"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი “ისტორია” უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი “ისტორია” უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს

ქალბატონ ჟორჟოლიანს ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ე.ი. “რუსულ ოცნებასა” და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარისვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც ცისკარიშვილი წერს, ნანუკა ჟორჯოლიანი მას ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ღალატს და ორპირობას აბრალებს.

მისივე თქმით,არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე არ გადაუდგამთ.

"ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, “გააბედნიერა” ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება .

საეჭვოა მას ეს არ ესმოდეს ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ და ბოროტგანზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე.

ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას {სააკაშვილი} ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით.

ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. სწორედ, ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა!

აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული მქონდა მიხეილ სააკაშვილთან (ცხადია, იყო გამონაკლისებიც, როდესაც მსვლელობები სპონტანურად იგეგმებოდა).

იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს სუბიექტი აღწერს, იგეგმებოდა 8 ნომებრის მასშტაბური დემონტრაცია თავისუფლების მოედანზე; ამ აქციასაც რასაკვირველია, მიშასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია უძღოდა წინ. შემდეგ კი იყო დიდი მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგისტრალების გადაკეტვა-პარალიზება. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ ხშირი “სტუმრებიც” ვიყავით. ჩვენს მხარდამჭერებს ეს ყოველივე ძალიან კარგად ახსოვთ.

ბოდიში, თუ ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას.

იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაც აღწერს, ეს ქალბატონი ადგილზე მოვიდა ცინიკური და ქედმაღლური განწყობით იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ, ვინც ციხესთან შეიკრიბა მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, თურმე არ მოეწონათ მათი “ვიზუალი”, “ფიცარი” უწოდა სახელდახელოდ ჩამოტანილ მცირე ზომის სცენას და ახლა უზნეოდ მომაწერს გამაოგნებელ ფრაზას, თითქოს მე მეთქვას, რომ მიშას გათავისუფლება და “რუსთავის ციხე” ჩვენთვის პრიორიტეტი არ იყო.

ამით ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ზუსტად იმას მაბრალებს, რაც ჩემთვის ცხოვრებაში, ადამიანურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველაზე მეტად მიუღებელია: ღალატს და ორპირობას! მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე, რაც პოლიტიკაში ვარ, არავის, თვით უბოროტეს მტრებსაც კი, ათას სისაძაგლეს რომ მწამებდნენ, პეტრე ცისკარიშვილისთვის ღალატი და ორპირობა არ დაუბრალებია.

ცხადია, უშეცდომო პოლიტიკოსი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი “ისტორია”, უბრალოდ ტყუილია მისი ფორმითაც და რაც მთავარია, შინაარსით.

კვლავ ვიმეორებ: არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე.

ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი “რუსულ ოცნებასა” და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს“,- წერს ცისკარიშვილი.

"როცა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, უნდა დაისვენოს, სახლში წავიდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი პეტრე ცისკარიშვილზე

"ინტერპრესნიუსი"