"ევროკავშირი და რუსეთი უპირატესობას დაკარგავენ, დარჩებიან ჩინეთი და აშშ" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი და რუსეთი უპირატესობას დაკარგავენ, დარჩებიან ჩინეთი და აშშ" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა

ცნობილ ამერიკულ გამოცემაში Foreign Policy-ში გამოქვეყნდა ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით "ევროპის ენერგეტიკული კრიზისი მრავალპოლუსიან მსოფლიოს გაანადგურებს: ევროკავშირი და რუსეთი უპირატესობას დაკარგავენ, დარჩებიან ჩინეთი და აშშ" (ავტორი - ჯეფ კოლგანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი შეიძლება იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდეს რუსეთისა და ევროკავშირის ეკონომიკისათვის, რომ ორივე გარკვეული დროის შემდეგ მსოფლიო არენაზე დიდი უფლებამოსილების მქონე სუბიექტების სტატუსს დაკარგავენ. ასეთი ცვლილებების შედეგი, რომელსაც ჩვენ ჯერ-ჯერობით სუსტად ვაცნობიერებთ, იქნება ძლიერი გადახრა ორპოლუსიანი მსოფლიოსაკენ, სადაც ორი ზესახელმწიფოს - ჩინეთისა და აშშ-ის დომინირების მოწმენი ვიქნებით.

თუ ჩავთვლით, რომ აშშ-ის ერთპოლუსიანი ბატონობა ცივი ომის დასრულების შემდეგ,1991 წელს დაიწყო და 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე გაგრძელდა, მაშინ 2008 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს, ანუ სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, შეიძლება კვაზი-მრავალპოლუსიანობის პერიოდი ვუწოდოთ. ჩინეთი სწრაფად ძლიერდებოდა, მაგრამ იმავდროულად ევროკავშირსაც, თავისი ეკონომიკის მოცულობით და განვითარებით 2008 წლამდე, კანონიერი უფლება ჰქონდა მსოფლიოს დიდი მოთამაშის წოდებაზე ჰქონოდა პრეტენზია.

რუსეთის ეკონომიკურმა განვითარებამ 2003 წლიდან და მისი სამხედრო ძლიერების ზრდამ ასევე განაპირობა მოსკოვის მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო რუკაზე. ბევრი სახელმწიფოს ლიდერი - ნიუ-დელიდან დაწყებული, ბერლინამდე და მოსკოვით დამთავრებული - მრავალპოლუსიანობას მიესალმებოდა და საერთაშორისო პოლიტიკის ახალ სტრუქტურად მიიჩნევდა.

ის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ენერგეტიკული კონფლიქტი გრძელდება, იმას ნიშნავს, რომ მრავალპოლუსიანობის პერიოდი თავის დასასრულამდე მივიდა. რუსეთის ბირთვული არსენალი არსად არ გამქრალა, მაგრამ მოსკოვი თანდათან პეკინის უმცროს პარტნიორად გადაიქცევა და მისი გავლენის სფეროში მოხვდება. სხვათა შორის, ენერგეტიკული კრიზისის გამო, ევროკავშირის დასუსტება არც აშშ-ის გავლენისთვის იქნება კარგი - ვაშინგტონი ხომ ევროპის კონტინენტს თავის მეგობარ-მოკავშირედ თვლიდა და ფსონს ყოველთვის მასზე დებდა.

ელექტრონერგიაზე და გაზზე ევროპული ფასები დღეს თითქმის ათჯერ მეტად მაღალია ათწლეულების საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც 2020 წლამდე არსებობდნენ. ფასების მკვეთრი მატება მიმდინარე წელს მთლიანად რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგია, თუმცა მასში წლევანდელმა უჩვეულო გვალვამაც თავისი ნეგატიური წვლილი შეიტანა. 2021 წლამდე ევროპა (ბრიტანეთის ჩათვლით) მხოლოდ 40%-ით უზრუნველყოფდა საკუთარ მოთხოვნილებას ბუნებრივ გაზზე, რუსეთიდან იმპორტის მეშვეობით, აგრეთვე მისგანვე ყიდულობდა ნავთობისა და ქვანახშირის მნიშვნელოვან რაოდენობას. როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო იტყობინება, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა ენერგეტიკულ ბაზრებზე მანიპულაციები დაიწყო და გაზის ფასი გააძვირა.

