რუსეთს სამი ბირთვული ჩემოდანი აქვს - ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე? - კვირის პალიტრა

რუსეთს სამი ბირთვული ჩემოდანი აქვს - ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით "როგორ უნდა გაიშიფროს პუტინის ბირთვული გაფრთხილება" (ავტორი - ჯეიმს კემერონი), რომელშიც, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსაზრება და პროგნოზია წარმოდგენილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

"რამდენად დიდია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უკრაინაში? აი, რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ.

1) რა თქვა პუტინმა ბირთვულ იარაღზე.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ორი მკაფიო გაფრთხილება გააკეთა. პირველის მისამართს ნატო წარმოადგენს. პუტინმა დაუსაბუთებლად განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას აპირებსო და ამ დროს აღნიშნა, რომ რუსეთს უფრო ძლიერი იარაღი აქვს. მინიშნება გასაგებია. მართალია, ნატო კრემლს არ ემუქრება, მაგრამ მოსკოვი წინასწარ მაინც აცხადებს, რომ მას შეუძლია ნატოს ბირთვულ დარტყმაზე იგივე დარტყმით უპასუხოს.

მეორე გაფრთხილებას უფრო ზოგადი ხასიათი აქვს - "რუსეთი ყველა შესაძლებლობით ისარგებლებს თავისი ტერიტორიის დაცვისთვისო". ვინ არის ამ განცხადების ადრესატი? ალბათ, ამ შემთხვევაში აუდიტორია მხოლოდ ნატოს წევრებით არ შემოიფარგლება.

2) არის თუ არა რაიმე ახალი ამ გაფრთხილებით რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში?

პირველ გაფრთხილებაში არაფერი ახალი არ არის. კრემლის სამხედრო დოქტრინებში დიდი ხანია ნათქვამია, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას საპასუხო დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს, მის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების დროს. პუტინის განცხადება ტრადიციულ ჩარჩოებში ჯდება, რომლის მიზანი ნატოს შეკავებაა - ალიანსი რუსეთის მოქმედებებში არ უნდა ჩაერიოს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომლის ფონზეც პუტინის გაფრთხილება გაისმა - "რეფერენდუმები", რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მიმდინარეობს, ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთების მიზნით. რა თქმა უნდა, "რეფერენდუმები" და ხმის მიცემა უკანონოა და ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის სამრთლებრივ ნორმებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობა მაინც მხარს დაუჭერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ანუ იგივე მოხდება, რაც 2014 წელს ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

გავრცელდება თუ არა ვლადიმერ პუტინის ბირთვული გაფრთხილება ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ უკრაინა აღნიშნული ოლქების დაბრუნებას შეეცდება, მაშინ, რადგანაც ისინი კრემლს უკვე თავისად ექნება გამოცხადებული, კიევის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს გაზრდის.

3) რა პრაქტიკული ვარიანტები აქვს რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად?

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი იმ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული არსენალით ისარგებლებს, რომელიც აშშ-სთვის დარტყმის მისაყენებლად არის გამიზნული. უეჭველია, რომ ისიც უფრთხის აპოკალიფსური ატომური ომის პროვოცირებას, მაგრამ პუტინს შეუძლია ფსონი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე დადოს. ასეთ ატომურ მუხტს ნაკლები სიშორე და სიმძლავრე აქვს, მაგრამ უკრაინას და მის დასავლელ მოკავშირეებს მაინც შოკში ჩააგდებს, აიძულებს დასავლეთს უკრაინის დახმარებაზე და კონფლიქტის გაგრძელებაზე უარი თქვას, რუსეთის მიერ წაყენებული პირობების გათვალისწინებით.

გაურკვეველია, თუ როგორ გამოიყენებს კრემლი ასეთი სცენარით ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ჯერ-ჯერობით მოსკოვი მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლება, რუსი ექსპერტების მტკიცებით კი, რუსეთს უკრაინის მსგავს ლოკალურ კონფლიქტებში გამარჯვება შეუძლია. ასე რომ, მათი აზრით, ამჯერად ბირთვული ესკალაციიის აუცილებლობა არ დგას.

