"დედა ქართველი მყავს, მამა - რუსი... სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს" - კვირის პალიტრა

"დედა ქართველი მყავს, მამა - რუსი... სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს"

19 წლის დენის სუეტინის და 4 წლის ტასოს მუსიკალური ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან მოკლე ხანში პოპულარულიც გახდა. "რა პატარა, რა ლამაზი და საყვარელი ბავშვია, შენ შემოგევლე", "ეს ბიჭი სულს მითბობს, ისეთი საყვარელია, როგორი სითბო მოდის", "რა ჰქვია ამ ბიჭს და რა გვარია, იცის ვინმემ?" "საყვარელი და ნიჭიერი მამა-შვილი", - ასე გამოხატავდნენ ემოციებს სოციალური ქსელის მომხმარებლები. გადავწყვიტეთ, უფრო მეტი გაგვეგო დენისისა და ტასოს შესახებ.

- როდესაც ემოცია გულწრფელია, ამას ხალხს ვერ გამოაპარებ. ალბათ ამიტომაც ჰქონდა ჩვენს ვიდეოს უამრავი ნახვა და ამიტომ გვწერდნენ სიყვარულით სავსე კომენტარებს. ეს არ იყო ჩემი პირველი ვიდეო და სიმღერა, პირველი იყო "ინდივიდი" და "ახლა პატარა ქალაქში", რომლებიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს. ჩემს "იუთუბ"-არხზე 50-მდე სიმღერა დევს. ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, მელოდიების გარდა. მელოდიებს ძირითადად, "იუთუბიდან" ვიღებთ ან ვყიდულობთ. ასე იქმნება ტრეკები. მთავარია, მელოდიამ შეგვიქმნას საჭირო განწყობა. ტექსტს თვითონ ვწერ, ჩემს აზრებსა და ემოციებს ჩემზე უკეთ სხვა ვერ გადმოსცემს.

- მუსიკის სიყვარული ოჯახიდან მოდის?

- დედა ქართველი მყავს, მამა - რუსი, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. დავიბადე და გავიზარდე ქობულეთში. დედაჩემმა ჩემს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან მამის გარეშე ვიზრდებოდი. მამამ რომ დამტოვა, ძალიან პატარა ვიყავი, 5 წლისა კი დედის გარეშეც დავრჩი, რადგან ემიგრაციაში წავიდა. ჩემ გამო გადაწყვიტა ასე, ჩემი წარმატებებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ამიტომაც, ის ჩემთვის ყველაფერია. ვიზრდებოდი მამაჩემის დედასთან, მანაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აღზრდაში ისევე, როგორც დედას ოჯახმა. ახლა მარტო ვცხოვრობ.

მუსიკასა და ხელოვნებასთან არანაირი პროფესიული შეხება არ ჰქონიათ ჩემებს, ერთადერთი, სიმღერის მოსმენას მასწავლიდნენ. რაც მაშინ მოდაში იყო, იმას ვუსმენდი. 9 წლისას მინდოდა, როგორც მე ვუსმენდი სხვის სიმღერებს, ისე მოესმინათ ჩემთვისაც. 10 წლისამ დავიწყე მუსიკის წერა, მერე ცოტა ხნით თავი დავანებე და 16 წლისამ უკვე სერიოზულად დავიწყე იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარდა. პირველი სიმღერა "ნოუთბუკის" მიკროფონში ჩავწერე, ძალიან საწვალებელი იყო. ერთი სიმღერის ჩაწერასა და დამუშავებას 5 დღე მაინც სჭირდებოდა. პირველი სიმღერა რომ ავტვირთე, უცებ გაიგო ყველამ, - დენისმა სიმღერა დაიწყოო. ქობულეთი პატარა ქალაქია და აიტაცეს. მოსწონდათ, უსმენდნენ და მეც ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი ასე კარგად მიიღეს. ოჯახის წევრებმა დაინახეს სიყვარული მუსიკის მიმართ და აპარატურა მიყიდეს. ადრე თუ რამდენიმე დღე უნდოდა ერთი სიმღერის ჩაწერას, ახლა ნახევარ საათში იწერებოდა, დამუშავებაც ადვილი იყო. ეს ყველაფერი თვითონ ვისწავლე, რადგან არ მინდოდა, ვინმეზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. ნელ-ნელა განვვითარდი. პოპულარული რომ გახდე, უნდა გაგიმართლოს კიდეც, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. პირველი სიმღერა, რომელიც ხალხმა აიტაცა, მხოლოდ ჩვენმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა. ერთ-ერთმა პატარა მონაკვეთი დადო, მერე ვიღაც გოგომ "ტიკ-ტოკზე" ატვირთა ფოტოები კოლაჟისთვის და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, მთლიანი სიმღერა დაგვედო. უცებ დააგროვა 100 000 ნახვა, თან ის პერიოდი იყო, როდესაც ახალი დაწყებული მქონდა ქართულენოვანი სიმღერები. რაკი საქართველოში ცხოვრობ, უნდა იმღერო ქართულად, ასე ვფიქრობ.

- წარმოშობის გამო გქონიათ პრობლემები?

- რუსული გვარის გამო თითქოს ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ აქ, საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ამ მიწაზე დავდივარ და ქართული ტრადიციებით ვცხოვრობ, სახელსა და გვარს ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? ჩემს ერთ სიმღერაში არის ასეთი ფრაზა: "სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს"... ეს არის ჩემი სათქმელი.

- როგორ ჩაიწერა ვიდეო ტასოსთან ერთად და ვინ არის ეს პატარა გოგონა?

- ტასო ჯერ 4 წლისაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. დედამისი, ჩემი მეგობარი მარიამ ქირიაც მუსიკოსია. მე და ტასოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ჩემი პატარა ვარსკვლავია, ყველა ჩემი სიმღერა იცის. ერთხელ მარიამმა მითხრა, მოდი, ვიდეო გადავიღოთ და დავდოთო. ვიდეოს გადაღებისას 1-2-ჯერ იტირა, ტასოს ემოციებს რომ უყურებდა... არ გვეგონა, თუ სიმღერა ასე უცებ გახდებოდა პოპულარული. მანამდე ჩემი და ჩემი საცოლის ვიდეოთი გაიცნო მსმენელმა ეს სიმღერა. ჭეშმარიტი და წმინდა გრძნობები ალბათ ყველამ კარგად იგრძნო. დღეში 100 000 ნახვა ემატებოდა, მერე ტასოსთან ერთად გადაღებული ვიდეოც დაემატა და ყველას კიდევ უფრო შეუყვარდა სიმღერა - "გელოდები".

- თვითონ ტასო რას ამბობს, მოსწონს პოპულარობა?

- ძალიან ამაყია და მოსწონს, რომ ცნობენ.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"