ჩვეულებრივ პერიოდში ენერგეტიკულ რესურსებზე დანახარჯები ევროკავშირისათვის მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს. მაგრამ ფასების მკვეთრი გაზრდით დანახარჯებიც ასევე მკვეთრად გაიზარდა და წინასწარი შეფასებით, 12%-ს მიაღწია. ასეთი დიდი დანახარჯების გამო ბევრი ევროპული კომპანია წარმოებას ამცირებს ან მთლინად იხურება. გაზზე ფასების ზრდით განსაკუთრებთ ზარალდება ალუმინის, სასუქების, მინის და მეტალურგიული საწარმოები. მომავალ წლებში ასეთმა ტენდენციამ ევროპა შეიძლება ღრმა რეცესიამდე მიიყვანოს.

რა თქმა უნდა, აუცილებელია აქვე ვთქვათ ისიც, რომ ევროპა არ გაღარიბდება. ევროპელები ამ ზამთარს არ გაიყინებიან. წინასწარი გაანგარიშებები იმას აჩვენებენ, რომ კონტინენტი არცთუ ისე ცუდად უმკლავდება პრობლემებს, იგეგმება გაზის მომხმარების ეკონომია, შევსებულია მიწისქვეშა გაზსაცავები. გერმანიამ და საფრანგეთმა მნიშვნელოვანი თანხები გამოჰყვეს და ელექტროენერგეტიკის მსხვილი საწარმოებისა და კომუნალური სამსახურების ნაციონალიზება განახორციელეს. ეს მათ იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებელთა ენერგომომარაგებაში შეფერხება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

და მაინც, ევროპა სხვა საფრთხის წინაშეც დგება: საქმე ეხება ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის დაკარგვას, დაყოვნებული ეკონომიკური ზრდის შედეგად. საზრდოობდა რა იაფი რუსული გაზით, ევროპას სჯეროდა, რომ რუსეთი მისი საიმედო პარტნიორი იყო. დღეს ასეთი რწმენა სამუდამოდ გაქრა. კი, მრეწველობა თანდათან შეეგუება სიტუაციას, მაგრამ რადგანაც გარდამავალ პერიოდს გარკვეული დრო დაჭირდება, შეიძლება მტკივნეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გაჩნდეს.

რა თქმა უნდა, ევროპა ადრეც ცდილობდა და ახლაც უფრო აქტიურად შეეცდება ენერგიის ალტერნატივა იპოვოს - განახლებადი წყაროების - ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით, მაგრამ მისთვის ძალიან რთული იქნება იაფი მილსადენური გაზის ჩანაცვლება ბევრად უფრო ძვირი თხევადი გაზით. იაფი გაზი იაფ ელექტროენერგიას იძლეოდა, კომპანიებს პროდუქციის გამოშვება იაფი უჯდებოდათ, ახლა კი გაზის გაძვირებამ ფასების მატების ჯაჭვური პროცესი გამოიწვია.

ევროკავშირის ეკონომიკური პერსპექტივისათვის არასასიამოვნოა ისიც, რომ მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში განუხრელად მცირდება, განსაკუთრებით 2008 წლიდან. მაშინ როცა ამერიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა "დიდი დეპრესიიდან", ევროპის ეკონომიკას მეტი დრო დაჭირდა, თანაც შეფერხებებით. და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა აზიის ეკონომიკა თავბრუდამხვევი ტემპებით ვითარდებოდა და ამ პროცესის სათავეში ახლაც ჩინეთის მძლავრი ეკონომიკა დგას.

2009-2020 წლებში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა საშუალოდ 0,48%-ს შეადგენდა. აშშ-ის ზრდის ტემპი იმავე პერიოდში თითქმის სამჯერ მეტი იყო - საშუალოდ 1,38% წელიწადში. ჩინური ეკონომიკა კი ბევრად სწრაფად ვითარდებოდა - ზრდის ტემპი 7,36%-ს შეადგენდა ყოველწლიურად. თუ 2009 წელს ევროკავშირის მშპ უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩინეთისა და ამერიკისა, ახლა ევროპა მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

კიდევ უფრო უარესია ის, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყნებს სამხედრო ძლიერებითაც ჩამორჩება. ევროპის ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ხარჯების ეკონომიას ეწეოდნენ და ახლა მათ ძალიან უჭირთ დამატებითი კაპიტალდაბანდების განხორციელება, რადგან თუ სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება, მაშინ ეს ეკონომიკის სხვა დარგების საზიანოდ მოხდება. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო დაამუხრუჭებს მშპ-ის ზრდას და მთავრობებს აიძულებს არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას, რაც სოციალური საჭიროებისათვის ასიგნებების შემცირებაში გამოიხატება.

