"იტალია, უპირველეს ყოვლისა!": ვინ არის ჯორჯა მელონი, რომელიც, შესაძლოა, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს - კვირის პალიტრა

"იტალია, უპირველეს ყოვლისა!": ვინ არის ჯორჯა მელონი, რომელიც, შესაძლოა, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს

ევროპული მასმედია, იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფონზე - წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ - რამდენიმე საინტერესო პუბლიკაციას აქვეყნებს, რომლებიც ქვეყნის ახალ სავარაუდო პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის და მის პოლიტიკურ თანამზრახველ-თანამებრძოლებს - მატეო სალვინის და სილვიო ბერლუსკონის ეხება. მათში ასევე არის იტალიის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირების მცდელობა რუსეთთან, ევროკავშირთან, უკრაინასთან...

გერმანული "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) სტატიაში სათაურით "იტალია, უპირველეს ყოვლისა!": ვინ არის ჯორჯა მელონი" (ავტორი ბერნდ რიგერტი) გადმოცემულია იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პორტრეტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2018 წელს იტალიის პარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ "იტალიის ძმებმა" (Fratelli d'Italia) ხმების მხოლოდ 4% მიიღო. ოთხი წლის შემდეგ პარტიის ლიდერი, 45 წლის მშვენიერი სენიორა ჯორჯა მელონი იტალიის პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი ხდება. შთამბეჭდავი წარმატებაა, ღმერთმანი.

რომის ისტორიულ ცენტრში, ვია დელ სკროფზე მდებარე შენობაზე - იქ, სადაც ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მებრძოლის ალბერტო მარკეზის ხსოვნის აღსანიშნავად (იგი გერმანელმა "ესესელებმა" 1944 წელს დახვრიტეს) მემორიალური დაფაა მიმაგრებული - პლექსიგლასის მომცრო აბრასაც დაინახავთ, რომელიც მიუთითებს, რომ ამავე შენობაში ნაციონალ-კონსერვატიული და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის "იტალიის ძმების" პარტიის ოფისიც იმყოფება. საკმაოდ უცნაური მეზობლობაა, თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქვს.

მსგავსი პარტიების შტაბ-ბინები ვია დელ სკროფიზე 1946 წლიდან არიან განლაგებულნი. პირველად აქ იყო იტალიის სოციალური მოძრაობა, შემდეგ ნაციონალისტურ-მემარჯვენე კონსერვატიული ეროვნული ალიანსი და ახლა - "იტალიის ძმები". სხვათაშორის, პარტიის სახელწოდება იტალიის ეროვნული ჰიმნის პირველი კუპლეტიდანაა აღებული.

ჯორჯა მელონი, "ძმების" ლიდერი, ძალიან სიმბოლურად თვლის იმ ფაქტს, რომ მისი პარტიის ოფისი სწორედ იმ ისტორიულ შენობაშია, რომელშიც, ოდესღაც, ფაშისტი ლიდერის ბენიტო მუსოლინის (დუჩეს) მიმდევრები იკრიბებოდნენ. მისივე სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, "იტალიის ძმების" იდეოლოგია ქვეყნის ისტორიას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯორჯა მელონიმ იტალიელი ფაშისტების ლიდერს "რთული პიროვნება" უწოდა. ბევრი იტალიელი დღემდე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიტო მუსოლინის მმართველობის პერიოდში - 1922-1943 წლებში - ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთო და პოზიტიური ხდებოდა.

არასაკმარისი დისტანცირება ფაშიზმისაგან?

ჯორჯა მელონი აშკარად არ დისტანცირდება ფაშისტური იდეოლოგიისაგან. როგორც თავად წერს თავის ავტობიოგრაფიაში, აცნობიერებს, რომ პოლიტიკურად დანაღმულ ველზე უწევს სიარული: "ჩვენ საკუთარი ისტორიის შვილები ვართ - მთელი ჩვენი ისტორიისა. ისევე როგორც სხვა ხალხებისათვის, ჩვენთვისაც ის გზა, რომელიც გავიარეთ, რთულია, ბევრად რთული, ვიდრე მასზე ჰყვებიან".

ჯორჯა მელონი ირწმუნება, რომ მისთვის ფაშიზმის კულტი მიუღებელია. თუმცაღა, შესაბამისი სიმბოლო ყოველთვის ხვდება ჟურნალისტების ფოტოობიექტივებში, როცა "ძმების" ლიდერი პარტიის შტაბ-ბინაში პრესკონფერენციებს ატარებს. საქმე ისაა, რომ პარტიამ ომისშემდგომი ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის ლოგოტიპი შეინარჩუნა - ცეცხლის ალი იტალიის ეროვნული დროშის ფერებში, რომელიც ბევრისთვის მარადიულ ცეცხლს განასახირებს ბენიტო მუსოლინის საფლავზე.

როცა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ჯორჯა მელონიმ სამსახურებრივი ინსტრუქტაჟი გასწია თავისი პარტიული კომიტეტებისათვის, რომ მათ თავი აერიდებინათ ექსტრემისტული განცხადებებისათვის, არ გაეხსენებინათ ფაშიზმი და ფაშიზმის დოქტრინები და ყველაზე მთავარი - არ ესარგებლათ ბენიტო მუსოლონის ცნობილი სტილით - "რომაული მისალმებით" – წინ გაშვერილი ან მაღლა აწეული მარჯვენა ხელით.

პარტიას, რომლის ლიდერი ჯორჯა მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდება, სურს, რომ მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრიდან მის ცენტრში გადაინაცვლოს. იგი ხომ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნას გეგმავს სხვა მემარჯვენე პარტიებთან - "ჩრდილოეთის ლიგასთან", მატეო სალვინის ხელმძღვანელობით და "წინ, იტალიასთან", რომელსაც სილვიო ბერლუსკონის ლიდერობს.

"ის, რომ ჯორჯა მელონიმ იტალიაში ასეთ წარმატებას მიაღწია, ყველა იმ ადამიანის წყალობით მოხდა, რომლებიც მას "ათეთრებენ". იმ მასმედიის წყალობით, რომელიც სალვინის და მელონის "რბილ" სახელს - "მემარჯვენე ცენტრისტებს" უწოდებს. სილვიო ბერლუსკონის წყალობით, რომელმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა. ეს მოხდა ყველა იმ დეზორიენტირებული მემარცხენე ცენტრისტების წყალობით, რომლებმაც ჯორჯა მელონი ჯეროვნად ვერ შეაფასეს", - ამბობს ესპანელი ჟურნალისტი ალბა სიდერა, რომელიც დიდი ხანია სწავლობს იტალიის მემარჯვენე პარტიების საქმიანობას, - "ჯორჯა მელონი უეცრად არსაიდან არ გაჩენილა. იგი პრემიერ-მინისტრობისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა".

მემარჯვენე კონსერვატიული პოპულისტი...

1977 წელს დაბადებული ჯორჯა მელონი 15 წლისა იყო, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე "ახალგაზრდულ ფრონტში" გაწევრიანდა - იტალიური სოციალური მოძრაობის ნეოფაშისტურ ფრთაში. მოგვიანებით ქალიშვილი მემარჯვენე რადიკალური "ეროვნული ალიანსის" სტუდენტური ასოცაციის ლიდერი გახდა, ხოლო 2006 წელს იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრადაც იქნა არჩეული. 2008 წელს 31 წლის ჯორჯა მელონის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტი ჩააბარა - იგი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მინისტრი გახდა.

ათი წლის წინ ჯორჯა მელონიმ პარტია "იტალიის ძმები" დააარსა, რომლის თავმჯდომარე 2014 წლიდან არის. 2020 წელს იგი ევროპარლამენტის ფრაქციის "ევროპელი კონსერვატორების" ხელმძღვანელად აირჩიეს, რომელშიც, სხვათა შორის, პოლონეთის მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობაც" შედის.

ჯორჯა მელონიმ ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია დაიწყო პოპულისტური ლოზუნგით "იტალია და იტალიელები - უპირველეს ყოვლისა!". პოლიტოლოგების აზრით, იგი მაინცდამაინც დიდად გარკვეული არ არის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში. ჯორჯა მელონი ითხოვს მეტ შეღავათებს ოჯახებისთვის, ნაკლებ ბიუროკრატიას, გადასახადების შემცირებას, იმიგრაციის შეზღუდვას. მას სურს გადაიხედოს ევროკავშირის ფუნდამენტური ხელშეკრულებები, არ მოსწონს იტალიის წევრობა ევროზონაში და მხარს უჭერს აბორტების აკრძალვას.

... და რადიკალურად თავდაჯერებული

ჯორჯა მელონს არასოდეს ერიდებოდა თავისი ხედვებისა. იგი მტკიცედ აცხადებს, რომ პირველ რიგში ქალია, დედაა, იტალიელია და ქრისტიანი. მისთვის უცხოა ერთსქესიანი ქორწინებები, პირველ ადგილზე კი იტალიელი ხალხის ინტერესები დგას.

იტალიის ტელეარხ La7-ის ეთერში ამას წინათ გადაცემულ ინტერვიუში იტალიელმა მწერალმა ქალმა ჯინევრა ბომპანმა ჯორჯა მელონის "ახლომხედველი სულელი ქალი" უწოდა, "რომელსაც ნაცისტების წრეში ყოფნა სიამოვნებს". თავის მხრივ, ჯორჯა მელონიმ მშვიდი რეაგირება მოახდინა ეპითეტზე და ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა: "თქვენ მე ყოველთვის "სულელ გოგოდ" მთვლით, თუმცა სინამდვილეში ჩემი წარმატებები გაღიზიანებთ. ნუ შემადარებთ მუსოლინის, ჰიტლერს და პუტინს. ეს სასაცილოა. ბოლოსდაბოლოს, მე მხარს ვუჭერ უკრაინას" წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