საბჭოთა სპეცსამსახურების კერპების მსხვრევა - კვირის პალიტრა

საბჭოთა სპეცსამსახურების კერპების მსხვრევა

“ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა” - წერდა დიდი ილია ჭავჭავაძე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი 70 წელსაც ვერ გაძლებდა და ადრევე გაქრებოდა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან, რომ არა მისი საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია: „ვჩკ-გპუ-ოგპუ-ნკვდ-მგბ-მვდ-კგბ“ - სახელწოდებები იცვლებოდა, პოლიტიკური ტერორი კი გრძელდებოდა. საბჭოთა იმპერია მითებით, სიმბოლოებით, კერპებითა და ბელადებით ატყუებდა და იტყუებდა თავს.

ეს, ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის აუცილებელი მოთხოვნა კია, მაგრამ, საბჭოთა იმპერიაში (იევე, როგორც დღეს რუსეთში) ტყუილი, სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი. პოლიტიკა, ხელოვნება, მწერლობა, სპორტი, ქვანახშირის მოპოვება თუ სოფლის მეურნეობა - ყველა მიმართულებით იქმნებოდა მითები და ლეგენდები. პარალელურად, როგორც სათბურში, ისე “გამოჰყავდათ” ხელოვნური “ახალი დროის გმირები” - საბჭოთა კერპები. რეალობაში კი: ტყუილი, ტყუილი და კვლავ ტყუილი. ჰომოსოვეტიკუსი ათწლეულების მანძილზე ამგვარ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობდა: მითი საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ და “კომუნიზმის” მოლოდინი. ამავე დროს მავზოლეუმში, კაი ხნის გარდაცვლილი “დიდი ბელადი” განისვენებდა და წლიდან-წლამდე პატარავდებოდა - მისი პოლიტიკური მემკვიდრეები კი, მის უკვდავებას ქადაგებდნენ.

მოსახლეობა სურსათის შესაძენად რიგებში ათენებდა და აღამებდა, კომუნისტური პროპაგანდა კი ხალხს კომუნიზმის მოახლოებითა და საყოველთაო კეთილდღეობით ატყუებდა. ერთ-ერთმა საბჭოთა „ბელადმა“ ნიკიტა ხრუშჩოვმა ( რომლის დევიზი იყო:“დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს“) 1960 წელს კომუნიზმში შესვლის კონკრეტული თარიღიც დაასახელა: 1980 წელი. „კომუნიზმის“ რა მოგახსემოთ და სწორედ ამ წლიდან დაიწყო საბჭოთა იმპერიაში სურსათისა და ბენზინის დეფიციტი და სასურსათო ბარათების დარიგება. სსრკ-ს არსებობის მანძილზე “წითელი ტერორი” მძვინვარებდა, მილიონობით ადამიანს ხვრეტდნენ და “ლაგერებში” ალპობდნენ - საბჭოთა “ბელადები” კი სიტყვით, ჰუმანიზმს ქადაგებდნენ. ბუნებრივია, მითების და კერპების გარეშე ვერც საბჭოთა იმპერიის რეპრესიების მთავარი იარაღი -სპეცსამსახურები იარსებებდნენ.

ფელიქს ძერჟინსკი, იური ანდროპოვი, რიჰარდ ზორგე, რუდოლფ აბელი (იგივე უილიამ ფიშერი) - აი იმ ხელშეუხებელი “ჩეკისტი” კერპების ძალზე მოკლე სია, რომელთა “უნიკალურ” ოპერატიულ-აგენტურული მუშაობასა და “დიდ ადამიანურ თვისებებზე” ლეგენდებს თხზავდნენ და მომავალ “ჩეკისტებს” მათ მაგალითზე ზრდიდნენ. მრავალი წელი გავიდა ამ პიროვნებების გარდაცვალებიდან და მავანმა შეიძლება იფიქროს -“რა გაუჭირეს მაგ ხალხს საქმე, დააყენონ საფლავშიო”. სამწუხაროდ, არც ასე მარტივად არის საქმე, რადგანაც ამ ლეგენდებით საზრდოობენ დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ძველ “ჩეკისტურ” მეთოდებს იყენებენ.

ამიტომ, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მითები და ხელოვნურად შეკოწიწებული კერპები, აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, რათა, რუსეთის (იგივე საბჭოთა) იმპერიის აღდგენასა და ძველი კა-გე-ბეს “გაცოცხლებას” მონატრებულ რუსეთის ხელისუფლებას, ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი გამოეცალოს ხელიდან. ეს ის სარეველა ბალახია, რომელიც ფესვიანადაა ამოსაძირკვი. შევეცდები ობიექტურად, დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით შევაფასო ამ „კერპების“ პროფესიონალიზმი და ადამიანური თვისებები.

“რკინის ფელიქსის” საიდუმლო

საბჭოთა დროს გამორჩეულ პატივში იყო ფელიქს ძერჟინსკი -“საგანგებო კომისიის” (ჩე-კას) პირველი თავმჯდომარე. მსოფლიოში ასეთი პატივი არც ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არ ღირსებია. მასზე იქმნებოდა ფილმები, იწერებოდა წიგნები, მას ხატავდნენ და ძერწავდნენ, მის ძეგლთან საზეიმო ფიცს დებდნენ და მასზე, როგორც “ჩეკისტურ ღვთაებაზე”, ისე “ლოცულობდნენ”. საბჭოთა სპეცსამსახურების ახალგაზრდა თანამშრომლებს “რკინის ფელიქსის” ოპერატიულ გამჭრიახობაზე, კომუნისტურ თავმდაბლობაზე, პატიოსნებაზე და სიმტკიცეზე ლეგენდებს უყვებოდნენ. უფრო მეტიც, მითები და ტყუილები მისი პროფესიონალიზმის შესახებ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში იყო შეტანილი (მაგ. “ელჩების შეთქმულება”, “ოპერაცია “ტრესტი” და ა.შ.) და მომავალ “ჩეკისტებს” ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის, როგორც უდიდეს მაგალითებს, ისე ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან, მხოლოდ, უკვე რუსეთის სპეცსამსახურების აკადემიებში. მაინც ვინ იყო ფელიქს ძერჟინსკი და რა “მწვერვალები” დაიპყრო მან? ძერჟინსკი 1877 წლის 11 სექტემბერს დაიბადა პოლონეთში, შეძლებულ ოჯახში. ერთ-ერთი ვერსიით დედა პოლონელი ჰყავდა, მამა - ებრაელი. ზოგიერთი კომუნისტი ბიოგრაფის ცნობით პატარა ფელიქსი ბავშვობიდან ვუნდერკინდი იყო, სინამდვილეში კი გიმნაზიაში სწავლისას არაფრით გამოირჩეოდა, უფრო მეტიც, ერთ კლასში მეორე წელსაც კი დარჩენილა. ერთადერთი საგანი, რომელსაც შედარებით კარგად სწავლობდა “ღვთის კანონი” ყოფილა (საოცარია, რომ შემდგომ წლებში, ძერჟინსკი, სწორედ ეკლესია-მონასტრებს და საეკლესიო პირებს უსწორდებოდა განსაკუთრებული სისასტიკით). მამა ადრე გარდაეცვალა და ეტყობა დედას უჭირდა რვა ბავშვის სათანადო ყურადღებით აღზრდა. ფელიქსმა სწავლაზე ადრევე აიყარა გული, დაუახლოვდა კრიმინალურ ტიპებს და ხულიგნობისთვის (გერმანულის მასწავლებელს ხელი გაარტყა) გიმნაზიიდან გარიცხეს. აქედან იწყება მისი მონაწილეობა პოლიტიკურ წრეებში -თავდაპირველად “ებრაელი ახალგაზრდობის“ არალეგალური ორგანიზაციის ერთ-ერთი “ბოევიკი” იყო, ხოლო 1894 წელს ლიტვის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი გახდა. დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი მემკვიდრეობა, ფელიქსმა ლუდხანებში და საროსკიპოებში გაანიავა. მომდევნო წლებში ძერჟინსკი, რომელსაც, არც სახლი ჰქონდა და არც ფული, თანაც მუშაობაც არ სურდა, აქტიურად ჩაერთო ლიტვის და პოლონეთის (რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ) ტერიტორიაზე “ექსებისა” (ანუ დაყაჩაღების) და ტერაქტების ორგანიზებაში. ის ცდილობდა შეექმნა კარგად ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფები და ისინი მკაცრ დისციპლინას და პარტიულ კონტროლს დაექვემდებარებინა. ამ პერიოდში, სხვადასხვა წყაროები ფელიქს ახასიათებენ, როგორც დაუნდობელ “ბოევიკს”, რომლისთვისაც უცხო იყო შეცოდების გრძნობა. ის რამდენჯერმე დააკავეს დანაშაულის ადგილზე, საკმარისი იყო ნივთმტკიცებებიც, მაგრამ რუსეთის “ოხრანკა”, რატომღაც ყოველთვის რბილი და გულმოწყალე იყო მის მიმართ - ექვსჯერ დაკავებულ ძერჟინსკის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით გადასახლებას უსჯიდნენ.

derj2-1664262378.jpg

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომავალი პირველი “ჩეკისტი” რუსეთის “ოხრანკის” აგენტი იყო (ამგვარი ტყუილი გაუვრცელეს შემდგომ სტალინს), უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება სერიოზულ მოწინააღმდეგებად არ თვლიდა ახალგაზრდა “ბოევიკებს”. რამდენიმე შემთხვევაში კი, როგორც ძერჟინსკი თავად იხსენებდა, სასჯელის შემსუბუქებისთვის მან ქრთამი გადაუხადა პოლიციის ჩინოვნიკებს.