რაც შეეხება რუსეთში შექმნილ სიტუაციას, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სერიოზულია, ვიდრე ევროკავშირში. დიახ, რუსეთი ჯერ კიდევ იღებს დიდ შემოსავლებს ნავთობ-გაზის ექსპორტის წყალობით, რომლებიც ამჟამად ძირითადად მხოლოდ აზიისაკენ მიდის, მაგრამ პერსპექტივაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში კრიზისის დაწყება გარდაუვალია, თუნდაც უკრაინის ომი მალე დამთავრდეს. იმიტომ, რომ დასავლეთმა რუსეთის ენერგეტიკულ დარგს ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება შეუწყვიტა, რომელიც მას ძალიან ჭირდება.

ახლა, როცა ევროპამ რუსეთის მიმართ საიმედო ენერგომიმწოდებლის რწმენა დაკარგა, მოსკოვისათვის ერთადერთ მისაღებ მიმართულებად აზია რჩება. ერთი მხრივ, კრემლისთვის საბედნიეროდ, აზიაში ბევრი სწრაფად მზარდი ეკონომიკა არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, კრემლის საუბედუროდ, რუსული გაზის საექსპორტო მილსადენური ინფრასტრუქტურა დასავლეთევროპული მიმართულებისთვის არის შექმნილი და მისი აღმოსავლეთისკენ შებრუნება ძალიან რთულია. ამას წლები დაჭირდება და მილიარდობით დოლარი, და შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ კრემლი ფინანსურად ჩინეთის პირობებზე დამოკიდებული გახდეს და პეკინის კარნახით იმოქმედოს, ანუ რუსული ენერგოსექტორის ჩინურზე დამოკიდებულება გეოპოლიტიკის სფეროშიც გადაინაცვლებს. ეს იქნება ისეთი პარტნიორობა, როცა რუსეთი ჩინეთის "ხელქვეითის" როლში იქნება. სამარყანდში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ჩინეთს უკრაინის კონფლიქტის მიმართ კითხვები აქვს, რაც მოსკოვსა და პეკინის ურთიერთობებში არათანასწორი პოზიციების გაჩენაზე მიუთითებს.

ევროპული ენერგოკრიზისი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებით არ შემოიფარგლება, კრიზისი მსოფლიოს სხვა რეგიონებზეც ნეგატიურად იმოქმედებს, მაგალითად, აფრიკაზე, ლათინურ ამერიკაზე, ახლო აღმოსავლეთზე და ა.შ. ენერგოკრიზისი სხვა სფეროების კრიზისსაც იწვევს, მაგალითად, სურსათის წარმოებაში. თუ სასუქები არ იქნება, სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოიკლებს.

რადგანაც ევროკავშირს საკუთარი ეკონომიკის სტაბილიზება არ შეუძლია, მას ამერიკა უნდა დაეხმაროს, მაგალითად, მეტი თხევადი გაზის იაფად მიწოდებით. მაგრამ თქმა იოლია, გაკეთება კი ძნელი. ამერიკელებს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაუცნობიერებიათ ის, თუ რამდენად გაიზარდა ფასები საკუთარ ქვეყანაში. მიმდინარე წელს აშშ-ში გაზის ტარიფმა სამჯერ მოიმატა და, ალბათ, კიდევ მოიმატებს. რადგანაც ევროპისა და აზიის ქვეყნები მზად არიან ამერიკულ თხევად გაზში მომატებული ფასები გადაიხადონ, მაშინ ექსპორტის მოცულობა გაიზრდება და შიდა ფასების ზრდაც შენარჩუნდება. ამერიკელ პოლიტიკოსებს მოუწევთ იმაზე დაფიქრება, რომ ექსპორტი შეამცირონ და საკუთარ მომხმარებელთა ინტერესები უზრუნველყონ.

იმ პირობებში, როცა ევროპა სუსტდება, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეკონომიკური მოკავშირეების წრე უნდა გააფართოვონ ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორებიცაა გაერო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს ნიშნავს, რომ ამერიკას აქტიურად მოუწევს კარგი დამოკიდებულების ძიება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ინდოეთი, ინდონეზია და ბრაზილია. მაგრამ ევროკავშირის ჩანაცვლება ძნელი იქნება - აშშ ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა ევროპის კონტინენტთან თანამშრომლობითა და საერთო ინტერესებით და რამდენადაც დემოკრატიული ევროპის გავლენა და წონა შემცირდება, ვაშინგტონს უფრო მეტი წინააღმდეგობა ექნება ამერიკული საერთაშორისო წესრიგის რეალიზებაში, რომელიც, ევროპის მსგავსად, უპირატესობას ასევე დემოკრატიას ანიჭებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