"კავკასიაში დიდი ქაოსის დასაწყისი უკვე სახეზეა. გარკვეული რეგიონები აუცილებლად დაუპირისპირდებიან ცენტრს" - კვირის პალიტრა

"კავკასიაში დიდი ქაოსის დასაწყისი უკვე სახეზეა. გარკვეული რეგიონები აუცილებლად დაუპირისპირდებიან ცენტრს"

„უკრაინა არ დასხმია რუსეთს, რუსეთი დაესხა უკრაინას! არა ომს!“ - ამ ლოზუნგით დაღესტანში მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს. მომიტინგეები ცდილობენ გამოიხსნან მობილიზაციის მიზნით დაკავებული ადამიანები. რამდენიმე უკვე დაიხსნეს. განსაკუთრებით აქტიურობენ დაღესტნელი ქალები, რომლებიც მობილიზაციის გარდა ომსაც აპროტესტებენ. დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტანში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღესტანი, რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს შორის ერთადერთი არ არის, სადაც პუტინის გადაწყვეტილებამ - მობილიზაციის გამოცხადების თაობაზე ხალხის პროტესტი გამოიწვია. სხვადასხვა რეგიონში გახშირდა ცეცხლის წაკიდების შემთხვევები სამხედრო და სხვა სახის ადმინისტრაციული შენობებისთვის, საპროტესტო აქციებს უერთდება ათასობით მოქალაქე, რომლებსაც არბევენ და აპატიმრებენ. ამასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. რადიო თავისუფლების პროექტ Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, კადიროვმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“. მოსკოვში, ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რეგიონში ახალი კონფლიქტების და არეულობის მიზეზი ხშირად ხდება. შესაბამისად, რეგიონში პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ან ომობენ, ან ომის მხარეს წარმოადგენენ. რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კრემლის პოლიტიკამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და სომხეთი კონფლიქტის გამწვავებას. ასევე რეგიონში გავლენების გასაძლიერებლად გააქტიურდნენ თურქეთი და ირანი. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რეგიონში, კერძოდ კი კავკასიაში, ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაღესტანმა ყველაზე მეტად იზარალა, ბურიატიის შემდეგ. ზოგადად, ამ ომში, კავკასიელები დიდი დოზით არიან წარმოდგენილნი, მოხალისეების დონეზე. ცალკე საკითხია ჩეჩნური დაჯგუფებები, რომლებიც ოფიციალურ სტრუქტურებს წარმოადგენენ, მაგრამ ძირითადად „როსგვარდიაში“ არიან გაერთიანებულნი. ეს იყო კადიროვის ინიციატივა. კავკასიელები რუსეთის ჯარში ყოველთვის სიამოვნებით მიდიოდნენ, იმიტომ რომ ჯარის გარეშე მათი კარიერული წინსვლა გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომში კავკასიელები თავიანთი ნებით მიდიოდნენ, მანამდე პროტესტი არავის არ გამოუთქვამს. თუ არ ჩავთვლით რეგიონიდან ევროპაში წასულ ემიგრაციას. მობილიზაციის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პირველი აფეთქება დაიწყო დაღესტანში, რომელმაც ამ ომის გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კავკასიიდან გასული ახალგაზრდების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ძალიან კარგად ეტყობა საქართველო-რუსეთის საზღვარს. ზოგს ჰგონია, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან მომწყდარი ხალხი მხოლოდ რუსები არიან. პირადად მე მომიწია დავხმარებოდი არაერთ კავკასიელს, რათა საქართველოში შემოსულიყვნენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ორმოცამდე ოჯახი დამიკავშირდა. აქედან დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ ჩერქეზები, ადიღელები და ყაბარდოელები. ასევ იყვნენ ინგუშები და დაღესტნელები. ჩეჩნებს მხოლოდ ორი ოჯახი წარმოადგენდა. სხვათა შორის, ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის ორმა ჩეჩენმა - 24 და 25 წლის ბიჭებმა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა ვერ შეძლეს.

- ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოს მიმართულებით ჩრდილო კავკასიელებს არ უშვებენ. საინტერესოა, რა მიზეზით? ?

- კი, ვიღაცები არ შემოუშვეს. ზუსტად არ ვიცი რა მიზეზით არ უშვებენ ჩრდილოეთთ კავკასიელებს, ერთ-ერთი მიზეზი ვიცი, ეს აფხაზეთში და ცხინვალში ყოფნაა. მაგალითად ერთი ყაბარდოული ოჯახი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც მე დამიკავშირდნენ დახმარებისთვის, არ შემოუშვეს. მიზეზი რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ცოლი აფხაზეთში იყო ნამყოფი. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს, მათ შორის რელიგიური ექსტრემიზმი. არ არის გამორიცხული, რომ რიგ შემთხვევაში მესაზღვრეც უშვებდეს შეცდომას. მე ამ თემაზე საუბარი იმიტომ წამოვიწყე, მინდოდა მეთქვა, რომ რეგიონებში, სადაც ომში წასასვლელად მოხალისეების შეგროვება არ ჭირდა, მობილიზაციის სურვილი არავის არ აღმოაჩნდა.

- კადიროვმა საინტერესო განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, რადგან გეგმა 250%-ით შევასრულეთო.

- კადიროვი ტყუის. მობილიზაცია არის, მაგრამ სხვა ფორმის. იქ დოკუმენტს არავის აძლევენ, ხელის მოსაწერად, პირდაპირ დავალებას აძლევენ, რომ ომში უნდა წავიდეს და გამოდის, რომ ვითომ მოხალისეა. თუ ოჯახიდან ახალგაზრდა ომში არ წავა, ამის გამო მის ოჯახს მოუწევს პასუხისგება. სხვათა შორის, რუსეთში, მეფის დროს კავკასიელებს თავიანთი დივიზია ჰქონდათ, რომელიც მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული და რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს. როგორც კი მეფემ მობილიზაცია გამოაცხადა, კავკასიაში მაშინვე პროტესტმა იფეთქა.

- ეს მოცემულობა რა დასკვნის საფუძველს გვაძლევს?

- კავკასიელები თავისუფლებისმოყვარე ხალხია, მათ არ მოსწონთ, როდესაც არჩევანი არ აქვთ. თუ მიდიან ომში მაშინ ვაჟკაცურადაც იბრძვიან.

- თქვენი შეხედულებით, დაღესტანში დაწყებული პროცესი გახდება თუ არა შეუქცევადი?

- ზოგადად, მობილიზაციის გამოცხადება უკვე არის ძალიან სახიფათო რუსეთისთვის. ჩვენ გვახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ შეუბრუნეს იარაღი რუსებს ნაციონალურმა ბატალიონებმა. მთელი რიგი რაზმები იქმნებოდა, ტყეებში იმალებოდნენ და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი რამ ისევ შეიძლება მოხდეს. რუსეთში ნამდვილად ეშინიათ იმის რომ შეიარაღებული არარუსი ხალხი ერთ დღეს რუსეთს დაუპირისპირდება. ეს აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის.

- ჩეჩნეთში უკვე გამოჩდნენ შეირაღებული ჯგუფები, რომლებიც კადიროველებს უპირსპირდებიან და ცდილობენ, ჩეჩენი ახალგაზრდების ომში წასვლა დააბრკოლონ. რამდენად შესაძლებელია ასეთი ჯგუფების გაძლიერება როგორც ჩეჩნეთში, ასევე სხვა რეგიონებშიც?

- კი, მოსალოდნელია! რაც უფრო მეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მსხვერპლი, რაც უფრო გაძლიერდება მოსკოვის ზეწოლა მობილიზაციასთან დაკავშირებით, მით უფრო გაიზრდება წინააღმდეგობა კავკასიაში.