და მაინც, შევეცადოთ და სცენარი შევადგინოთ, თუ როგორი წესით შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი.

რუსეთს შეუძლია განახორციელოს "საჩვენებელი" მიწისქვეშა ან მიწისზედა საჰაერო ბირთვული აფეთქება, მაგალითად, თავის არქტიკულ პოლიგონზე, კუნძულ ახალ მიწაზე. მოსკოვს ასევე შეუძლია საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს უკრაინის რომელიმე დაუსახლებელ რაიონს, მაგალითად, შავ ზღვაში. კრემლს შეუძლია შეუტიოს რომელიმე დიდ სამრეწველო ობიექტს ან რომელიმე პატარა უკრაინულ ქალაქს. ვლადიმერ პუტინს შეუძლია ეს ნაბიჯები რიგ-რიგობით, თანმიმდევრულად გადადგას, რომ უკრაინას მათი გაცნობიერების დრო ჰქონდეს, დამარცხების აღიარების მიზნით, ხოლო დასავლეთს - შეეშინდეს უკრაინის მაგალითით, უკან დაიხიოს, უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე და კაპიტულაცია განაცხადოს.

4) რა რეაგირებას მოახდენს მსოფლიო?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინის გეგმები ასეთი სცენარებს მართლაც ითვალისწინებს, ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის და მისი რეჟიმისათვის უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. სრულიად გასაგებია, რომ რუსეთი კიდევ უფრო მძიმე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება, საერთაშორისო ურთიერთობებიდან გაირიყება.

პუტინი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დანებდება, ან დასავლეთი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე. მაშინ მას ორი ვარიანტი რჩება: ომის ესკალაცია ან თავისი წინასწარ განწირული ავანტიურის საბოლოო ჩაფუშვა. უკრაინის, აშშ-სა და ნატოს ამჟამინდელი მოქმედება სულაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ისინი მზად არიან უკან დასახევად.

თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, პუტინი თავისი ნაბიჯით 77-წლიან ტაბუს დაარღვევს. მსოფლიო შეძრწუნდება, გამოიწვევს კრემლის მოქმედების დაგმობის ტალღას და რუსეთის იმაზე უფრო მკაცრ ეკონომიკურ იზოლაციას, ვიდრე დღესაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დასავლეთსაც შეუძლია რუსეთს საპასუხო ბირთვული დარტყმა მიაყენოს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გააკეთა შესაბამისი გაფრთხილება: "ჩვენი პასუხი ისეთი იქნება, რასაც რუსები გააკეთებენ". თუმცა აუცილებელი არაა, რომ დასავლეთის პასუხიც ბირთვული იყოს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება აშშ-ის პასუხი გამანადგურებელ ოფიციალურ კიბერშეტევაში გამოიხატოს ან აშშ-ის არმიის ლოკალურ ჩარევაში უკრაინის ტერიტორიაზე.

5) ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

ვლადიმერ პუტინს ამ საკითხში უსაზღვრო უფლებამოსილება არ აქვს. რუსეთს სამი ბირთვული ჩემოდანი აქვს, რომელთაგან ერთი პრეზიდენტის ხელშია, მეორე თავდაცვის მინისტრს (სერგეი შოიგუს) აქვს და მესამე - გენშტაბის უფროსს (ვალერი გერასიმოვს). ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალების ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ პრეზიდენტს ჩემოდნის მეორე და მესამე მფლობელიც დაეთანხმოს.

გაუგებარია, ვრცელდება თუ არა ეს შემზღუდავი წესი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე. ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსეთის არმიის სარდლობას ფორმალურად ვეტოს უფლება არ აქვს, ისინი თვითონ გეგმავენ და აკონტროლებენ დარტყმების პრაქტიკულ მიყენებას, მაგრამ რადგანაც ასეთი იარაღის გამოყენება მათ დაევალებათ, [თეორიულად უარი შესაძლებელია]. თუმცა ძალიან სარისკოა იმის დაჯერება, რომ რუსი ოფიცრები უარს იტყვიან ბრძანების შესრულებაზე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