"ერთ დღეს, მთვრალი მოვიდა და კატეგორიულად მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა. სერიოზულად ვიჩხუბეთ, ხელითაც შემეხო" - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს, მთვრალი მოვიდა და კატეგორიულად მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა. სერიოზულად ვიჩხუბეთ, ხელითაც შემეხო"

ოჯახში ძალადობა ისევ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ კანონი გამკაცრებულია, მოძალადეები მაინც არ ერიდებიან დანაშაულის ჩადენას. არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუდმივად მოუწოდებენ მსხვერპლებს, რომ მოძალადეებს თავი დააღწიონ. ბევრი ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრია ისეთი, რომელიც შიშის გამო, თუ სხვა მიზეზით ისევ მოძალადესთან რჩება.

ნათია 34 წლის იყო, როცა მწარე რეალობის წინაშე დადგა. 8 თვის ფეხმძიმე მარტო დარჩა, რადგან ქმარი კატეგორიულად სთხოვდა ბავშვი ან მოეშორებინა, ან გაეშვილებინა. მარტო დარჩენილს, თავშესაფარიც კი არ ჰქონდა, კარგად იცოდა ისიც, რომ ამ მძიმე ტვირთის ტარება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რაღაც გამოსავალს იპოვიდა ეს ნაბიჯი გადადგა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, მისი შვილი წელს სკოლაში წავიდა და ის დედის გვარზეა.

ნათია:

- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი. უმძიმესი ცხოვრება მაქვს გამოვლილი. ჩემი ქმრისგან რომ წამოვედი, წასასვლელიც კი არ მქონდა, მალე შვილის დაბადებას ველოდი და ასე დავრჩი ქუჩაში. წარმოიდგინეთ, ისე მივედი 9 თვემდე, ფაქტობრივად, ექიმთან ვიზიტზე არ ვყოფილვარ. არც ექიმი მყავდა აყვანილი და არც რეგისტრაციაზე ვყოფილვარ. მე და ჩემს ქმარს ოფიციალურად ხელი მოწერილი არ გვქონდა, მაგრამ სამი წელი ერთად ვცხოვრობდით. თბილისში ვმუშაობდი, ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. მაღაზიაში დისტრიბუტორად მუშაობდა და გაცნობიდან სადღაც ერთ წელიწადში, ცოლად გავყევი. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ერთი წლის მერე გავიგე, რომ სოფელში შვილი ჰყავდა და ცოლს გაშორებული იყო. ეს ამბავი ჩემთვის არ უთქვამს, დამიმალა. სიმართლე გითხრათ, არც ერთს არ გვინდოდა შვილის გაჩენა, მაგრამ ფეხმძიმედ დავრჩი და ვერაფერს შევცვლიდი, გადავწყვიტე გამეჩინა.

სახლში რომ დაბრუნდა, გახარებული დავხვდი და ვუთხარი, შვილს ველოდებოდით-მეთქი, სახეზე მაშინვე დაეტყო, რომ ეს ამბავი არ გაუხარდა. ვიფიქრე, ალბათ დაღლილია და ემოციები ვერ გამოხატა-მეთქი. რამდენიმე დღე არაფერი უთქვამს, მერე ვთხოვე, ექიმთან წასასვლელი ფული მოეცა. ჯერ ფული არ მაქვს, ვიშოვი და მერე წადიო.

4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მაგიდაზე ფული დამიდო და მითხრა, ხვალ დილით წადი და აბორტი გაიკეთე, სახლი ჩვენ არ გვაქვს, ბინის ქირას ძლივს ვიხდი და ვერ შევძლებ თქვენს რჩენასო. ეს თავზარდამცემი ამბავი იყო ჩემთვის, არ მინდოდა, დამეჯერებინა, იმის მიუხედავად, რომ ის პერიოდი სულ ვგრძნობდი, რომ მას არ გაუხარდა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. მეუბნებოდა, აუცილებლად აბორტი გამეკეთებინა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან ნაყოფი უკვე დიდი იყო და ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.

ერთ დღეს, მთვრალი მოვიდა და კატეგორიულად მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა. იმ დღეს სერიოზულად ვიჩხუბეთ, ხელითაც შემეხო. დედამისს დავურეკე და შევჩივლე ასე იქცევა-მეთქი. მან მითხრა, ეს ჩემი პრობლემა არ არის, მე ვერაფერში დაგეხმარები, რაც გინდა ის ქენი, მას თავისი შვილისთვის არ მიუხედია და დარწმუნებული ვარ, არც შენს შვილს მიხედავსო. ამის მერე, დედამისთან მე არ დამირეკავს და არც თავად დაინტერესებულა არც ჩემი და არც ბავშვის ბედით...

