"ეს უბედურებაა, რომელიც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა. წერენ, თითქოს მე გამყიდველი ვარ!" - კვირის პალიტრა

"ეს უბედურებაა, რომელიც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა. წერენ, თითქოს მე გამყიდველი ვარ!"

რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი ნოდარ დუმბაძის სამი მოთხრობის მიხედვით იღებს ფილმს “ჩვენ ვხედავთ მზეს”, გადაღებები 8 თვეა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორი ამბობს, თვე-ნახევარში ყველაფერი უნდა დასრულდეს. ფილმის პროდიუსერი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძეა.

ambebi.ge დაუკავშირდა მომღერალს და მასთან ინტერვიუ ექსკლუზიურად ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან (სტილი დაცულია):

- ბატონო ვალერი, როგორც გაირკვა, იმ ფილმის პროდიუსერი ხართ, რომელსაც რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იღებს. სიამოვნებით დათანხმდით ამ შემოთავაზებას?

- კი, ასეა, მაგრამ მის შინაარსობრივ მხარეს ძალიან არ ჩავღრმავებივარ, გიორგის ვენდობი. ვიცი, რომ ყველაფერს გულითა და სულით გააკეთებს... ამიტომ, ყველანაირად, როგორც შევძელი, მივეხმარე.

- დახმარება კონკრეტულად რაში გამოიხატა?

- ეს იყო მორალური მხარდაჭერა და ასევე, გარკვეულწილად მატერიალურიც... დღეს სწორედაც რომ აუცილებელია მივუბრუნდეთ ისეთ ავტორს, როგორიც ნოდარ დუმბაძეა. რთული და უცნაური დროა, როცა ადამიანები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ისეთი დროა, როცა ამა თუ იმ საქციელს ახსნა არა აქვს. ამასობაში ვკარგავთ სწორ ორიენტირებს, ანუ იმას, სწორად როგორ ვიცხოვროთ. ბევრი საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს, რაც ცუდია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები უბრალო ადამიანებზე მოგვითხრობს. მათ სწორ დამოკიდებულებებზე, სწორ პოზიციებზე, ადამიანებს შორის პატივისცემაზე, ეს მარტივი და უბრალო ამბები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ცხოვრება ასე უნდა შევძლოთ. ვიღაცები კიდეც მიჰყვებიან ამ წესებს, მორალურ პრინციპებს, ფასეულობებს, მაგრამ ბევრი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. მათი პოზიციაა - დღეს შემიძლია, როგორც მინდა, ისე მოვიქცე, მაგრამ მერე გამოვასწორო. არა, ასე არ გამოვა! ადამიანი ყოველთვის, ყოველ წუთს ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ არ დაკარგოს მორალური პრინციპები. ნოდარ დუმბაძის ყველა ნაწარმოები ამას გვასწავლის...

- ადამიანურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და შეუძლებელია, რუსეთ-უკრაინის ომს არ შევეხოთ. რაც დღეს უკრაინაში ხდება, თქვენზე ემოციურად რა გავლენას ახდენს?

- ეს უბედურებაა, რომელიც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა. ეს მაშინვე ვთქვი, როცა ომი დაიწყო და ახლაც იმავეს გავიმეორებ. ისტორიულად მსგავსი არაფერი ყოფილა და სამწუხაროდ, ახლა ასეთი საშინელება მოხდა. ამ ყველაფერს დიდი ისტორიული შედეგები ექნება არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. პოლიტიკას უნდა შეეძლოს, რომ სახელმწიფოებრივი და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს შეუსაბამოს. აქამდე ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა რაც ხდება, ეს საოცრებაა, ეს ცვლის მთელ მსოფლიოს...

- გაქვთ თქვენს უკრაინელ კოლეგებთან ურთიერთობა თუ ომის შემდეგ თქვენ შორის ყველანაირი კონტაქტი გაწყდა?

- უმეტესად ჩემს მეგობრებთან ვურთიერთობ, ვისთან ერთადაც უკრაინაში ინსტიტუტში ვსწავლობდი. გემთმშენებლობის ინსტიტუტი დავამთავრე და შემდეგ ასპირანტურაც. ჩემი მეგობრები შოკში არიან, ასეთ ამბავს არავინ ელოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც ისევ ძველებური ურთიერთობა გვექნება. ახლა მხოლოდ არტისტებზე, ცნობილ ადამიანებზე ყველაფრის გადაბრალება არასწორია. უადგილოა აქცენტების გადატანა იმ ხალხზე, ვისაც ამ თემაზე არანაირი გავლენა არა აქვს. ხომ ვამბობ, ისეთი დროა, ნებისმიერმა საზოგადოებისთვის საყვარელმა, ძვირფასმა ადამიანმა რაც უნდა თქვას, მარტივად შეუძლიათ მისი “გაშავება”, დასვრა. ამაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მუშაობენ...

- მას მერე, რაც ომთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში თქვენი შევიწროება დაიწყო...

- კი, მე მოვხვდი “შავ სიაში”... ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას: რადიოებს, ტელევიზიებს, პრესას. აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა...

- რას ამბობენ თქვენი მსმენელები, გულშემატკივრები?

- ახლა სოცქსელების დროა... არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო აღელვებულები არიან და ემოციებს სოციალურ ქსელში გამოხატავენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასევე წერენ, თითქოს მე გამყიდველი ვარ! არავინ და არაფერი გამიყიდია. მაგრამ ახლა სუბიექტური დროა, რთულია ობიექტური განსჯა.

- რა იქნება შემდეგში? როდის დამთავრდება ომი? როგორ იქნება მომავალში ყველაფერი?

- ჩემი სურვილია, სიტყვა კონფლიქტი საერთოდ არ არსებობდეს... საერთოდ, ნებისმიერი კონფლიქტი ადრე თუ გვიან მთავრდება და მერე უკვე შემოქმედი ადამიანების საქმეა, რომ ქვეყნებს შორის გაცივებული ურთიერთობები დაათბონ. როგორც ამბობენ, მხოლოდ სილამაზე, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც მომენტში შემოქმედი ადამიანები ხელში აიღებენ ინიციატივას, ყველაფერი რომ დაალაგონ.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- საიდანაც დავიწყეთ საუბარი, იქიდან გავაგრძელებ. მკითხველს ვუსურვებ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების პოზიტიური გრძნობებით ცხოვრებას. ისეთ სიყვარულს, სიკეთეს”.

ლალი ფაცია

ინტერვიუ იხილეთ სრულად - "ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას, აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა... ჩემი სინდისი სუფთაა..." - რას ამბობს ვალერი მელაძე ომსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე (ექსკლუზივი)