"წლებმა დარდი მხოლოდ გაამძაფრა...გახდებიან კი ოდესმე ისინი ადამიანები?" - რას წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი სოხუმის დაცემაზე და საქართველოში რუსების შემოსვლაზე? - კვირის პალიტრა

"წლებმა დარდი მხოლოდ გაამძაფრა...გახდებიან კი ოდესმე ისინი ადამიანები?" - რას წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი სოხუმის დაცემაზე და საქართველოში რუსების შემოსვლაზე?

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში დატრიალებულ უმძიმეს მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი.

"წლები გავიდა და მაინც არ გახუნდა კადრი, ტრაქტორის ძარაზე შემოსმული 95 წლის დიდი ბებიასი, პარკში სახელდახელოდ ჩაყრილი ერთი ხელი თბილი ტანსაცმლით და ჩაიდნით (სულ ცდილობდა აეხსნა რატომ აიტაცა ჩაიდანი გაქცევის ორიმტრიალში და ვერ პოულობდა ამ კითხვაზე პასუხს)... სასწრაფოდ აყარეს მისივე ხელებით, წლობით ნაშენები ბუდიდან, ხუთი შვილით და უამრავი შვილიშვილ-შვილთაშვილითურთ... ასე აღმოჩდა ლიდიშა ბებიას დიდი ოჯახი მისი უფროსი ქალიშვილის ოჯახს შეხიზნული წალენჯიხაში.მე და ჩემი უმცროსი ძმა მამამ რამდენიმე დღით ადრე გამოგვარიდა გალს. ბებიასთან წალენჯიხაში, ტელევიზორს მიჯაჭვულები ვუყურებდით სოხუმის დაცემას. 28 სექტემბერი დედას დაბადების დღეა. სწორედ ამ დღეს მოადგა სიკვდილს გამოქცეული მთელი ნათესაობა ბებიას ეზოს. 50-ზე მეტმა მოვიყარეთ თავი. 40-45 ადამიანი შემდეგი ორი წელი ბებია-ბაბუას ჭერს აფარებდა თავს და ელიოზივით ელოდა სასწაულს, დაბრუნებას...პირველი თვეების მოლოდინი ოპტიმიზმით იყო გაჯერებული. ვბრუნდებოდით, ხან რომელიმე საკრალურ რიცხვში, ხან გაეროს მომდევნო სხდომის შემდეგ, ხანაც ახალი წლის მერე... მოლოდინში დგებოდა უშუქო, ცივი ღამეები და თენდებოდა ბიძაჩემის გამამხნევებელი შეძახილებით, გალი, ოჩამჩირე, ტკვარჩელი, მახუნჯია, ჭუბურხინჯი გაიღვიძეთ, მალე დაბრუნდებით...დრო და დრო 45 დევნილს ომის ქაოსში ჩაკარგული მეზობლები, მეგობრები, ნათესავები სტუმრობდნენ... ყველა ერთმანეთს ეძებდა. ყოველი ახალი შეხვედრა საყვარელ ადამიანებთან აუცილებლად სრუნდებოდა განწირული კივილით... ნაცნობ-მეგობარ-ნათესავის გარდაცვალების ამბავი მოყვებოდა ყოველ სტუმარს. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ ჭიშკრის შეჭრიალებაზე გული ფართხალს იწყებდა... უკვე ვიცოდით კიდევ ერთი სიკვდილისთვის უნდა გაგვეძლო.უშუქო საღამოებს მე და ჩემი პატარა ძმა ვახალისებდით დაკვრა-სიმღერით. ვუკრავდი გაუთავებლად... ასე ვცდილობდით დარდით დატანჯული უფროსების შეკრული შუბლიდან ნაოჭების წაშლას. ბიძა, ბებია, ბაბუა უსასრულო ლოჯისტიკურ ორომტრიალში იყვნენ ჩაბმული რომ ამდენი ადამიანი გამოეკვებათ, ზამთრის მოახლოებისას თბილად შეემოსათ, გარდაცვლილი ახლობლების დასატირებლად წაეყვანათ უსახსროდ დარჩენილნი. სოფელი დევნილებით გაივსო. ყველას უჭირდა და მაინც ბოლო ლუკმას უზიარებდა ღია ცისქცეშ დარჩენილთ. ოჯახში მყოფი დევნილების გარდა სოფლის გაჭირვებულებსაც წვდებოდა ბებია-ბაბუა-ბიძის ხელი... ფქვილით, შაქრით, საკვებით დატვირთული დაიარებოდა ბებია მათთან ვისაც შიმშილს შეატყობდა.დღეები სწრაფად მიქროდნენ და თან წვეთ-წვეთად მიჰქონდათ დაბრუნების იმედი...მალე მხედრიონის ურდო დაგვატყდა თავს...მერე მამა გარდაიცვალა, ზუსტად იმ ასაკში რაშიც ახლა მე ვარ. გულმა დარდს ვერ გაუძლო... ყველა სხვა უბედურება ასე გაუფერულდა ბებია-ბაბუას ჭერს შეფარებული დიდი ოჯახისთვის...წლებმა დარდი მხოლოდ გაამძაფრა, იმედი სრულად გადაწურა.ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს. ყოველმა მათგანმა, ვინც ახლა ფეხით მოუყვება უიმედობის უსასრულო ბილიკს, დაიმსახურა ეს ტკივილი. დუმილით გაცემული თანხმობისთვის დაიმსახურეს ჯოჯოხეთი რაშიც აღმოჩნდნენ.და მაინც... გულის სიღრმეში მიხარია რომ მეცოდებიან. გულწრფელად მაქვს თანაგრძნობის განცდა და ეს გრძნობა იმ ურჯულოებზე უპირატესს მხდის. მიუხედავად ყველა უბედურებისა ადამიანად დავრჩი.გახდებიან კი ოდესმე ისინი ადამიანები? მიხვდებიან კი, რომ თითოეული მათგანი ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილის და უბედურების უშუალო მონაწილე ან თანამონაწილეა?... ", - წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.