დაყაჩაღებების შედეგად წართმეული ფულის დიდ ნაწილს ფელიქსი თავად ხარჯავდა - XX-ე საუკუნის დასაწყისში მან ევროპის ყველა კურორტი მოიარა. ძვირადღირებული სასტუმროები, კაზინოები, მდიდრული და მოდური ჩასაცმელი და სხვა მრავალი ამქვეყნიური სიამოვნება, ძერჟინსკის ახალგაზრდობიდანვე უყვარდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ წლებში ფელიქსი, რომელსაც ექიმებმა ე.წ. “ცირკულარული ფსიქოზის” დიაგნოზი დაუდგინეს, ევროპის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა. თუმცა ძალზე საეჭვოა, რომ ამ მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო.

derj3-1664262272.jpg
ფელიქს ძერჟინსკი, 1912 წ.

1917 წლის თებერვლის რევოლუციას ფელიქსი “ბუტირკის” ციხეში შეხვდა, მანამდე კი სწორედ იქ გამოიმუშავა მან პირველი “ხელფასი” - კერვა ისწავლა და პატიმრებს ტანსაცმელს უკერავდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბოლშევიკების” პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, რევოლუციის შემდეგ, ალბათ გაითვალისწინეს რა მისი დიდი გამოცდილება ტერაქტების, “ექსების” და ოხრანკასთან ურთიერთობის მხრივ, ძერჟინსკი პარტიის ცკ-ში შეიყვანეს და ყველაზე “ნაცნობი სფერო” - შინაგან საქმეთა კომისარიატი ჩააბარეს. ზოგადად კი, ყველა რევოლუციას აქვს მოთხოვნილება “ბოევიკებზე”, განსაკუთრებით, თუ ისინი ნაციონალურ უმცირესობებს წარმოადგენენ.

“ბოლშევიკები” იმ პერიოდში შედარებით “ინტელექტუალებად” (ლენინი, ტროცკი, ბუხარინი და სხვ.) და “ბოევიკებად” (სტალინი, კამო, ძერჟინსკი და სხვ.) იყოფოდნენ. შემდგომმა ისტორიულმა პროცესებმა გვიჩვენეს, რომ “ბოევიკებმა” ჯერ პირველებს მოუღეს ბოლო, ხოლო შემდეგ კი, ისე დაჭამეს ერთმანეთი, როგორც ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟის, თორიას, “კაციჭამია ვირთხებმა”. თუმცა, ეს ყველაფერი ოცი წლის მერე მოხდება, როცა “რკინის ფელიქსი”, მისდა საბედნიეროდ, უკვე გარდაცვლილი იყო. 1917 წლის 7 დეკემბერს “ბოლშევიკებმა” შექმნეს “კონტრევოლუციასა და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია” (“ვე-ჩე-კა”), რომლის თავმჯდომარედაც (ყურადღება მიაქციეთ - მისსივე თხოვნით!) 20 დეკემბერს ძერჟინსკი დანიშნეს.

რა ევალებოდა სახელმწიფო ტერორიზმის ახალი ორგანოს პირველ ხელმძღვანელს? მდიდრების ქონების კონფისკაცია (ანუ რეალურად დაყაჩაღება), სხვა პარტიებში აგენტურის შეგზავნა, “ხალხის მტრების” ანუ იდეური მოწინააღმდეგების სიების შედგენა და შემდგომი ზომების მიღება (ე. ი. ლიკვიდაცია) და ა.შ. - ანუ ფაქტიურად ყველაფერი ის, რასაც ძერჟინსკი მანამდეც აკეთებდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე რევოლუციის და სახელმწიფოს სახელით დაუსჯელად მოქმედება შეეძლო. ახალი რეპრესიული სტრუქტურის თანამშრომლები ძირითადად გუშინდელი “ბოევიკები” იყვნენ. იმ წლებში, როცა ყველაფერი ჭირდა, მათ შორის უნიფორმაც, ძერჟინსკიმ მარტივად გადაწყვიტა ეს პრობლემა და “ანტანტის” ჯარების მფრინავებისთვის განკუთვნილი შავი ტყავის კურთუკები, რომლებიც შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში, დაურიგა პირველ “ჩეკისტებს”. მრავალი ათეული წლის მანძილზე ტყავისქურთუკიანი ადამიანები რეპრესიების მთავარ სიმბოლოდ იქცნენ და შიშის ზარს სცემდნენ ყველას.

(პირველი ნაწილის დასასრული)