კომისარიატებს წვავენ, კომისარს ესვრიან - რუსული მობილიზაცია პროცესში... - კვირის პალიტრა

კომისარიატებს წვავენ, კომისარს ესვრიან - რუსული მობილიზაცია პროცესში...

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას, რომ ასი ათასობით რუსეთის მოქალაქე მამაკაცი საზღვარგარეთ გაურბის, უკვე კრემლშიაც ვეღარ მალავენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პუტინის რეჟიმს კი არ გაურბის, არამედ აქტიურად ებრძვის...

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში პერმამენტურად ხდება თავდასხმები სამხედრო კომისარიატების შენობებზე.

მათ „კოქტეილი მოლოტოვისთვის“ ესვრიან შენობებში ცეცხლის გაჩენის მიზნით, რასაც მხოლოდ ვიზუალური თუ ინფორმაციული მიზანი როდი აქვს - ხანძარმა შენობაში შეიძლება გაანადგუროს სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა პირადი აღრიცხვის ფურცლები, რაც გაართულებს მათ გაწვევას სავალდებულო და სარეზერვო სამსახურში...

3-surati-1664186515.jpg
პროტესტი მობილიზაციისადმი რუსეთის ამ მოქალაქემ კი სამხედრო კომისარიატისთვის „კოქტეილი მოლოტოვისთვის“ ბოთლების სროლითა და ცეცხლის წაკიდებით გამოხატა...

26 სექტემბრის გამთენიისას რუსეთის ქალაქ ურუიპინსკის სამხედრო კომისარიატის შესასვლელთან მამაკაცმა თავისი „ჟიგული“ მჭიდროდ მიაყენა, გადმოვიდა მანქანიდან, გამოიტანა ათამდე „კოქტეილი მოლოტოვისთვის“( ცეცხლგამჩენი ხსნარით სავსე ასეთ ბოთლებს ჯერ კიდევ 1939 წლის საბჭოთა ოკუპაციის მოგერიებისას, ფინელებმა სწორედ „კოქტეილი მოლოტოვისთვის“ შეარქვეს, საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის „საპატივცემულოდ“, შემდგომში ეს სახელწოდება შეცდომით რატომღაც „მოლოტოვის კოქტეილად“ გადასხვაფერდა) და ცეცხლწაკიდებულები ბოთლების აუჩქარებლად სტყორცნა დაიწყო სამხედრო კომისარიატის შენობისკენ, რამაც ცეცხლის ალში გახვია, როგორც ეს შენობა, ისე ამ „ღამისეული სტუმრის“ „ჟიგულიც“, რაც კარგად დააფიქსირა ქუჩის ვიდეოკამერამ...

პოლიციის მიერ დაკავებული მამაკაცი 35 წლის მიხეილ ფილატოვი აღმოჩნდა, რომელსაც სავარაუდოდ, ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხო (რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 35 წლამდე რეზერვის რიგითებსა და სერჟანტებსაც იწვევენ) და მან ასე აქტიურად გამოხატა თავის პროტესტი...

მაგრამ იმავე დღეს, 26 სექტემბერს რუსეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ სამხედრო კომისარიატების წინააღმდეგ თავისი ქმედებით ყველას გადააჭარბა, მან სამხედრო კომისარი... დახვრიტა!

2-surati-1664186479.png
კომისარიატის ოთახში ტრიბუნასთან მდგარ სამხედრო კომისარს მობილიზაციით უკმაყოფილო მოქალაქე ახლოდან თვითნაკეთი იარაღიდან რამდენჯერმე ესვრის...

რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის მკვიდრი 25 წლის რუსლან ზილინი სამხედრო ფორმით შეიჭრა სამხედრო კომისარიატის შენობაში, სადაც იმ დროს მობილიზაცია მიმდინარეობდა და ჩართული ვიდოკამერის წინ 5-6 გასროლა განახორციელა სამხედრო კომისრის პოლკოვნიკ ალექსანდრე ელისეევის მიმართულებით, რასაც შეძახილს ამატებდა - ეხლა ყველა სახლებში წავალთო...

როგორც დაკავებული რუსლან ზილინის ახლობლები განმარტავენ, მისი უკიდურესი აღშფოთება, რამაც ეტყობა ეს საბედისერო ნაბიჯი გადაადგმევინა, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც არანაირად არ ეკუთვნოდა მობილიზაცია, კომისარიატში გამოიძახეს გასაწვევად...

საგულისხმოა, რომ ზილინმა სამხედრო კომისარს, რომელიც რეამინაციაში გახდა მოსათავსებელი, თითქმის ისეთივე თვითნაკეთი იარაღიდან ესროლა, როგორსაც ამზადებს და იყენებს რუსი ნაციონალებისთვის სათაყვანებელი მსახიობი სერგეი ბოდროვი მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმ „ძმა-2“-ში...

27092022-1047-1664261301.32_REC.png

რუსი სამხედრო კომისრის დახვრეტის იარაღი...

როგორც ჩანს, მასიური ინციდენტები რუსული სამხედრო კომისარიატების მიმართ ჯერ კიდევ წინაა, რადგან რუსეთის მოქალაქეებს უმეტესობას არანაირად არ სურს მოხვდეს უკრაინასთან ომში - სანამ ამ ომს პუტინი კონტრაქტით მომსახურე სამხედროებით იწყებდა, რუსეთში ნაკლებად აღელვებდათ, რადგან მათ ნაკლებად ეხებოდა, მაგრამ, როდესაც გაჭირვებულმა კრემლმა მობილიზაცია დაიწყო, რუსეთი სოციალური აფეთქების წინაშე დგება...