"ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი - რეაგირების გარეშე ეს არ უნდა დარჩეს" - კვირის პალიტრა

"ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი - რეაგირების გარეშე ეს არ უნდა დარჩეს"

რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს ლუკაშენკოს, მინიმუმ ნაბიჯებია გადასადგმელი თბილისის მხრიდან, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი საქართველოდან, რადგან რეაგირების გარეშე ეს არ უნდა დარჩეს, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა.

მისი თქმით, ახლა, კონსულტაციებია მინიმუმ დასაწყები დასავლეთის ქვეყნებთან, რათა ეს პროცესი სხვა ქვეყნებსაც არ გადაედოს.

„ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არჩია თითქოსდა კონფლიქტების მოგვარებისა და რუსეთთან დათბობის მიზნით, არ მუშაობს. შეუძლებელია დაიმალო. გეოგრაფიას ვერ შეცვლი და გეოპოლიტიკური პროცესები, რომელიც ვითარდება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შეუძლებელია შენზე არ აისახოს. ეს არის წლების განმავლობაში დაყვავების პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა. ამ შემთხვევაში ჯერ არ ვიცით საბოლოოდ მივა თუ არა საქმე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან ლუკაშენკოს მხრიდან, თუმცა შეიძლება ეს მოხდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ სასწრაფო წესით მინიმუმ უნდა გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობები ბელარუსთან და მივიღოთ სხვა ზომებიც, რომელიც ამ დროს არის გასატარებელი.

კონსულტაციებია მინიმუმ დასაწყები დასავლეთის ქვეყნებთან, რომ ეს პროცესი არ გადაედოს სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ეს ახლა ძნელი გასაკეთებელი იქნება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავს და აგინებს ყველა დასავლურ ინსტიტუტსა და პოლიტიკოსებს, ამიტომ ეს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს და ეს იყო რის გამოც, დიდხანს ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არასწორი პოლიტიკა არ გაეტარებინა.

ახლა სამწუხაროდ, ვიმკით არასწორი პოლიტიკის შედეგებს, მაგრამ მიუხედავად იმისა რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს ლუკაშენკოს, მინიმუმ ნაბიჯებია გადასადგმელი თბილისის მხრიდან, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი საქართველოდან, რადგან რეაგირების გარეშე ეს არ უნდა დარჩეს და ყველაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

IPN