- შექმნილი მოცემულობა, რუსეთის წინაშე კავკასიის დაკარგვის საფრთხეს ხომ არ აყენებს?

- დაკარგვის საფრთხეზე რა მოგახსენოთ, ასეთ შორს მიმავალ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ კავკასიაში დიდი ქაოსის დასაწყისი უკვე სახეზეა. გარკვეული რეგიონები აუცილებლად დაუპირისპირდებიან ცენტრს, რომელთა შორის პირველები იქნებიან დაღესტანი, ინგუშეთი და ყაბარდო-ბალყარეთი.

- მთელს ამ ამბავში ერთი საგულისხმო მომენტია, საინტერესოა, პუტინმა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რატომ არ ჩაკეტა რუსეთის ფედერაციის საზღვრები და რატომ მისცა რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყნის დატოვების საშუალება?

- იმიტომ რომ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პროპაგანდამ დათვური სამსახური გაუწია. წარმოიდგინეთ, ადამიანი ზის კოლბაში (რუსეთის მთავრობას) ვგულისხმობ და იღებს იმ ინფორმაციას, რაც მედია საშუალებებით ვრცელდება. ფედერალური ახრები ძირითადად პატრიოტულად განწყობილი ადამიანების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციებს. ჩემს ნაცნობებსაც კი, რომლებიც ასეთ კოლბაში არ არიან, ჰგონიათ, რომ მთელი რუსეთი ისტერიაშია ჩავარდნილი, არიქა რუსეთმა ომი მოიგოსო. ერთია ოფიციალური ნარატივი და მეორე პროპაგანდა.

- ე.ი. რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობიან?

- ყოველ შემთხვევაში, მათთან გაფილტრული ინფორმაცია მიდის. სხვათა შორის, მოსკოვის წინაშე კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა დგას. ქვეყნიდან მიგრაციის პარალელურად, ასევე ძალიან დიდია ქვეყნის შიგნით მიგრაცია. ალბათ იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანა 261 ათასმა მამაკაცმა დატოვა. ეს უზარმაზარი ციფრია, მაგრამ ასევე პრობლემას წარმოადგენენ ის რუსები, რომლებიც ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიან, სოფლებში იმალებიან, რათა კომისარიატიდან ვერ მიაგნონ. რუსეთის კანონის თანახმად, თუ შესაბამის უწყებაზე ხელი ვერ მოგაწერინეს, არც გაწვეულად მიიჩნევი და არც დეზერტირად. მართალია, ნაციონალურ რეგიონებს ეს არ ეხება და იქ ახალგაზრდებს ბაზრებიდან, ქუჩებიდან იტაცებენ, მაგრამ მოსკოვსა და დიდ რეგიონებში ასე ვერ მოქმედებენ. შიდა მიგრაცია ქვეყნისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოქმნის. ადამიანები დამალვის პროცესში სამსახურებს ტოვებენ. თუ ახლა რუსეთის ეკონომიკური ვარდნა 5%-შეადგენს, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ თვის ბოლომდე 10% პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა ექნებათ. ერთდროულად ძალიან ბევრმა მიატოვა სამსახური.

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები და ფაქტორები, ქმნის რუსეთში გადატრიალების დაწყების წინაპირობას?

- ვიცი, რისი მოსმენაც გინდათ, გამიჭირდება ასეთი პროგნოზის გაკეთება. კი, ხალხში უარყოფითი მუხტი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ლიდერები არ ჩანან და პროცესს ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში?! ყველა ლიდერი წინასწარ მოაცილეს პროცესს. ახლა ვინც საპროტესტო აქციას აორგანიზებს ძირითადად, გაგიკვირდებათ, მუნიციპალიტეტის დეპუტატები არიან. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები პოლიტიკურ ელიტაში აღარ არიან, ისინი ან ქვეყნიდან გააგდეს ან სხვა მეთოდებით მოიშორეს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე