუქარი ვარდის სამაგიეროაო. ვიეტნამის პრეზიდენტის ნაჩუქარი გამხმარი ვარდი იოსებ ნონეშვილის ოჯახში ინახება და მალე ისიც ჩვენი მუზეუმის ექსპონატი გახდება.

ბაფთიანი პატარძალი

- იოსებ ნონეშვილმა თავისი მომავალი მეუღლე, მედეა როყვა დეიდაშვილთან, წვეულებაზე გაიცნო. მაშინ მედეა 15 წლის ყოფილა, პოეტი კი - 17 წლით უფროსი. გოგონას სილამაზით მოხიბლულმა იოსებმა სუფრასთან ექსპრომტად დაუწერა მედეას ლექსი, რომელიც შემდგომ ხალხმა აიტაცა და შეიყვარა: ,,რას მიყურებ, სურთ ამ თვალებს უმეცართ, შეგამჩნიოს ნაკლიცა და მშვენებაც, თორემ თუკი შემიყვარდი უეცრად, ყველაფერი კარგად მომეჩვენება". იოსებით მოხიბლულმა მედეამ მალევე მიატოვა სკოლა, ჩამოვიდა თბილისში და იოსების მეუღლე გახდა.

ქორწილი სახლში გადაიხადეს. სუფრასთან გამოჩენილმა ქართველმა და უცხოელმა პოეტებმა და მწერლებმა მოიყარეს თავი. თამადობა გოგლა ლეონიძეს ხვდა წილად. მედეას ქორწილში თმაზე ბაფთა ეკეთა და ამიტომ სტუმრებმა მას "ბაფთიანი პატარძალი" შეარქვეს. როდესაც მედეა უდღეგრძელებიათ, იოსებს მეუღლისთვის უჩურჩულია, ბაფთა მოიხსენიო. ლეონიძეს გაუგონია ახალდაქორწინებულთა საუბარი და იოსებისთვის უთქვამს, რა გინდა, ვეჟო, თავი დაანებე. როგორ მოიხსნის, როცა მაგ ბაფთამ იოსები აპოვნინაო.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილი კახეთში ჩამოვიდა. მთელმა სოფელმა მის სახლთან მოიყარა თავი და, ფაქტობრივად, მეორე ქორწილი კარდენახში გადაიხადეს. პატარძალი რომ დაუნახავს, მამაჩემ ხვთისოს უხუმრია, კახელები პატარძლებს ვირზე უკუღმა ვსვამთ და ისე შემოგვყავს ოჯახშიო. მედეას დაუჯერებია ეს ხუმრობა და შეშინებული მიჰკვრია მეუღლეს, ემანდ მართლა ვირზე შესმა არ დამიპირონო. იოსებს ძლივს დაუმშვიდებია, გეხუმრება, სინამდვილეში კახელებს რძლებზე მზე და მთვარე ამოსდითო. მართლაც იოსების სოფელში ,,ბაფთიან პატარძალი"“ძალიან შეიყვარეს.

აბორიგენების ბელადი

- მუზეუმში გამოფენილია ფოტო, რომელზეც იოსებ ნონეშვილი და აბორიგენების ბელადი არიან აღბეჭდილი. იოსები ეწვია აბორიგენების ტომის ბელად უანჯუკ მარიკას და მისი ხალხის ყოფას გაეცნო. ეს ტომი მაშინ ჯერ კიდევ შიშველი დადიოდა. ცოტა ხანში პოეტმა უანჯუკი საქართველოში მოიპატიჟა. როგორ ჩანს, იოსებს უნდოდა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა ლამაზი და ცივილიზებული ქვეყანა. აბორიგენების ბელადს იოსები საქართველოს საზღვართან შარვლითა და პიჯაკით ხელდამშვენებული დახვედრია - არ უნდოდა შიშველი ადამიანი თბილისის ქუჩებში ეტარებინა. ერთ დღეს უანჯუკი კარდენახშიც ჩამოასეირნა. დედაჩემმა ეზოში, ხეივნის ქვეშ გაუშალა სუფრა. უანჯუკი პიჯაკში გამოწკეპილი იჯდა, მოგვიანებით სტუმარს საპირფარეშოში მოუნდა შესვლა. იოსებმა ჩემს მეუღლეს სთხოვა გაჰყევიო, თან უხუმრია, მაგან შარვლის მოხმარების წესი არ იცის და ემანდ კიდევ შიშველი არ დაგვიბრუნდესო.

პოეტის სიკვდილი

- იოსები ნამდვილი სახალხო პოეტი იყო. ერთმა ჩეხმა მწერალმა თავის მოგონებებში დაწერა, თბილისში იოსებ ნონეშვილთან ერთად დავდიოდი და გაოცებული დავრჩი, პოეტს ხალხი ისეთი სიყვარულით ესალმებოდაო.

იოსები 1980 წელს გარდაიცვალა. სახალხო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში გაიმართა. გამოსვენებას უამრავი ხალხი ესწრებოდა, კუბო დიდუბის პანთეონში რომ შეიტანეს, ხალხის ნაკადი კვლავ რუსთაველზე იყო გაჩერებული. ხალხმა საფლავის კარამდე ხელით მიაბრძანა და ასე მიაგო უკანასკნელი პატივი სამშობლოს, თავისი ხალხის უზომოდ მოყვარულ პოეტს.

ნელი ვარდიაშვი