"საქართველო-რუსეთის საზღვართან რუსეთის საგზაო ინსპექცია "უკლონისტებზე" ფულს აკეთებს" - რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"საქართველო-რუსეთის საზღვართან რუსეთის საგზაო ინსპექცია "უკლონისტებზე" ფულს აკეთებს" - რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს რეპორტაჟს სათაურით "საქართველო-რუსეთის საზღვართან რუსეთის საგზაო ინსპექცია "უკლონისტებზე" ფულს აკეთებს".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სოჭიდან ზემო ლარსამდე - რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე - რომ მისულიყვნენ, ჯარში გასაწვევის ასაკის მქონე რუსეთის მოქალაქეებს გიორგის (23 წლის), ალექსანდრეს (36 წლის), დენისს (40 წლის) და დიმიტრის (46 წლის) 60 საათი დაჭირდათ. ისინი აღარ დაელოდნენ უწყების მიღებას და როგორც კი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, სწრაფად გაემზადნენ საზღვარგარეთ წასასვლელად - 900 კილომეტრი გაიარეს და ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოს საზღვარს მიადგნენ

გზის ბოლო 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, უშუალოდ საკონტროლი-გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" სიახლოვეს, მათთვის - "უკლონისტებისათვის" ანუ მობილიზაციის თავის ამრიდებლებისათვის - ნამდვილ გამოცდად იქცა, თუმცა 40 საათის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მათ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და თბილისამდე მშვიდობიანად ჩავიდნენ, კარგად გამოიძინეს და შემდეგ "დოიჩე ველეს" კორესპონდენტს თავიანთი თავგადასავალი უამბეს.

"ომი საშინელებაა, მაგრამ ბევრი ომშიც ხელს ითბობს"

სოჭიდან ჩრდილოეთ ოსეთამდე "უკლონისტებმა" მშვიდად მიაღწიეს, შემდეგ კი, როგორც დიმიტრი ჟუკოვი ამბობს, მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ, რადგან ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსამდე მთელ გზაზე ГИБДД-ის - რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინპექციის (ანუ საგზაო ინსპეცია/პოლიციის) პოსტები დგას. აშკარად ჩანს, რომ მათ უმრავლესობას უკანონო ხასიათი აქვთ - უბრალოდ, საგზაო პოლიციელები სარგებლობენ სამსახურის ავტომობილით, გამოდიან გზაზე, აჩერებენ მოქალაქეებს და ახალგაზრდა მამაკაცებისაგან, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, ფულს ითხოვენ.

"ჩვენ 20 ათასი რუბლი გადავიხადეთ, რათა ჩრდილოეთ ოსეთში შევსულიყავით", - ამბობს დიმიტრი ჟუკოვი, - "თუმცა ფულის რაოდენობა ავტომობილის მარკაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, მოსკოვის ნომრებიან BMW-ის მფლობელთათვის პრეისკურანტი უფრო მაღალი იყო. ფულს პასპორტში ჩადებ, პოლიციელს მიაწოდებ, ის ფულს ჯიბეში იდებს და პასპორტს გიბრუნებს. სულ ეს არის".

ვლადიკავკაზის შემდეგ, როგორც "უკლონისტები"ამბობენ, დიდი "საცობი" იწყება, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. მათ "საქმის მომგვარებლებთან" მოუხდათ შეხვედრა - "წვერმოშვებულ შავტანისამოსიან" პირებთან, რომლებიც რიგში მდგომ გაწამებულ ადამიანებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდნენ. მაგალითად, 200 ათას რუბლად (დაახლოებით 3 ათას დოლარად) შეიძლება საზღვრის გადაკვეთა "ციმციმათი" აღჭურვილი ГИБДД-ის ავტომანქანით, რომელიც რუსულ პუნქტამდე მივა, იქიდან კი უკვე მიკროავტობუსით, 15-20 ათას რუბლად - საქართველოს პუნქტთან.

როგორც "დოიჩე ველესთან" მოსაუბრები თვლიან, გზის შემხვედრ ზოლზე რომ არ იყოს მოძრაობა (რაც ხელს უშლის ტრანსპორტის ნორმალურ გადაადგილებას), მაშინ ასეთი გრძელი რიგი არ იქნებოდა. მოძრაობის დარღვევას პოლიციელები ყურადღებას არ აქცევენ. უშუალოდ სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტთან ე.წ. "ბოთლის ყელია" შექმნილი. აქ რეალურად ხედავ ცნობილი პრინციპის მოქმედებას: "ომი საშინელებაა, მაგრამ ბევრი ომშიც ხელს ითბობს"

"მობილიზაცია" - მობილიზების გარეშე?

