"მოენეები ხმებს ყრიან, რომ საქართველოს საზღვრამდე, რიგების გამო, ავტომანქანით მიღწევა შეუძლებელია და ხალხს ველოსიპედების ყიდვას სთავაზობენ - 800 დოლარად" - რა ხდება ლარსზე? - კვირის პალიტრა

"მოენეები ხმებს ყრიან, რომ საქართველოს საზღვრამდე, რიგების გამო, ავტომანქანით მიღწევა შეუძლებელია და ხალხს ველოსიპედების ყიდვას სთავაზობენ - 800 დოლარად" - რა ხდება ლარსზე?

რა ხდება ლარსზე? ამ კითხვაზე პასუხი საქართველოსთვის პროტესტიც არის და თანაგრძნობაც: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ოკუპირებულ ქვეყანაში სიკვდილისაგან თავდასახსნელად მოდიან. ისინი ხომ იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელმაც ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე მისივე ხელით ჩახოცილი ჩვენიანები დაგვატოვებინა. ჩვენ სისხლით და ცრემლით მოვდიოდით, ისინი კი ბედნიერად შემოდიან. ანუ, განსხვავება ენითაუწერელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი იმ ადამიანებმა არ უნდა აგონ, რომლებმაც არც კი იციან, მათთვის გაუგებარ ომში სასიკვდილოდ რისთვის უშვებენ.

პარალელურად, ლარსის "კულუარები" კიდევ ერთ გლობალურ მოვლენას აფიქსირებს: რუსული იმპერიის ძირმომპალობას, რომელსაც საკუთარი პოლიცია უთხრის ძირს. რასაც ამ მონაკვეთზე დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს. თუკი, რა თქმა უნდა, დაკვირვებისთვის აქ ვინმეს "სცხელა". საზოგადოებრივი ტელევიზიის ფოტორეპორტიორს, მირიან მელაძეს კი თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში ლარსზე ყოფნა ბიძაშვილის დახვედრის გამო მოუწია. სწორედ ის არის ლარსის იმ ღამის ფოტოების ავტორი, რომელიც საერთაშორისო მედიამ აიტაცა და რომელშიც ნათლად ჩანს დღევანდელი ლარსის დრამა.

- ამჟამინდელი ლარსი ისტორიაში ნამდვილად დარჩება, თუმცა, ჩვენთვის ის დღევანდელი ადამიანური ემოციებითაც არის მნიშვნელოვანი. რა განცდაა რიგითი ქართველისთვის მთელი ღამე დღევანდელი ლარსის ყურება?

- წინააღმდეგობრივი. ამის გამოსახატად, ოკუპანტი ქვეყნის ის დამცირებაც კმარა, რომ მისი ხალხი ხსნას მისსავე ოკუპირებულ ქვეყანაში ეძებს. თავიდან, როდესაც ეტლებით მომავალი ჩვილბავშვიანი ქალები დავინახე, თანაგრძნობა მქონდა. მერე კი, სოხუმთან შედარება დავიწყე. მიუხედვად იმისა, რომ ეს ამბები კარგად არც კი მახსოვს. ენით აღუწერელი განსხვავებაა: რუსები საზღვარზე გადმოსვლისას იღიმიან და შვებით სუნთქავენ, ჩვენ კი, საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილები, სისხლით და ცრემლით მოვდიოდით. ამ ფიქრით გავღიზიანდი და ვკითხე კიდეც რუსებს, რატომ მოდიხარ-მეთქი? პირდაპირ მითხრეს, - გაუგებარია, რისთვის და რატომ უნდა დავიხოცოთო. ამ ხალხს არ ვამტყუნებ, მაგრამ ერთი ფიქრიც არ მშორდება: თუ უკეთესი სამშობლო უნდათ, თავის საშველად არ უნდა გაიქცნენ, ხელისუფლებას უნდა ებრძოლონ, თუმცა, ისიც გასაგებია, რომ მსგავსი კატეგორია სულ იქნება.

- რა თქმა უნდა, 2008 წელს წითელ ხიდზე, ჩვენშიც ბევრი გარბოდა თავის გადასარჩენად.

- ეს მეც კარგად მახსოვს, ნამდვილად. თუმცა, პატარა ქვეყანა ვართ და არა მგონია, ჩვენს მეზობლებს ის მომენტი გასჩენოდათ, რაც მე გამიჩნდა. ხალხის ამხელა ნაკადს რომ ვუყურებდი, გამუდმებით ვფიქრობდი, რა უნდა ვუყოთ ამ ხალხს, სად დაეტევიან-მეთქი? ეს ათეულკილომეტრიანი რიგები, მართლაც წარმოუდგენელი რაოდენობაა: პირადად მე, ბიძაშვილს საღამოს 5 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე ველოდებოდი და როდესაც ძილს ვუმკლავდებოდი, დაახლოებით 3000 კაცი მაინც დავაფიქსირე ჩვენკენ გადმოსული. სხვა ხალხიც ხომ გადმოვიდა, სხვა ათიათასები! იმედი მაქვს, რომ ამ ათიათასებიდან ყველა ჩვენთან არ გაჩერდება და მეზობელ ქვეყნებში გადანაწილდება. აი, ასეთი წინააღმდეგობრივი განცდებია. ფოტოებშიც იგივე დავაფიქსირე.

- ცხადია, რუსეთიდან მხოლოდ ეროვნებით რუსი მოქალაქეები არ მოდიან თავის საშველად.

