"რუსეთი მიდის მარტოობისკენ, იზოლაციისკენ და სამწუხაროა, რომ ხრამში გადავარდნისას, ჩვენ თავით მივყვებით" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მიდის მარტოობისკენ, იზოლაციისკენ და სამწუხაროა, რომ ხრამში გადავარდნისას, ჩვენ თავით მივყვებით"

სადღაც სამ კვირაში, ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება, თუ აქამდე "ჰაიმარსი“ კლავდა 4 რუს ჯარისკაცს, მოკლავს ახლა 100 ჯარისკაცს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარში ლოჯისტიკის პრობლემაა და ზამთარში ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ზამთრის ტანსაცმელიც კი არ აქვთ.

"რუსეთის ჯარში ლოჯისტიკა ყოველთვის ჭირდა, ყველაზე სუსტი წერტილი იყო და ვხედავთ, რომ არც საჭმელი აქვთ, არც სასმელი აქვთ, არც საძინებელი ადგილი, ზამთარი დგება და ზამთრის ტანსაცმელი არ აქვთ და ზაფხულის ტანსაცმლით უკრაინის ტყეებში... მე ვყოფილვარ უკრაინაში და ვიცი როგორი სიცივეები იცის იქ. სადღაც სამ კვირაში, ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება, თუ აქამდე "ჰაიმარსი“ კლავდა 4 რუს ჯარისკაცს, მოკლავს ახლა 100 ჯარისკაცს“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, რუსეთმა თავიდანვე არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც 140 ათასიანი ჯარით უკრაინის დაპყრობა გადაწყვიტა და ეს გათვლა შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდეს, როგორც ყველაზე არასწორი გათვლა.

"მე პირადად 24 თებერვლიდან ვიძახი, რომ რუსეთს წაგებული აქვს ომი იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ომში გამარჯვება. შეუძლებელია 140 000 კაცით დაიპყრო 45 - მილიონიანი ქვეყანა. ელემენტარულია, თითო ქუჩაზე თითო ჯარისკაცის დაყენებისთვის არ გეყოფა. ეს დიდი ჩავარდნაა გათვლაში, შეიძლება შევიდეს გინესების რეკორდების წიგნში, არასწორ გათვლებში“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ამასთან, როგორც ზურაბ ბატიაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში განახადა, პუტინი ისეთ სიტუაციაშია, როგორ სიტუაციაშიც ჰიტლერი იყო 1944 წელს.

„ძალიან ცოტას ექნებოდა ჰიტლერის დახმარების სურვილი მაშინ და ჩვენ ვნახეთ სამარყანდის სამიტზე, ცნობილი ფოტო, სად დასვეს პუტინი და სად მიუჩინეს მას ადგილი, როგორ ალოდინა მერე ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ეს ყველაფერი მაჩვენებელია იმის, სად იქნება რუსეთის ადგილი და საით მიდის რუსეთი, რუსეთი მიდის მარტოობისკენ, იზოლაციისკენ და სამწუხარო არის ის, რომ ამ ხრამში გადავარდნისას, ჩვენ რატომღაც თავით მივყვებით და არ ვფიქრობთ, რომ ამდენი გამოქცეული დეზერტირი უკვე საფრთხეა საქართველოსთვის“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილმა გადაცემაში ლარსის გამშვებ უნქტზე არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მსურველების რეკორდულ ზრდაზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, ლარსზე არსებული ვითარება იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკაც აქამდე საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა.

"ლარსზე არსებული ვითარება შედეგია იმისა, რა პოლიტიკაც აქამდე გვქონდა, ეს არის სირაქლემასი პოზიციაში ჩადგომა, როდესაც მაინც მოვა მხეცი და შეჭამს ამ სირაქლემას. ამიტომ ჯობია, რომ სირაქლემას პოზაში არასდროს არ იყო.

მოვიდა უკვე მხეცი, მოგვადგა. თბილისის ქუჩებში პირდაპირ სძინავთ პარკებში, სკამებზე, გამოქცეულ რუს დეზერტირებს, რომელთაც ჯიბეში ერთი კაპიკი არ უდევთ და რომელთაც სამწუხაროდ ტურისტებად გვასაღებენ, ესენი ჩვეულებრივი დეზერტირები არიან, ისინი მხარს უჭერენ 90% პუტინს, ოღონდ საკუთარი თავის გადარჩენა უნდათ. ესენი არ არიან პეტერბურგიდან და მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენები, ესენი არიან რუსეთში "გლუბინკას“ რომ ეძახიან, მიყრუებული რეგიონებიდან გამოქცეული ხალხი, რომელთაც თავი გადარჩენა უნდათ“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"