ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა - რა სახის არძალვები შეეხება რუსეთს? - კვირის პალიტრა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა - რა სახის არძალვები შეეხება რუსეთს?

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა, რომელიც უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.

პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

„გასულ კვირას რუსეთი უკრაინაში ომის ახალ ესკალაციაზე წავიდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმები - ეს არის უკანონო მცდელობა მიწის წართმევისა და ძალით საზღვრის შეცვლისა. მობილიზაცია და ბირთვული იარაღით მუქარა - პუტინის ესკალაციის შემდგომი ნაბიჯია. ჩვენ არ ვაღიარებთ ფსევდორეფერენდუმებს და ვაპირებთ გავაკეთოთ ისე, რომ კრემლმა ამისთის გადაიხადოს“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი შეთავაზებაა, დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსეთის პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება.

ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს.

„ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბრიუსელს ასევე შემოაქვს სანქციების ახალი კატეგორია პირთათვის, რომლებიც ეხმარებიან რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში.

„მაგალითად, ადამიანები, რომლებიც საქონელს ყიდულობენ ევროკავშირში, მიაქვთ მესამე ქვეყანაში, შემდეგ კი იქიდან - რუსეთში. ისინი შესაძლოა, თავად გახდნენ სანქციების ობიექტები“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი გააფართოებს სასანქციო სიებს და შემოიღებს პერსონალურ სანქციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის და კრემლს დაქვემდებარებული ოკუპირებული ხელისუფლებების წარმომადგენლებისთვის უკრაინის ოთხ ოლქში, სადაც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსი"