"ახლა კი მიხვდნენ, რომ უმიზნოდ სიკვდილი არავის უნდა და - ამიტომაც გამორბიან" - კვირის პალიტრა

"ახლა კი მიხვდნენ, რომ უმიზნოდ სიკვდილი არავის უნდა და - ამიტომაც გამორბიან"

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალ კანონს მოაწერა ხელი და ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთიდან საქართველოსკენ უამრავი ადამიანი წამოვიდა. ამ ადამიანთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ იმიტომ ცდილობს რუსეთის დატოვებას, რომ არ სურს უკრაიაში მიმდინარე ომში ჩართვა. საზღვარზე გრძელი რიგების და ქვეყანაში შემოსული უამრავი რუსი მოქალაქის ფონზე, სოციაურ ქსელში მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს და მთავრობას კანონების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

უნდა ჩაკეტოს თუ არა საზღვარი საქართველომ იმ ასაკის ადამიანთათვის, ვინც შეიძლება ჯარში გაიწვიონ?

გიორგი: პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არა ნაწილობრივი, არამედ საყოველთაო მობილიზაციაა. ტელეგრამ-არხებზე და მედიაში ცნობილი ხდება, რომ ჯარში მიჰყავთ ყველა. ნახეთ რა ხდება ჩვენს საზღვარზე! იქ რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია. ამ სიტუაციაში საქართველო შესაძლოა დემოგრაფიული პრობლემის ზღვარზე აღმოჩნდეს, მაშინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია ისევ პრობლემად რჩება. ეს სიტუაცია არ მომწონს მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ომს ემალება - ერთით ნაკლები ჯარისკაცია. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უნდა შეეზღუდოს.

გალია: ვფიქრობ, ამ მოსახლეობას არ უნდა ვუთხრათ უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ეს ხომ ის ხალხია, რომელიც ომს გამოექცა და რომელთაც არ სურთ უკრაინელების სიკვდილი.

დათო: ჩემი აზრით, რუსეთის მოქალაქეების შემოწმების გამკაცრებაა საჭირო. უნდა დაზუსტდეს ვისთან მიდიან, სად მიდიან, აქვთ თუ არა სამსახური, რა მიზნით მოდიან საქართველოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში აგენტები არ შემოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში უშვებენ ისეთ ხალხს, ვინც ადრე სოხუმსა და ცხინვალში იყო - ეს პრინციპული საკითხია, ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ ისინი, ვინც ჩვენს კანონს არღვევს.

თაკო: არ მესმის რატომ უნდა იღუპებოდეს 20 წლის ბიჭები, მათ ხომ უკრაინაში სიკვდილზე უშვებენ, მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არა მათ უკრაინელების წინააღმდეგ ომი. თუმცა იმ ხალხთან ერთად, ვისაც არ სურს უკრაინელებისთვის ცუდი, ქვეყანაში სხვა შეხედულების ადამიანებიც შემოდიან. საჭიროა ამ ადამიანებს უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც „სპეცოპერაციის“ დაწყებაზე პუტინს ტაშს უკრავდა. ახლა, როცა საქმე მათ შეეხოთ, მიხვდნენ რომ არ სურთ სიკვდილი გაურკვეველი მიზნების გამო და ამიტომაც მორბიან რუსეთიდან. როცა მათ ეკითხებიან, თვლიან თუ არა რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა, ამბობენ რომ პოლიტიკაში არ ერევიან. თუ პოლიტიკა არ გაწუხებს, მაშინ რატომ მორბიხარ შენი ქვეყნიდან?

გურამი: ნაწილობრივი მობილიზაცია - ეს სინამდვილეში საერთო მობილიზაციაა. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა ჩაკეტოს საზღვარი, რომელთაც ჯარში გაწვევა ემუქრება. რამდენი თვეა მათ იციან ომის შესახებ, იციან რასაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში სჩადიან, მაგრამ უმოქმედოდ იყვნენ. რატომ არ გამოვიდა ეს ათასობით ადამიანი აქციაზე და არ გააპროტესტა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება? ამ რაოდენობის ადამიანის ქუჩაში გამოსვლა შეცვლიდა სიტუაციას. (წყარო)