"პუტინი საკუთარი ტყავის გადარჩენის მცდელობისას რისკავს რუსეთის ბედს, მას რუსეთში მოეკითხება ისტორიის მიერ" - კვირის პალიტრა

"პუტინი საკუთარი ტყავის გადარჩენის მცდელობისას რისკავს რუსეთის ბედს, მას რუსეთში მოეკითხება ისტორიის მიერ"

პუტინი საკუთარი ტყავის გადარჩენის მცდელობისას რისკავს რუსეთის ბედს. ჩემი აზრით, მას რუსეთში მოეკითხება ისტორიის მიერ, - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია განწირულობისა და მარცხის გამოხატულებაა.

„მობილიზაცია და ოკუპირებული ტერიტორიების, რომელიც ბოლომდე არც აქვს ოკუპირებული პუტინს, რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება, არის განწირულობისა და მარცხის გამოხატულება. ძალიან სახიფათო ნაბიჯია, მაგრამ არაიმდენად საერთაშორისო თანამეგობრობისა და უკრაინისთვის, რამდენადაც რუსეთისთვის. კარგად მესმის ამ ნაბიჯის პოტენციური შედეგები. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ბევრად უფრო მაღალია. გარდა იმ უზარმაზარი ტრაგედიისა, რაც უნდა იყოს უკრაინის და მსოფლიოსთვის, ეს იქნება რუსეთის დასასრული.

ავტოკრატები უმეტეს შემთხვევაში მოქმედებენ საკუთარ ინტერესებში და ძალიან ხშირად მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. პუტინი საკუთარი ტყავის გადარჩენის მცდელობისას რისკავს რუსეთის ბედს. ჩემი აზრით, მას რუსეთში მოეკითხება ისტორიის მიერ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე საქართველოში მიგრანტების შემოსვლას, ბადრიძე განმარტავს, ხელისუფლება ისე იქცევა, რომ თითქოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება არ არის მათი საზრუნავი“.

„ მე მოვუწოდე ხელისუფლებას, რომ შემოეღო კონტროლის ზომები, მაგალითად, ელექტრონული ვიზები და ასევე, დამატებითი კონტროლის მექანიზმები საბაჟოებზე. გარდა იმისა, რომ მივიღებთ ლტოლვილების უზარმაზარ ნაკადს, რომელსაც ეს ხელისუფლება ჯიუტად უწოდებს ტურისტებს, ამის გარდა, რუსეთს გაუჩნდა სასიცოცხლო აუცილებლობა, ეპოვა შავი ხვრელები სანქციების რეჟიმში. სამწუხაროდ, ორივე მიმართულებაზე ეს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება არ არის მათი საზრუნავი, მხოლოდ კერძო პირების, საზოგადოების პოლიტიკოსების თვალთვალია ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი საქმიანობა“,- აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.

"ინტერპრესნიუსი"