ქალები ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ - კვირის პალიტრა

ქალები ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ

"და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები /საჯაროდ/, გარდა მოჩანს რაც მისგან /კრძალვით/.../ “ - ყურანი.

თეოკრატიულ ირანში, სადაც 43 წელია მკაცრი რელიგიური კანონები მოქმედებს ჰიჯაბის საჯაროდ მოხსნა ძალიან თამამი ნაბიჯია, არათუ მისი დაწვა. მამაცი ქალები ქუჩაში გამოვიდნენ, ჰიჯაბები მოიხსნეს, თმა სახალხოდ მოიჭრეს და დიქტატორის სიკვდილიც კი მოითხოვეს. ეს მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" 22 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილოდ მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ თავშალი ზედმეტად თავისუფლად ეფარა. მაჰსა ამინი დღეს 23 წლის იქნებოდა, ის წინააღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

დღეს, ირანის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი და პირველ რიგში იმ თავსაბურავების მნიშვნელობა გავიხსენოთ, რომლის მოხსნით ქალებმა პირველი თამამი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისკენ.

ირანის ისლამური რევოლუცია მე-20 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ეტაპად იქცა. ბრიტანელი ისტორიკოსის ერიკ ჰობსბაუმის მოსაზრებით, ამ ამბოხების თავისებურება მისსავე იდეოლოგიაში მდგომარეობს, რომელიც რელიგიური და ანტიპროგრესული დისკურსით იყო გაჯერებული, რაც ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ საერო ტრადიციებს, არამედ იმ „მემარცხენე“ რევოლუციურ იდეებს, რომლებიც 1798 წლიდან იღებს სათავეს.

დასავლეთ ევროპის კოლონიზაციის მსხვერპლად ქცეულ ქვეყნებში რელიგია, ჩაგრული მოსახლეობისთვის, სიმტკიცის შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენდა. მუსულმანურ სამყაროში ისლამმა შეასრულა ეს როლი და მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე ანტიკოლონიური ტენდენციების იდეოლოგიურ მხარდამჭერად იქცა. რაციონალიზმმა, რაც სამრეწველო რევოლუციას ახლდა თან, მუსულმანურ ქვეყნებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მსგავსად, გვიან შეაღწია.

იმ იდეოლოგთა შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო თუ რაციონალისტური აზროვნება რელიგიურ ტრადიციებთან შეეთავსებინათ, ახალგაზრდა მუჰამედ აბდოც უნდა ვახსენოთ. მან, ერთხელ დაწერა: „არ არსებობს რელიგია სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე, ხელისუფლება ძალის გარეშე და ძალა ხალხის გარეშე. ქვეყნის ძლიერებას ხალხის ძალა წარმოადგენს. მეცნიერებათა განვითარების გარეშე კი ხალხის გაძლიერება შეუძლებელია. აქვე, უნდა დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ თანამედროვეობა გონიერებას ეფუძნება და ისლამი გონიერებასთან კონფლიქტში არ უნდა შევიდეს. ამით ისლამმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ის თანამედროვეობასთან თავსებადია...“

ჩანს, მუჰამედ აბდოსთვის ყური არავის უთხოვია. 1979 წელს აიათოლა ხომეინმა ფეჰლევების დინასტია რევოლუციური გზით შეცვალა და ქვეყნის სასულიერო ლიდერად იქცა. ახალ ირანში ქალები ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ. არადა, ირანს "ისლამურ რევოლუციამდე" ქალები და კაცები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, არ არსებობდა ე. წ. "მორალის პოლიცია“... რელიგიურმა ფანატიზმმა მთელ ისლამურ სამყაროში შეაღწია და ფუნდამენტალისტური მიმართულების ორგანიზაციების ჩამოყალიბება განაპირობა.

მოდით, აქვე გადავავლოთ თვალი შემოსვის წესებს და ქალების თავსაბურავს, რომელსაც ისლამი თავის მიმდევრებს განუსაზღვრავს.

მუსლიმანი ქალები „ჰიჯაბს“ კულტურულ დატვირთვას ანიჭებენ, რომელიც მუსლიმანთა იდენტობის განუყოფელ ელემენტად იქცა. ტრადიციული შავი ფერის „ჰიჯაბის“ გარდა დღეს უამრავი ფერისა და დიზაინის თავსაბურავია გავრცელებული.

სიტყვა „ჰიჯაბი“ არაბულიდან მოდის და „დამალვას“ ნიშნავს. „ჰიჯაბი“ ყველაზე გავრცელებული თავსაბურავია ისლამურ სამყაროში. იგი მუსლიმებს თმას, ყურებსა და კისერს უფარავს. „ნიქაბი“ ჩადრია, რომელიც ისლამის მიმდევარ ქალს მთელ სახეს უფარავს თვალების გარდა. „ბურკა’ ყველაზე კონსერვატიული სახის ჩადრია, რომელიც მთელ სხეულს ფარავს სახისა და თვალების ჩათვლით. ირანელ ქალებში ჩადრი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესაა მოსასხამი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს. ჩადრს ხშირად თავსაბურავიც ახლავს.

ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანის პოლიტიკური მომავლის პოზიტიურ ფაქტორად, განვითარებული ქვეყნები, ე. წ „მესამე თაობას“ თვლიდნენ. ახალგაზრდობის პერიოდული პროტესტები მოქმედი რეჟიმის მიმართ მოწმობდა მზარდ მოთხოვნილებას თავისუფლებაზე, რომ მას აღარ სურს ცხოვრება მკაცრი რელიგიური ზედამხედველობის ქვეშ. “Friedman” 2003 წელს წერდა; „ბევრია დამოკიდებული საგარეო ფაქტორზე, მაგრამ არსებობს შიში იმისა, რომ ჭარბმა ზეწოლამ დასავლეთის მხრიდან საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოს, გააძლიეროს იზოლაციონიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი... “თუმცა, ასე არ მოხდა. დღეს თითქოს სხვა რეალობის წინაშეა ირანი.

ჯერ არავინ იცის ქალების ამჟამინდელი ამბოხი ირანის ისტორიაში რა მასშტაბის მოვლენად ჩაიწერება, გასცდება თუ არა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლას, თუმცა ირანელმა ქალებმა ნამდვილად იციან, რომ ძალა, რომელიც საკუთარ თავებში იპოვეს უკვალოდ ვერ გაქრება.

აქვე, მოკლედ გავიხსენებ ირანელ ადვოკატსა და ადამიანის უფლებების დამცველს (ნობელის პრემიის ლაურეატს) შირინ ებადის, რომელიც ირანელ ახალგაზრდებს თანასწორობის პრინციპების ერთგულებას და თავისუფლებას ასწავლიდა, რაც აიათოლა ხომეინის ქვეყანაში დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მან თქვა: „ძალადობის და ტერორიზმს ორი ძირითადი წყარო ასაზრდოებს. ერთია ცრურწმენა. თუ, ჩვენ მსოფლიოში გაუნათლებლობის აღმოფხვრას შევეცდებით, ფაქტობრივად ბრძოლას გამოვუცხადებთ ძალადობასა და ტერორიზმს და მის გაკონტროლებას შევძლებთ. ხოლო, მეორე წყარო უსამართლობაა. მთელ მსოფლიოში უნდა ამოვძირკვოთ უსამართლობის მასაზრდოებელი ფესვები“.