"ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ" - კვირის პალიტრა

"ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ"

ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თავის დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბრალდების მხარე კითხავდა ქალბატონ ნეკა დოროყაშვილს. დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან. ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე შარშან აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ. როდის იქნება გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ნელი დოროყაშვილი ცდილობს რეპუტაციულად გაანადგუროს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს. მას ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილი და არცერთ შემთხვევაში არ ხდება არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არასდროს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არ უძალადია, რასაც მოწმობს შემდეგი გარემოება, რომ ქალბატონ ნეკას ამდენი წლის განმავლობაში ამის თაობაზე არასოდეს განუცხადებია და ამასთან, დოროყაშვილი განქორწინებაზე თანახმა არ იყო. თუკი ის ძალადობის მსხვერპლი იყო, განქორწინების ინიციატორი თავად უნდა ყოფილიყო. ბატონმა ნიკოლოზმა მიმართა სასამართლოს რომ განქორწინება მომხდარიყო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა გაასაჯაროვა, ადვოკატის თქმით, ეს იმას ამტკიცებს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ტელეფონი როცა ხელში გიჭირავს და იღებ, ამას კი „მოძალადე“ ადამიანი უყურებს, მინიმუმ ის კამერის წინ არ იძალადებს. ამასთან, თუკი გავყვებით დოროყაშვილის ლოგიკას, ტელეფონი ხელიდან რომც გავარდნოდა, ხმები უნდა ისმოდეს აუცილებლად და ის არ გაითიშებოდა. ასევე იმ კადრებში ჩანს, რომ აღნიშნული ჩანთა დევს იქ, სადაც დევს. ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდა თუ არა ტრაექტორია ჩანთის იმდაგვარად მოქნევის, როგორც ამას დოროყაშვილი ამბობს. ამაზე უფრო ვრცლად დაკითხვის შემდგომ მოგახსენებთ“, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს ბასილაშვილის დაცვის მხარე დაკითხავს.