მთელი სქემა ГИБДД-ის პოლიციელების მიერ არის ორგანიზებული. პოლიციის ბოლო პუნქტი უშუალო სასაზღვრო ტერმინალს 200 მეტრითაა დაშორებული, ანუ ბოლო 200-მეტრიანი მონაკვეთი ცივილიზებულად გამოიყურება, მესაზღვრეები ამ ყველაფერს ვერ ხედავენ. პოლიციელებს მობილიზაცია არ აინტერესებთ. პუტინის ბრძანება მხოლოდ მესაზღვრეებს ახსოვთ, რომლებიც შიგადაშიგ ზოგიერთებს სამხედრო ბილეთების წარდგენას სთხოვენ და საქართველოში შესვლის მიზანს ეკითხებიან. ყველას თავისი ლეგენდა აქვს. რუსი მამაკაცისათვის ყველაზე "საშიში" ასაკი 23 წელია და თუ საზღვარზე გადასვლას მოახერხებს, უნდა ჩათვალოს, რომ იგი "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული და იღბლიანია" (ბოლო მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლებამ ამჟამად ზემო ლარსშიც გახსნა სამობილიზაციო პუნქტი - რედ.).

სოჭელმა "უკლონისტებმა" საპასპორტო კონტროლი სწრაფად და უპრობლემოდ გაიარეს. ამასთან, მათ შენიშნეს, რომ ყველაზე ყურადღებით ჩრდილოკავკასიელებს ამოწმებენ: მათ არც რუსი მესაზღვრეები არ უშვებენ და არც ქართველები. საერთოდ, ჩრდილოკავკასიელებს გაქცევის მოტივი ნამდვილად აქვთ, რადგან მობილიზაცია აქ უფრო მკაცრად მიმდინარეობს, ვიდრე რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში.

"საზღვარზე გადასვლისას ადამიანები მართლაც სარგებლობენ ველოსიპედებით და თვითმგორავებით", - ამბობს დენისი. მართალია, რუსმა მესაზღვრეებმა თვითმგორავებიანი მოქალაქეების გატარება აკრძალეს, მაგრამ ველოსიპედით საზღვარზე გადასვლა ახლაც შეიძლება. ესეც ბიზნესია - ავტომობილების მფლობელებს რამდენიმე პიროვნება ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალების ყიდვას სთავაზობს. ქართულ მხარეზე გადასვლის შემდეგ "უკლონისტები" ველოსიპედებს იქვე ტოვებენ და შემდეგ ტაქსით აგრძელებენ მგზავრობას თბილისისაკენ.

"თებერვლელები" "სექტემბრელების" წინააღმდეგ

"საზღვრის ქართულ მხარეზე ყველაფერი მოწესრიგებულია, ადამიანებს ნორმალურად ხვდებიან, არავინ არ უხეშობს. სულ რაღაც ნახევარ საათიანი შემოწმების შემდეგ ოთხივე საქართველოში შეუშვეს. სოჭელი "უკლონისტები" ახლა თბილისის სასტუმროში არიან და ჯერ პერსპექტივაზე სერიოზულად არ დაფიქრებულან. თუმცა მათთვის ერთი რამ უკვე გარკვეულია - ისინი აცნობიერებენ, რომ "პუტინის რუსეთში უკან დასაბრუნებელი გზა მათ მოჭრილი აქვთ".

თბილისში რუსების მოზღვავება ჯერ-ჯერობით ძალიან შესამჩნევი არ არის. მათ უფრო ქალაქის ცენტრში და მობილური კავშირის სალონებთან წააწყდებით - მობილური ინტერნეტის სიმ-ბარათების გაფორმების რიგში მდგომებს. რიგში მოლოდინის დროს ბევრ საკითხზე ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ამბობს, სახელად გლები, თბილისში მას ყველაზე მეტად იმ თანამემამულეთა რეაქცია გაუკვირდა, რომლებიც საქართველოში თებერვალში ჩამოვიდნენ. მისი თქმით, ინტერნეტ-ჩატებში სრული სერიოზულობით გამოიყენება ტერმინები "თებერვლელები" და "სექტემბრელები". ის რუსები, რომლებმაც რუსეთი თებერვალში დატოვეს, თვლიან, რომ სწორედ ისინი გამოექცნენ ომს და პუტინის აგრესიული პოლიტიკის კრიტიკაც სწორედ მათ დაიწყეს.

"მე პირადად ასეთი ბულინგისათვის მზად არ ვიყავი", - აღიარებს გლები "დოიჩე ველეს" კორესპონდენტთან საუბარში. მისი თქმით, სხვა პრობლემები რუსებისათვის საქართველოში მაინდამაინც არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება რუს "უკლონისტებს" ტურისტებად თვლის, რომლებსაც უვიზოდ ცხოვრება ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში მშვიდად შეუძლიათ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