- რასაკვირველია. საზღვარზე მდგარ ავტომანქანებში დაახლოებით 10 ავტომანქანიდან 4 სომხურნომრიანი დავითვალე. ანუ, აქ სომხებიც ძალიან ბევრნი არიან.

- ქართველები? ცუდია ეს თუ კარგი, ისტორიულად, ქართველები ომებს არ გაურბოდნენ.

- წარმოიდგინეთ, რომ მეც ასე მომეჩვენა, - ჩემს იქ ყოფნაში, ყოველ შემთხვევაში, ქართველთა შედარებით მცირე რაოდენობა შემოვიდა. თუმცა, ეს მხოლოდ დროის ერთი მონაკვეთი იყო. ზოგადად, ჩვენკენ კილომეტრიანი რიგები ავტომანქანებითაც მოემართება და ფეხითაც. ზოგიერთი საზღვარზე ტოვებს ავტომობილს. საქმე ის არის, რომ ირგვლივ, ასე ვთქვათ, მოენეები დადიან, რომლებიც ხმებს ყრიან, რომ საქართველოს საზღვრამდე რიგების გამო ავტომანქანით მიღწევა შეუძლებელია. გზის შესამსუბუქებლად კი ხალხს ველოსიპედების ყიდვას სთავაზობენ, რაშიც 800 დოლარს ითხოვენ. რაზეც ბევრი თანხმდება. მაგალითად, ჩემმა ბიძაშვილმა ველოსიპედში 800 დოლარი გადაიხადა.

- ფულის კეთების წყარო უშოვია რუსულ პოლიციას, - ათიათასობით ველოსიპედის ცეცხლის ფასად გაყიდვა, კარგ შემოსავალს გაუჩენთ.

- ასეა. მით უფრო, რომ, როგორც ვხვდები, ერთსა და იმავე ველოსიპედს რამდენჯერმე ყიდიან.

- ანუ, როგორ?

- როგორც საზღვარზე გადმოსულებმა მიამბეს, ამისთვის სპეციალური სქემა აქვთ მოფიქრებული. ვლადიკავკაზიდან ლარსამდე, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, პოლიციის უამრავი პუნქტია მოწყობილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ავტომანქანების რიგებს ხელოვნურად ქმნიან. რის ფონზეც, ველოსიპედებს ჰყიდიან სარფიანად.

- ამ საქმეს რუსი ეროვნების პოლიციელები მართავენ?

- ზოგადად, ამ მონაკვეთზე, როგორც ვიცი, უფრო მეტად ჩრდილოოსური პოლიცია დგას. რა თქმა უნდა, რუსებიც არიან. სავალდებულო სულაც არ არის, რომ ველოსიპედები პირადად გაყიდონ, მაგრამ სისტემაა შექმნილი და ყველფერი მათი ხელდასხმით იყიდება. რაც ყველაზე უარესია, გზის მომდევნო მონაკვეთში, უკვე სხვა ხალხი ჩნდება, რომლებიც ველოსიპედით მოსიარულეებს საქართველოს საზღვარზე ფეხით სწრაფად გადასვლას "მოვლითი" გზებით სთავაზობს, რაშიც, რა თქმა უნდა, ფულს ითხოვენ. და როგორ ფიქრობთ, საათობით რიგებში დაღლილი ხალხი რას გააკეთებს ამ დროს? რა თქმა უნდა, ყველაფერს გაიღებს, რომ საქართველოში სწრაფად შემოვიდეს. ჩემმა ბიძაშვილმაც იგივე გააკეთა. თუმცა, "გამყოლს" ფულის სანაცვლოდ ველოსიპედი შესთავაზა, - ფული არ გვაქვს, მაგრამ სანაცვლოდ ველოსიპედს მოგცემთო. იმ კაცმაც გამოართვა ველოსიპედი, რომელსაც სავარაუდოდ, ვინ იცის, მერამდენეჯერ ყიდდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს ბიძაშვილს ველოსიპედის გადაცემაზე უარი რომ ეთქვა, რაღაც მიზეზს გამოუძებნიდნენ და გააჩერებდნენ. მათ ველოსპედის სანაცვლოდ "გამოაცილეს", მაგრამ რამდენად "სწრაფად", ეგ ღმერთმა იცის, კაცს საზღვარზე 34 საათი ველოდე.

- მძიმე ამბავია, თუმცა, ამ ამბიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რუსეთს, რომლის პოლიცია ასე ლპება და ღალატობს, ნამდვილად აღარაფერი ეშველება. ახლა თქვენი ბიძაშვილის ემოციაზე მითხარით სამშობლოში დაბრუნებისას.

- პირადი ემოციების გარდა, რაც შეხვედრის დროს ბევრი გვქონდა, ერთ რამეს გეტყვით: მოშიებულს იქვე ჩვენებური ლობიანი და ცნობილი გაზიანი სასმელი დავახვედრე, რომლის დანახვაზე გულიანად გაეცინა და მითხრა, - შენ გაიხარე, რამდენი ხანია, ეს თვალით აღარ მინახავს, რუსეთი უკვე დიდი ხანია დატოვაო. ეს არის იმ ემოციების ფინალი, რაც შეიძლება ლარსზე ნახო. მოხარული ვარ, თუ ეს განწყობა ჩემი ფოტოებითაც გადმოვეცი. ვისურვებდი, ეს ყველაფერი სწრაფად, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ დასრულდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)