"სარკეში რომ ჩავიხედე, დავინახე, თმა გამთეთრებოდა" - კვირის პალიტრა

"სარკეში რომ ჩავიხედე, დავინახე, თმა გამთეთრებოდა"

"გჯეროდეს" - დიდი სტრესის შემდეგ დაწერილი სიმღერა

ზაფხულში ახალგაზრდა მომღერლის, მიშა უშიკიშვილის სიმღერის პრემიერა შედგა ერთ-ერთი რადიოს ეთერში. სიმღერას ჰქვია "გჯეროდეს" და როგორც მომღერალმა გვითხრა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აპირებს, მსმენელს კვალავაც შესთავაზოს ახალ-ახალი საავტორო სიმღერები.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბაბუაჩემი ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა გიტარაზე, მამაც მღეროდა მოყვარულის დონეზე, მეგობრების წრეში. ალბათ ამან განაპირობა მუსიკისადმი ჩემი ინტერესი და სიყვარული. პირველად საბავშვო ბაღში ვიმღერე "ჩემი კარგი ბაბუა", მაშინ ძალიან პოპულარული იყო ეს სიმღერა. სკოლის პერიოდში ერთხანს ჩამოვშორდი მუსიკას..."

"გარკვეული პერიოდი კარიერაში წყვეტა მქონდა: ჯერ მამა გარდამეცვალა, პანდემიის დროს - მეგობარი, სოფო ამაღლობელი, კოვიდით. იმდენად კარგი ადამიანი იყო, იმდენი რამ ვისწავლეთ მისგან, ვერ წარმოიდგენთ. ეს დიდი სტრესი გახლდათ, თვე-ნახევარი ვიბრძოდით მის გადასარჩენად..."

"მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი და მუსიკოსი. ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველივე სიმღერა ძალიან მოეწონა მსმენელს. ტექსტი, მელოდია იციან, რამდენჯერმე მიკროფონი გამომართვეს და თვითონ გააგრძელეს, რამაც გამაკვირვა და გამახარა, ეს დიდი სტიმულია მომღერლისთვის. ხალხის რეაქცია და ოვაციები გაძლევს მოტივაციას. რადიოში მეუბნებიან, შემოდის მოთხოვნები, ხალხი უსმენს შენს სიმღერას და იქნებ რამე სხვაც მოგვაწოდოო..."

"მუსიკას დიდი ძალა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. არავინ მეგულება, ვისაც არ მოსწონს ან არ უსმენს, ჯადოსნური ძალა აქვს, ისეთივე, როგორიც სცენას. მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე, ფიზიკური გეოგრაფიის განხრით მინდოდა "ჯავახიშვილში", მაგრამ ვერ მოვახერხე. ერთი დღეც კი არ მიმუშავია ჩემი პროფესიით. მუსიკასთან ერთად ძნელია, სხვა პროფესიას გაჰყვე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი