"როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, "ქართული ოცნების" მხრიდან გამაოგნებელი არხეინობაა" - კვირის პალიტრა

"როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, "ქართული ოცნების" მხრიდან გამაოგნებელი არხეინობაა"

"ქართული ოცნება“ დიდოსტატია ძალაუფლების შენარჩუნებაში, მაგრამ ოროსნები არიან ქვეყნის ეფექტიანად მართვაში, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში - როდესაც კავკასია ისტორიულად დუღს, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამაოგნებელი არხეინობაა , - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის „ვიზები უნდა დავაწესოთ და მათზე ქონების გაყიდვა ავკრძალოთ“.

"ბოლო დროს, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რაღაცნაირი ბეჩავები ვართ, ყველაფერში ბეჩავები ვართ. ვის ვუშვებთ, სად ვუშვებთ? ოკუპანტი რუსი გვყავს, ტურისტი რუსი გვყავს, ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? მგონი, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გადასცდა. ამათ რა დაძრავს და დააბრუნებს თავის ქვეყანაში. წავიდნენ და დაიხოცონ თავისი პუტინისთვის. ხომ უკრავდნენ ტაშს 2008 წელს, ხომ იყვნენ ბედნიერები, რუსეთმა ტერიტორიები რომ წაგვართვა, ყირიმი რომ წაართვა უკრაინას, ახლაც 6 თვეა ტაშს უკრავენ, სპეცოპერაციაო გაიძახიან და არ ადარდებთ, ბავშვები რომ იხოცებიან უკრაინაში, წავიდნენ და დაიხოცონ თვითონაც. ნატამალი სენტიმენტი არ მაქვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა ალეკო ელისაშვილმა ქვეყნის თავდაცვის საკითხებზე ისაუბრა. ელისაშვილი ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ იარაღის შესყიდვაზე "სამარცხვინო 20 მლნ ლარია გამოყოფილი“.

"ფინანსთა სამინისტროს შემოიტანა 480 მლნ-იანი ბიუჯეტის დაკორექტირდება, ნახევარი მილიონით იზრდება ბიუჯეტი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აძლევენ 150 მლნ-ს, 80 მლნ-ს კი თავდაცვის სამინისტროს. ჩვენ გარშემო დუღს რეგიონი და ამ ფონზე ეს არის არაადეკვატურობის მწვერვალი. 80 მლნ-დან 60 მლნ არის ინფრასტრუქტურისთვის, შესყიდვაზე კი 20 მლნ ლარი - 7 მლნ დოლარად ჯაყვა დანას იყიდი მხოლოდ. არხეინად არიან. მოვეშვათ ამ არხეინობას.

სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ერთადერთი მოქმედი მეტროა და ისიც მხოლოდ თბილისში. ტერიტორიული თავდაცვის ძალები უნდა აიყოს, სადაც მოხალისეები წავლენ. აღსადგენია გაწვევა. ოღონდ ახალგაზრდები ყარაულებად კი არ უნდა გარეკონ, ყველამ უნდა გაიაროს პირველადი საბრძოლო მომზადება. ასევე მომხრე ვარ, მოხდეს ინფრასტრუქტურის მომზადება და გოგოებიც წავიდნენ ჯარში“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"