ჩემი ქმარი მეორე დღესაც მთვრალი მოვიდა სახლში და საუბარი ისევ ამ საკითხზე რომ დავუწყე, მითხრა, რაც გინდა, ის ქენი, ეს ბავშვი მე არ მაინტერესებს, იცოდე, მასზე ზრუნვას არ ვაპირებო. ან ახლა აბორტი გაიკეთე, ან რომ გაჩნდება სასწრაფოდ გააშვილე, ან სამშობიაროში დატოვე, არც გვარის მიცემას ვაპირებო.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, წასასვლელი არსად მქონდა, ამიტომ კიდევ ვებღაუჭებოდი იმ იმედს, რომ ეს გადაუვლიდა და შვილს მიიღებდა. მაგრამ ყოველდღე ვკამათობდით, რამდენჯერმე მცემა და მივხვდი, მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სამსახურში სიარულსაც ვეღარ ვახერხებდი და სახლში დავჯექი. არადა, ორსულობამდე სულ ვმუშაობდი, ჩემი ფული მქონდა, ხან რესტორანში დამხმარედ ვმუშაობდი, ხან დალაგებებზე, უამრავი სამსახური მაქვს გამოცვლილი და თავის გატანას ვახერხებდი, მერე ყველაფრის გარეშე დავრჩი. ჩვენი ნაქირავები ბინიდანაც თვითონ წავიდა, ქირაც გადაუხდელი დამიტოვა და ვალის გამო მეპატრონე ბინის დაცლას მთხოვდა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

- თქვენს მშობლებს არ უთხარით რაც მოხდა?

- მარტო დედა მყავს, სოფელში ცხოვრობს. მას დიაბეტი აქვს, ინსულინდამოკიდებულია და არ მინდოდა, ენერვიულა, ამიტომ დიდხანს ვმალავდი ამ ამბავს. არანაირი შემოსავალი მას არ ჰქონდა, რომ დამხმარებოდა. სამსახურის დაწყებაც ვცადე, მაგრამ როცა იგებდნენ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ყველა უარს მეუბნებოდა. დამლაგებლის ადგილიც კი ვერ ვიშოვე, თან ტოქსიკური ფეხმძიმობა მქონდა და ძალაც კი არ მქონდა მემუშავა. ჩემი მეგობარი გოგო იტალიაშია და ძალიან რომ გამიჭირდა, მას ვთხოვე დახმარება. ფული გამომიგზავნა, იმ ფულით ბინის ქირა გადავიხადე, მაგრამ ექიმთან მისასვლელი თანხა აღარ დამრჩა. ამ გოგომ შემომთავაზა, თავის ბინაში გადავსულიყავი, მარტო დედაჩემი ცხოვრობს და მასთან ერთად იყავიო. ფაქტობრივად, ეს ოჯახი მომევლინა მხსნელად. სხვა გზა არ მქონდა და იქ მივედი, ჩემი მეგობრის დედა თავს მევლებოდა. ფულს იქიდან გვიგზავნიდა მეგობარი და ნინო დეიდა ექიმთანაც კი დამყვებოდა. ასე ვიყავი მასთან მშობიარობამდე. ბავშვი რომ გავაჩინე, მერე უკვე სოფელში წავედი და დედასთან ვცხოვრობდი. ძალიან გვიჭირდა ეკონომიკურად, მარტო დედაჩემის პენსია გვქონდა, სხვა შემოსავალი არ იყო.

ჩემი შვილი 3 წლის რომ გახდა, ისევ დავბრუნდი თბილისში, რადგან სოფელში სამსახური ვერსად ვიშოვე. ბავშვი ბაღში შევიყვანე და დედაც წამოვიყვანე. ახლა ნაქირავებში ვართ სამივე. ბავშვი დედას გამოჰყავს ბაღიდან და მე ვმუშაობ, თავის გატანას ვახერხებთ. ჩემი მეგობარი ბავშვისთვის ტანსაცმელს იტალიიდან მიგზავნის და სულ გვერდში მიდგას, ნელ-ნელა წელში გავიმართე. შვილს რომ საჭმელს ვერ აჭმევ, ამაზე საშინელება დედისთვის არაფერია. ვერ წარმოიდგენთ, რა მძიმეა ყოველდღე რომ ნერვიულობ და ყველანაირი შემოსავლის გარეშე ხარ დარჩენილი, მაგრამ გავიტანეთ ეს წლები და ახლა მგონია, რომ უკვე ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ.

- ბავშვის ნახვა მამას არ უცდია?

- არა, არც სურვილი ჰქონია და არც მე მივცემდი იმის უფლებას, რომ მას ენახა ბავშვი. ისეთ მძიმე დროს მიმატოვა, რომ ასე არაადამიანიც არ მოიქცევა. ბავშვი ჩემს გვარზე მყავს, ამის გამო, ზოგიერთმა ნათესავმაც ზურგი მაქცია, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ჩემი შვილი იყოს კარგად.

ის წელს სკოლაში წავიდა, ალბათ წლების მერე მომიწევს მისთვის თქმა, რომ მამამ მასზე უარი თქვა და დაგვტოვა. ვერასოდეს დავივიწყებ მის სიტყვებს, როგორ მიმეორებდა - ბავშვის ბედი მე არ მაინტერესებს, გააშვილეო. გამოდის, მარტო ჩემია ჩემი ბიჭი და ასე იქნება ბოლომდე.

ჩემი მეგობარი მეუბნება, ჩამოდი იტალიაში, სამსახურს გიშოვი, უფრო მეტი შემოსავალი გექნება და ყველანაირად დაგეხმარებიო, მაგრამ ჩემს შვილს ვერ მივატოვებ. არ დავუშვებ, რომ მას დედაც არ ჰყავდეს გვერდით, მე ის ჩემთან უნდა მყავდეს. შრომა არ მეზარება, არც ის სამუშაო მეთაკილება, დღეს რა ადგილასაც ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილის გაბრწყინებული თვალები ვნახო.

(სპეციალურად საიტისთვის)