"იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე" - რას აცხადებს ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე" - რას აცხადებს ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს.

"ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთს პირველად სტუმრობს.

ბჟანიამ დასძინა, რომ შეხვედრაზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს და გამოთქვა რწმენა, რომ "სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება.

"ინტერპესნიუსი"