რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და გაბედავს თუ არა პუტინი მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და გაბედავს თუ არა პუტინი მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიბზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვის შემდეგ პუტინი, ეტყობა, მანამდე ანექსირებულ ყირიმის ოლქს „მიაბამს“ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებს და მათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლად გამოაცხადებს...

1-b-1664352314.jpg
რუსული ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო ბირთვული ქობინი

ეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შეაჩერებს უკრაინელების განმათავისუფლებელ ბრძოლას და არც ფრონტის ხაზები მოიშლება, მაგრამ როგორი იქნება კრემლის ბინადარის რეაქცია, თუკი უკრაინელების გაშვებული რაკეტები და გასროლილი ჭურვები უკვე რუსეთის მიერ „ოფიციალურად მიერთებულ ოკუპირებულ“ ტერიტორიებზე ჩამოვარდება?

კრემლი ამას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტევად აღიქვამს და სრულფასოვან ომს გამოუცხადებს უკრაინას, თუ პუტინი მართლაც აასრულებს დაქადნებას და უკრაინას ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაარტყმას?

არავის გვინდა დავიჯეროთ, რომ 21-ე საუკუნის ჰიტლერი-პუტინი გაბედავს ბირთვული, თუნდაც მცირე სიმძლავრის იარაღის გამოყენებას და ეს უფრო მის მიერ გაჟღერებული დიდი ბლეფია, თუმცა მერე მხრივ, ბევრს სჯეროდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმია ღიად შემოიჭრებოდა საქართველოში ან ყირიმის ნახევარკუნძულს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე „ჩამოაჭრიდა“ და მითეუმეტს ა.წ.-ის 24 თებერვალს ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ?

როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა თავდასხმაზე გადმოდის, ისე უკრაინასთან ომში დამარცხებისკენ მიბრუნებული რუსული არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმაც შეიძლება გადადგას ასეთი საბედისწერო ნაბიჯი და საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო, უფრო კი პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ტაქტიკური დანიშნულების მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის მიწაზე...

2-b-1664352343.jpg

152 მმ კალიბრის საბჭოთა/რუსული ბირთვული საარტილერიო ჭურვის აფეთქების სიმძლავრე 1-2 კილოტონა ტროტილის ექვივალენტია

რას წარმოადგენს ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება განსაზღვრულია საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ფრონტის ხაზზე და მოწინააღმდეგის ახლო ზურგში. მისი სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტით შედარებით მცირეა (განისაზღვრება რამდენიმე ათეული კილოტონით) და მეტი ყურადღება მიზანში მოხვედრის სიზუსტეს ეთმობა.

საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული არსენალიდან (რომელიც ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და ოცი ათასს აღემატებოდა, საიდანაც 350 ტაქტიკური ბირთვული მუხტი რაკეტის ქობინის, საავიაციო ბომბის, საარტილერიო ჭურვისა და ნაღმის სახით 1989 წლის გაზაფხულამდე საქართველოს ტერიტორიაზეც ინახებოდა) რუსეთს დღეისათვის არანაკლებ ორი ათასამდე ასეთი მუხტი დარჩა, რომელთა დაყენება შეიძლება აერობალისტიკური "ისკანდერებისა" თუ ფრთოსანი "კალიბრების" ქობინებში.

3-b-1664352373.jpg

5 კილოტონა სიმძლავრის რუსული ბირთვული საავიაციო ბომბი

თუკი ჰიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკური აერობალისტიკური რაკეტა "ისკანდერ მ“-ზე 50 კილოტონაა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება,­ რომლის ინიცირების შედეგად ყველაფერი განადგურდება არანაკლებ 30 კმ-ის რადიუსში, ამ სიმძლავრის ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი საშუალო ქალაქის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია.

4-bb-1664352401.png
30-50 კილოტონა სიმძლავრის ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი პატარა ქალაქის სრული განადგურება შეუძლია...

შეზღუდული ბირთვული ომის კონცეფციას ჯერ კიდევ საბჭოთა სამხედრო სტრატეგები ამუშავებდნენ პირველი ცივი ომის დროს და რა დაუშლის კრემლის ბინადარს, მეორე ცივ ომში ფრთები შეასხას ამ საშინელ ჩანაფიქრს, მით უმეტეს, რომ იცის, მისი ხელის შემშლელი ვერც ნატო იქნება და ვერც - აშშ, პირიქით, უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით პუტინი კიდევ უფრო დააშინებს ისედაც "გაბედულ" დასავლეთს, კრემლმა ბირთვული ომი ჩვენც არ გამოგვიცხადოსო.

მეორე მხრივ, აშშ და მთლიანად დასავლეთი, პრევენციულად აფრთხილებს პუტინს, რომ არავითარ შემთხვევაში ხელი არ წაუცდეს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ძალზე მტკივნეულ პასუხს მიიღებსო...

მაგრამ გაბედავს კი დასავლეთი ასევე ბირთვული პასუხის დაბრუნებას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, თუკი პუტინმა რომელიმე პატარა უკრაინული ქალაქის სიახლოვეს, ფრონტის ხაზთან, ტაქტიკური ბირთვულქობინიანი რაკეტის გაშვება ბრძანა?

დიდი ალბათობით, არა... მაშინ როგორი იქნება დასავლეთის ადექვატური პასუხი პუტინის ბირთვულ დარტყმაზე უკრაინაში?

ძნელი სათქმელია...

მანამდე კი პენტაგონი და ნატო დაჩქარებული ტემპებით აძლიერებენ ტექნიკური ხასიათის სადაზვერვო სამუშაოებს, რომ ადრეულად აღმოაჩინონ რუსეთის არმიის მიერ ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის პროცესი.

თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტშორისო რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომლებზეც მუდმივად აყენია ბირთვული ქობინები, ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინები, ასევე საარტილერიო ჭურვები და საავიაციო რაკეტები, როგორც წესი, მიწისქვეშა ბუნკერებში ინახება და მათი დაყენება ორ ათეულზე მეტ ისეთ გადამტანზე შეიძლება, რომლებსაც რუსეთის არმია ყოველდღიურად იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ, თუმცა ეს „ისკანდერები“ თუ „კალიბრები“ ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტებით არიან აღჭურვილნი, მათ ჩანაცვლებას ბირთვულით კი მხოლოდ რამდენიმე საათი თუ სჭირდება...